კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ისევ ქუჩაში გამოვიდა

17 აპრილი, 2007

aqciab.gif

თბილისი ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დედაქალაქის მოსახლეობა ამჯერად კომუნალურ გადასახადებზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებს. აქციები 17 აპრილს ერთდროულად პარლამენტისა და თბილისის მერიის შენობებთან გაიმართა. მასში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ღებულობდნენ მონაწილეობას. ყველას მოთხოვნა ერთია - მოგვეცით არსებობის უფლება.          

სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ პარლამენტის შენობასთან შეკრება დილის 11 საათისთვის დაიწყო. მათ ამჯერად არც ტრანსფარანტები გამოუფენით და არც მეგაფონებით გამოსულან. მათ მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, თუმცა, აცხადებენ, რომ მსგავსი აქციები პერმანენტულად გაიმართება და თუ ხელისუფლება მათი პრობლემებით არ დაინტერესდება, მასობრივ შიმშილობსა დაიწყებენ.

აქცია სხვადასხვა კატეგორიისგან შედგებოდა. იქ იყვნენ პედაგოგები, პენსიონერები, უმუშევრები, ინვალიდები, ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი დედები და რიგითი მოქალაქეები. 76 წლის პენსიონერი, პროფესიით ინჟინერი ნაზი ლეჟავა აქციას იმ მიზეზით შეუერთდა, რომ საკუთარ ქვეყანაში მათხოვრად ცხოვრება მობეზრდა: „პენსია წესიერად არ გავქვს და გადასახადებს გვიზრდიან. ერთი შვილი ინჟინერი მყავს, მეორე იურისტი. ორივე უმუშევარია. ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 48 ლარია. ამ თანხით 3 ადამიანს გაგვაქვს თავი. ზოგჯერ ძმიშვილი მეხმარება. როდემდე ვიმათხოვრო? მათხოვრობა ქართველების საქმე არ არის, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს.“ 

პენსიონერებთან ერთად აქციაზე ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. ისინი ხელისუფლებისგან დასაქმებას ითხოვენ. კონსტანტინე გარსოიანი, 30 წლის: „დიდი ხანი ევროპაში ვცხოვრობდი. აქ ჩამოვედი, მეგონა კარგ პირებებში მომიწევდა ცხოვრება. ახალგაზრდა კაცი ვარ და ვერც სამსახურს ვშოულობ და თავის სარჩენი არანაირი საშუალება არ მაქვს. მარტო მე კარგად ყოფნა რად მინდა თუ ირგვლივ ავადმყოფები, მშივრები, უმწეოები და მათხოვრები მეყოლება.“ 

პედაგოგები კი იმ წვლილის დაფასებას ითხოვენ, რაც მათ საქარველოს მომავალი თაობებისთვის გაუკეთებიათ. მერი გიგაშვილი, პედაგოგი: „აქ იმიტომ ვარ, რომ ძალიან მიჭირს. ამდენი გადასახადი არსებობს და ფასები ყოველ დღე იზრდება.  რითი ვიკვებოთ და საერთოდ, რითი ვიარსებოთ? როგორ გადავიხადო უკვე მერამდენედ გაზრდილი გადასახადები, არ ვიცი. პენსიონერი მასწავლებლების ოჯახი ვართ და შემიძლია ვთქვა რომ გვშია. ასე არიან სხვა პენსიონერ- მასწავლებელთა ოჯახებიც. ვითხოვ, პირობები გაგვიუმჯობესონ. მუშაობის ამდენი წლის სტაჟი რომ გვაქვს არ უნდა მოგვხედონ? სასწაულს რას ვითხოვთ. მოგვცენ იმისი საშუალება, რომ ვიარსებოთ და შიმშილით არ დავიხოცოთ. 38 ლარინი პენსიით გადასახადები გადავიხადო თუ პური ვიყოდო? ასეა ჩემი მეუღლეც. 42 წლიანი სტაჟი აქვს და საარსებო მინიმუმიც კი არ გაგვაჩნია. ეს მთავრობა იმიტომ მოვიდა, რომ ხალხისთვის მიექცია ყურადღება და მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, ხალხი დაუსაქმებელია და გადასახადებს აძვირებენ, როგორ უნდა გადავიხადოთ? მოვიპაროთ თუ რა ვქნათ?“  

პარლამენტის შენობის პარალელურად,  იმავე დღეს, მეორე საპროტესტო აქცია მერიის შენობასთან გაიმართა.  მისი ორგანიზატორი საქართველოს ლეიბორისტები იყვნენ. მერიასთან შეკრებილები თბილისის ისტორიულ უბნებში ახალი მოსაკრებლის შემოღებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან უკეთეს საქართველოში  ცხოვრებას ითხოვენ. მოგვიანებით პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გეზი მერიისკენ აიღეს და იქ ერთიანი აქცია გამართეს.  მოთხოვნა კი ერთი იყო - შეგვიქმნან ცხოვრების უკეთესი პირობები. თუ ამას ვერ ახერხებენ, როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ.

არცერთ აქციას, არც პარლამენტისა და არც მერიის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. აქციის მონაწილეებს პატრულის თანამშრომლები აკონტოლებდნენ. მერიასთან გამოსვლები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. აქციის მონაწილეები იმ პირობით დაიშალნენ, რომ მსგავსი აქციები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. უფრო მეტიც, ისინი ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანასაც გეგვამენ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველი ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი აქცია მშვიდობიანი იქნება და მას გამაფრთხილებელი და ხელისუფლების აზრზე მოსასავლელი აქცია ერქმევა. თუ ჩვენი „ძვირფასი“ მთავრობა მოსახლეობის შიმშილით ამოხოცვას და გადასახადების კატასტროფული ტემპით ზრდას არ შეწყვეტს, უკვე არაფერი დაგვრჩენია. შიმშილით დავიხოცებით თუ ამათთან ბრძოლას შევაკვდებით, სულ ერთია. ქართველი ხალხის ამოჟლეტვას არ ვაპატიებთ,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა აქციის მონაწილე ბესიკ ლაცაბიძემ.
       
რაც შეეხება გადასახადებს, 1 მაისიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირის კიდევ ერთხელ გაძვირებული საფასურის გადახდა მოუწევს; ამას ემატება წყალზე მრიცხველების დამონტაჟება, რომლის „გემოსაც“ მოსახლეობა მალე გაიგებს; სავარაუდოდ მაისიდან 2-ჯერ გაძვირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე მოსალოდნელია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტარიფების გაზრდა.         

ეკა გულუა

ახალი ამბები