კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძალადე თუ მომავლისათვის მზრუნველი მშობლები?

18 აპრილი, 2007

pupeb.gifძალადობა და მით უმეტეს ძალადობა ბავშვებზე, სწორედ ის პრობლემაა, რომლის უყურადღებოდ დატოვება, მომავალში ქვეყანას საკმაოდ დიდ თავსატეხს გაუჩენს. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, უმეტეს შემთხვევაში თავად იზრდებიან მოძალადეებად და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ პიროვნებებად ყალიბდებიან. შეიძლება მკითხველს გაუკვირდეს და გადამეტებულ ნათქვამადაც ჩათვალოს, მაგრამ ხშირად, მოძალადეებად სწორედ მშობლები გვევლინებიან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კითხვებს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე ერთადერთი ორგანიზაციის, „ბავშვთა დახმარების ცენტრის“ ფსიქოლოგი, ქეთევან თავართქილაძე პასუხობს.

ჟურნალისტი:ქალბატონო ქეთევან, წინა წლებს თუ შევადარებთ, დღესდღეობით რა სიხშირით მოგმართავენ დაზარალებულები? 

ქეთევან თავართქილაძე: წინა წლებთან შედარებით, დაზარალებულები უფრო და უფრო ხშირად გვაკითხავენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ძალადობის ფაქტები გაიზარდა და მომართვის რიცხვმაც ამიტომ იმატა. უბრალოდ ვფიქრობ, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერება შედარებით ამაღლდა და ხალხმა შეიგნო, რომ ძალადობის შემთხვევები კი არ უნდა დაიმალოს, არამედ მისი გადაჭრისა და აღმოფხვრის გზები სხვა, ამ საკითხში უფრო გათვითცნობიერებული ადამიანების დახმარებით უნდა იპოვონ. გარდა ამისა, ადრე ფესვგადგმული იყო ის დამოკიდებულება, რომ მშობელს შეეძლო ეცემა შვილი, ფიზიკური ტკივილი მიეყენებინა და მას სულაც არ ჩაეთვალა, რომ მისი ქმედება იგივე ძალადობა იყო. და კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა: ხშირად, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ამას მშობლები არაფრად აგდებდნენ და თვლიდნენ, რომ ეს ისევ თავიანთი შვილისთვის იყო სასარგებლო. მაგრამ ესეც ხომ ჩვეულებრივი ძალადობაა. სწორედ ასეთი „უწყინარი“ ძალადობის ფონზე ბავშვს შემდგომში ათასი კომპლექსი უყალიბდება.

-როგორ ფიქრობთ, რა იწვევს, ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს?

ქ.თ.: სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოში ძალადობის გამომწვევი მთელი რიგი ფაქტორებია: ეს არის ეკონომიური პრობლემები, პოლიტიკური არასტაბილურობა, უმუშევრობა, დაბალი კულტურა, აგრესია...

- საინტერესოა, როგორ მოგმართავენ დაზარალებულები? იქიდან გამომდინარე, რომ ისინი პატარები არიან, ალბათ ბავშვები უფროსების დახმარებით ხვდებიან თქვენთან. 

ქ.თ.: მშობლებს შვილები ფსიქოლოგებთან, როგორც წესი, არა ძალადობის, არამედ სხვა პრობლემის გამო მოჰყავთ. მაგალითად როგორიცაა, ნერვიული შეტევები, ცუდი ჩვევები (მაგ. ფრჩხილების კვნეტა) და ა.შ. მაგრამ შემდეგ, კვლევების შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ყველა ეს თვისება ისევ და ისევ მშობლის გამოა გამოწვეულია, რომელიც ქვეცნობიერად თუ ცნობიერად შვილზე ძალადობს.
ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე სკოლაში კვლევა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ ბავშვების 61 % ოჯახებში ემოციურ ძალადობას განიცდის. მსუბუქი ფიზიკური ძალადობა - 27 % - ს, საშუალო სიმძიმის - 14 % - ს, მძიმე ფიზიკური ძალადობა კი 13 % - შეადგენს.

- თუ მოუმართავთ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში?

ქ.თ.: პირდაპირ სექსუალურ ძალადობაზე მომართვა ძალიან იშვითად ხდება. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც დედას ჰქონდა ეჭვი, რომ მის შვილზე სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა. ბავშვის გამოკითხვის შემდეგ გამოიკვეთა, რომ სავარაუდოდ, მართლაც შეიძლებოდა მასზე სექსუალურ ძალადობას ჰქონოდა ადგილი. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ პრობლემაში უფრო სერიოზულად ჩავერეოდით, მაგრამ მან მოკიდა შვილს ხელი და წავიდა. უარი გვითხრა, შეშინდა, არ უნდოდა, ამის შესახებ მის მეუღლეს გაეგო. ამ თემას მაინც ტაბუ აქვს დადებული.

- რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული ისეთი ორგანიზაციების შესახებ, სადაც მათ დახმარებას გაუწევენ?

ქ.თ.: გამოკითხვა ჩავატარეთ, სადაც გამოიკვეთა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა იცის თუ რა არის ძალადობა და რომ არსებობს ორგანიზაციები, სადაც ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაა შესაძლებელი.

- როგორია მსხვერპლთან მუშაობის შედეგები?

ქ.თ.: ბავშვები, როგორც წესი, საკმაოდ დამყოლები არიან. თუკი მათ აჩვენებ, რომ დახმარება შეგიძლია, უმეტეს შემთხვევაში, ისინი ნდობას გიცხადებენ. ბავშვის ფსიქიკას აქვს ერთი ძალიან ღირებული თავისებურება: ის ძალიან იოლად ინგრევა, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ასევე იოლად შეიძლება მისი აღდგენა. დადებითი შედეგები ნამდვიალად არის. უბრალოდ ხშირად ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ მშობელს, რაც არ უნდა კორექტულად აუხსნა, რომ არ შეიძლება ბავშვის ცემა, რომ ბავშვზე ცუდად მოქმედებს გამუდმებული ბილწსიტყვაობა, მან უბრალოდ შეიძლება, პროტესტის ნიშნად მოკიდოს ბავშვს ხელი და წავიდეს. ჩვენ, რომც მივაკითხოთ მათ სახლში, უფლება აქვს არ შეგვიშვას. სახელმწიფო უწყებები ამ შემთხვევაში უფრო გახსნილები არიან. მათ კანონი აძლევს იმის უფლებას, რომ ოფიცილაურად მოითხოვონ სიტუაციის გარკვევა. თუმცა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მივდივართ ოჯახებში, იქაურ გარემოს ვსწავლობთ და ხშირად ამას დადებითი შედეგი მოაქვს. გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც თვითონ ბავშვმა დარეკა, რომ მასზე ოჯახში ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა. იმის გამო, რომ ეშინოდა, სახლში ამ ზარის შესახებ არ შეეტყოთ, მას სკოლაში მივაკითხეთ. შემდეგ შემოვლითი გზებით დედაც ვნახეთ და საბოლოოდ დადებით შედეგიც მივირეთ.

- ბავშვთა სახლებზე თუ ხორციელდება მონიტორინგი?

ქ.თ.: თავდაპირველად ჩვენ კონკრეტულად ამ განხრით ვმუშაობდით. თუკი აღმოჩნდება, რომ ბავშვთა სახლის რომელიმე აღსაზრდელს ჩვენი დახმარება სჭირდება, ბავშვი მოგვყავს და მასთან ინდივიდუალურ მუშაობას ვეწევით. 

- როდესაც ძალადობა ოჯახში ხორციელდება, ამ შემთხვევაში ალბათ მხოლოდ ბავშვისთვის დახმარების გაწევა, საკმარისი ვერ იქნება...

ქ.თ.: ჩვენ, როგორც წესი, ბავშვებთან ერთად მშობლებთანაც ვმუშაობთ, რადგან ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ისე ვერ გამოვასწორებ, თუკი მშობელი მასზე ისევ განახორციელებს ძალადობას. პაციენტთან მუშაობის შემდეგ, მონიტორინგი ხორციელდება, ანუ როგორ მიმდინარეობს მშობლისა და ბავშვის შემდგომი ურთიერთობა. მშობლებისაგან ალბათ თქვენც ხშირად გსმენიათ,, აბა, თუ არ ვცემე, სხვანაირად ვერ ვაგებინებო... ამ ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული, ასეთ ქმედებებს რა შეიძლება მოჰყვეს. ის, რომ იმ წუთას ბავშვს დაიმორჩილებ, ატკენ და გაიმარჯვებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მის მომავალ განვითარებას შეუწყობ ხელს. პირიქით, ამ დროს ბავშვის ტვინის განვითარების შესაძლებლობები კიდევ უფრო იზღუდება.

- როგორ პიროვნებებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ ძალადობა განცდილი ბავშვები?

ქ.თ.: არსებობს ძალადობის უშუალო და შორეული შედეგები: უშუალო შედეგებს ძირითადად სიმპტომების ხასიათი აქვს, მაგრამ რაც შეეხება შორეულ შედეგს, ეს უკვე ადამიანის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. ამ დროს ვლინდება ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევები, სხვადასხვა სახის კომპლექსები. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვობაში ძალადობა განცდილი ადამიანები, თვითონვე იქცევიან მოძალადეებად. მსოფლიო კვლევებმა ცხადყო, რომ კრიმინალთა 70 % ბავშვობაში სწორედ ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, მომავალში სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადახრებით ხასიათდებაინ. მათ არასრულფასოვნების კომპლექსი უყალიბდებათ, რაც შემდგომში ძალადობის სურვილში იზრდება. ამიტომ, ვთვლი, ძალადობის მსხვერპლს, და მით უმეტეს ბავშვს, აუცილებლად უნდა გაეწიოს ფსიქოლოგიური დახმარება, რათა შემდგომში მან საზოგადოებაში ინტეგრირება სრულყოფილად მოახერხოს. მთავარი, რაც მინდა ვთქვა, იქნება ეს მშობელი, მასწავლებელი თუ ჟურნალისტი, მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესებისაკენ. ჩვენი ყველას ვალდებულებაა მინიმუმამდე დავიყვანოთ ბავშვებზე ძალადობის ფაქტები, რათა მომავალში ჯანსაღი ფსიქიკის თაობა მივიღოთ.

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები