კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარების სიკვდილიანობა კატასტროფულად მატულობს

19 აპრილი, 2007

sikvdilib.gif

პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკა კატასტროფულია. 3 თვეში გარდაცვლილი 28 პატიმარი - ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლები არავის ახსოვს. ეს 2007 წლის მხოლოდ პირველი 3 თვის სტატისტიკაა. სულ რამდენიმე დღის წინ კი ერთ დღეს ერთდროულად 3 პატიმარი გარდაიცვალა. ექსპერტები სასჯელთაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას კატასტრუფულს უწოდებენ და სასწრაფო ზომების მიღებაზე საუბრობენ.   

კვირა ისე არ გავა, რომ იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციები არ გაავრცელის. ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალობას არ ასახავს და გარდაცვალების შემთვევები უფრო ხშირია. თუმცა, არსებული სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. 

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ  სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმართა ისტორიებს, ასეთია: ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარ ვლადიმერ ქ-ს მწვავე ნაწლავური ინფექცია, ჰიპოვოლემიუსი შოკი და პროსტატის ადენომა აღენიშნებოდა. ის მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს;

მეორე გარდაცვლილი პატიმარი 45 წლის იყო. მისი დიაგნოზი ნაწლავური ინფექცია, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, აივ-ინფექვია/შიდსი, ფარინგომიკოზი იყო. ის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით იყო დაკავებული და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.  

მესამე გარდაცვლილი პატიმარის ასაკი 42 წელია. ის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. პატიმარ გენადი შ-ს
აღენიშნებოდა ფილტვების ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში, რეზისტენტული ფორმა. ექიმთა დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზის შედეგად განვითარებული სისხლდენა გახდა.  მას ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით 20 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები სასჯელს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის იხდიან, ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ მათთვის სიცოცხლის აკრძალვის უფლება არავის აქვს. მათივე კომენტარებით, პატიმრები ისეთ პირობებში ცხოვრობენ, წარმოუდგენელია, ჯანმრთელი ადამიანი არ დაავადდე.  
  
პატიმართა გარდაცვალებით შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. ის წუხს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ არაადეკვატურია.

ელენე თევდორაძე: „3 თვეში გარდაცვლილი 28 ადამიანი ნამდვილად კატასტროფული რიცხვია. რამდენიმე დღის წინ, 3 პატიმარი ერთ დღეს გარდაიცვალა, ისინი ძალიანი მძიმე ავადმყოფები იყვნენ, მაგრამ ჩვენი კანონი იუსტიციის სამინისტროს საშუალებას აძლევს, ასეთი ავადმყოფები ვადაზე ადრე  გაათავისუფლონ. ელემენტარულად, ჩასატარებელია სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მიმართვა სასამართლოში, რასაც ძირითადად არ იყენებენ. არის შემთხვევები, როდესაც პატიმრები სამკურნალო დაწესებულებებში მხოლოდ მაშინ დაგაჰყავთ, როცა უკიდირესი ვითარებაა. ეს ხდება იმიტომ , რომ ჩვენი საავადმყოფო გათვლილია დაახლოებიუთ 200 ადამიანზე, არადა იქ 400 ადამიანზე მეტია მოთავსებული და  ადგილი არ არის. როდესაც ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ სხვა ავადმყოფის ხარჯზე ხდება მისი გადაყვანა სამურნალო დაწესებულებაში. სამწუხაროდ,  ძალიან გულგატეხილი ვარ. დამოკიდებულება ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ, არ ფასობს. საქართველოში არ ფასობს ადამიანი. მესმის, რომ ძალიან ბევრი კეთდება, მაგრამ სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება.“

გარდაცვალებულ პატიმართა რაოდენობის გამო ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციაც აკრიტიკებს. მემარჯვენე ოპოზიციონერ მანანა ნაჭყებიას თქმით, ქვეყანაში პირველი პრობლება სწორედ სასჯელთაღსრულების სისტემაა:
„ხელისუფლებამ ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, პატიმრობაც ბიუჯეტის შევსებისა და  ფულის ამოღების წყაროდ აქცია. უმეტეს შემთხვაში ადამიანები იმისთვის არიან დაპატიმრებულები, რომ შემდეგ საპროცესო გარიგებების შედეგად მათგან ფული ამოიღონ.  ამას ემატება საპატიმროებში არსებული მძიმე მდგომარეობა, რასაც პატიმართა ერთი ნაწილი ვერ უძლებს და თავს იკლავს. ჩვენი ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს რეფორმების თვალსაზრისით პირველ ადგილზე სად ვართ და შესაბამისი დასკვნები ისე გააკეთოს.“  

პატიმართა გარდაცვალების 2007 წლის სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევენ ბეჟაშვილიც. მისი თქმით: „ამ წლის სტატისტიკა მართალაც რომ საგანგაშოა. ამ ციფრებით კომპეტენტური თანამდებობის პირები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და გაარკვიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღეს ჩვენი პენიტენციალური დაწესებულებები ვერ პასუხობენ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. საპატიმრო დაესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად გადასახალისებელია როგორც რეჟიმის უზრუნველყოფის, ასევე  თანამედროვე საყოფაცხოვრებო პირობების  თვალსაზრისით. ამ მხრივ საკმაოდ ბევრიც კეთდება. იგივე 2 ახალი ციხის გახსნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.“  

იუსტიციის სამინისტროში გარდაცვლილ პატიმართა აღნიშნულ რაოდენობას იმით ხსნიან, რომ პატიმართა რიცხვი 3-4-ჯერ არის გაზრდილი. ბოლო 5 წლის სტატისტიკა კი ასეთია: 2007 წლის 1 აპრილის მდგომარეობით 16 638 პატიმარი, გარდაცვლილი - 28; 2006 წელი - 15423 პატიმარი, გარდაცვლილი - 92; 2005 წელი - 8895 პატიმარი, გარდაცვლილი - 46; 2004 წელი - 7200 პატიმარი, გარდაცვლილი - 43. 2003 წელი - 6274 პატიმარი, გარდაცვლილი - 52.

ის, რომ პატიმრები არასათანადო პირობებში იმყოფებიან სახალხო დამცველმაც არაერთხელ დაადასტურა. 6 აპრილს ომბუცმენის  წარმომადგენლებმა ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება მოინახულეს.
 მონიტორინგის შედეგად, პატიმრები მძიმე პირობებში იმყოფებიან. კერძოდ:
1. საკნებში არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, ონკანებიდან დასალევად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც პატიმართა განცხადებით მსჯავრდებულთა უმეტესობა დიზინტერიით არის დაავადებული.
2. პატიმრებს არა აქვთ მიმოწერის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად „მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღოს და გააგზავნოს წერილები.“
3. ყოფილი #8-ე საპყრობილის ტერიტორიაზე განთავსებულია საკნები, რომელთაც არა აქვთ გადახურული დერეფანი და საკნებში პატარა ეზოდან არის შესასვლელი, საკნები ნესტიანია. 
4. საპყრობილეში განთავსებული მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ არ ხდება მათი კანონით გათვალისწინებული გასეირნება. 43-ე მუხლით, მსჯავრდებულს, რომელიც რეჟიმის, ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
5. მსჯავრდებულების განცხადებით საკვები, რომელიც მათ მიეწოდებათ, უვარგისია. საკვების მდარე ხარისხში დაწესებულებაში მონიტორინგზე მისული სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც დარწმუნდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან პატიმრებმა ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზეც ისაუბრეს.

ეკა გულუა   

ახალი ამბები