კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილები საბავშვო ბაღის დატოვებას არ აპირებენ

20 აპრილი, 2007

devnilebib.gif

აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებლის გარეშე რჩებიან. ქ. გორში, საკრებულოს მიერ, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე # 12 საბავშვო ბაღის შენობაში 1998 წელს შესახლებული აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე რჩება. მათ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 13 აპრილს უკვე მიიღეს წერილი ადგილის გამოთავისუფლების შესახებ.

საბავშვო ბაღის შენობა 800 კვ. მეტრია, აქედან შენობის დიდი ნაწილი იჯარით გორის ინვალიდთა კლუბმა 2005 წელს აიღო. დევნილების ადვოკატის ნინო ჩუხრუკიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ინვალიდთა კლუბმა იაპონელებისგან შენობის რეაბილიტაციისთვის გრანტის სახით 100 ათასი ევრო მოიპოვა, დევნილებს შენობის დათმობას სთხოვენ.

როგორც დევნილები აცხადებენ, იაპონელებს არ მოსწონებიათ შენობაში  ლტოლვილებიც რომ სახლობენ. ინვალიდთა კლუბის ხელმძღვანელის თინა ბრეგვაძის თქმით, თუკი ლტოლვილების გასახლება არ მოხდებოდა, ისინი იაპონელებისგან გრანტს ვეღარ მიიღებდნენ.

„ბრეგვაძე გვეუბნებოდა, რომ  ჩვენ  საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველგვყოფდა. მინდა, საკუთარი ჭერი გქონდეთო და სახლებსაც კი დავეძებდით საყიდლად. ამის შემდეგ ბრეგვაძემ გორის მუნიციპალიტეტს არაერთი წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ისინი დიდი ხანია ელოდებიან ასეთი სახის გრანტს, მაგარმ ათვისებას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ საბავშვო ბაღის შენობაში მათი ორგანიზაციის გარდა ფართს დევნილების სამი ოჯახი იკავებს და მუნიციპალიტეტს სთხოვს უზრუნველყოს მათი გამოსახლება. ხელისუფლება აქამდე ჩვენს გვერდით იდგა, მაგრამ ახლა ჩვენი გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო,“ - ამბობს ერთ-ერთი დევნილი ირმა მაისურაძე.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის  ვასილ მახარაშვილის  განკარგულება გამოსახლების შესახებ დევნილებმა  13 აპრილს, პარასკევ დღეს ჩაიბარეს. მათ მუნიციპალიტეტის გამგეობამ შენობის დასატოვებლად სამი დღის ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იძულებით გაიყვანდნენ. გამოსახლების მოტივი იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტია.

„აღნიშნული პროექტის მიხედვით,  თქვენი შენობაში დატოვება დროებით საცხოვრებლად დაუშვებელია,“ - წერს მახარაშვილი.

„სულ 16 სული ვართ, 8 პატარა ბავშვი გვყავს. რაც თინა ბრეგვაძემ საბავშვო ბაღის შენობა იჯარით აიღო, ჩვენს გასახლებაზე ლაპარაკი დაიწყო. ჯერ საცხოვრებელ ბინებს შეგვპირდა, მერე გამგეობას მიმართა ჩვენი გასახლების მოთხოვნით. ან აქ დაგვტოვონ, ან საცხოვრებელი ბინები გვიყიდონ, ანდა კონპენსაცია მოგვცენ,“ - აცხადებს სოხუმიდან დევნილი იზოლდა მერკვილიშვილი.

ადგილობრივი ხელისუფლება ლტოლვილებს დროებით ფართს შინდისის გზატკეცილზე, ყოფილი „სოფლმშენკომპლექსის“ შენობაში  სთავაზობს, რომელიც „წითელი ჯვრის კომიტეტმა“ შეაკეთა, თუმცა აღნიშნულ შენობაში გადასვლას ლტოლვილები არ ფიქრობენ.

„ჩვენ იქ გადასვლას არ ვაპირებთ. იქ ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ არის. არ არის მაღაზია, სკოლა, საბავშვო ბაღი. ბავშვები რომ სკოლაში ვატაროთ ტრანსპორტის ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიტანოთ? აქ მაღაზიაში „ნისიად“ ვიღებთ პროდუქტს. ბაზარში ვვაჭრობ, რომ ოჯახს რამე შევძინო,  4 კილომეტრი უნდა გამოვიარო იმ ადგილიდან ბაზრამდე, სადაც გადასახლებას გვიპირებენ. აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ, ფეხში ვარ დაჭრილი და სიარული მიჭირს. არაფრით არ დავუშვებ აქედან გაგვასახლონ,“ - ამბობს იზოლდა მერკვილიშვილი.

დევნილებმა უკვე მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს და საცხოვრებელი ადგილები ან კონპენსაცია მოითხოვეს. მათ ასევე მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.

„თუკი დევნილები შენობას არ დატოვებენ, იაპონიის საელჩო პროექტს არ დააფინანსებს. აქ შიდა ქართლის ინვალიდთა სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა განთავსდეს.  მე თანხას როგორ შევპირდებოდი, როცა შენობა იჯარით მაქვს აღებული და გადასახადს ვიხდი. პროქტზე საუბარი გასული წლის ივნისიდან დაიწყო, იაპონელებმა რომ მითხრეს დაფინანსებას ვერ მოგცემთ თუ დევნილები არ გავლენო, დავუკავშირდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტიდან მივიღე გარანტია, რომ აღნისნულ სამ ოჯახს გაასახლებდნენ. მე მათ არსად არ ვყრი, პირიქით მეცოდებიან. აქ დიდი ფართი უკავიათ და ისეთივე ფართს ვინ მიიღებენ. იაპონიის საელჩომ უკვე ჩამორიცხა ფული, მაგრამ სამუშაოების სრულყოფილად დაწყებას ვერ ვახერხებთ, რადგან  ლტოლვილები არ გადიან და სასამართლოში ჩივიან,“ - ამბობს ინვალიდთა კლუბის თავმჯდომარე თინა ბრეგვაძე.

თინა ბრეგვაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ დიდი ხანია იციან. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონ ახლდნენ თბილისში პროქტის პრეზენტაციაზე.

გორის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მარლენ ნადირაძის თქმით, ალტერნატიული ადგილი, რომელსაც ლტოლვილებს სთავაზობენ, საცხოვრებლად ძალიან კარგია და იქ ყველა პირობაა შექმნილი ოჯახების გადაყვანისთვის.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილის თამაზ გვიმრაძის განცხადებით, შენობა სადაც ლტოლვილებს შეასახლებენ საცხოვრებლად ნორმალურია:

„შენობაში  წყალი შეიყვანეს, გაკეთდა საერთო მოხმარების აბაზანა და საპირფარეშო. ყველა ოჯახი მიიღებს ორ-ორ ოთახს. გადასარევი პირობები არ არის, მაგრამ ბინა კაპიტალურია და წვიმის წყალი არ შეაწუხებთ. იმხელა ფართს, რაც საბავშვო ბაღის შენობაში უკავიათ, რა თქმა უნდა, ვერ მივცემთ. საბავშვო ბაღის შენობას იაპონიის მთავრობა უსასყიდლოდ არემონტებს, იქ არავისი კერძო ინტერესი არ არის,“ - აცხადებს თამაზ გვიმრაძე.

თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები