კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,აკრძალვაზე, აყრაზე და დანგრევაზე ადვილი რაღაა?“

20 აპრილი, 2007

garemovajreb.gifმზესუმზირა, ხუთ თეთრიანი საღეჭი რეზინა და სიგარეტი - ეს ყველაფერი გაუსალაშინებელი ფიცრებით შეკრულ პატარა, დაბალ მაგიდაზეა დაწყობილი. მეპატრონეს გარემოვაჭრე ჰქვია, რომელიც ყველანაირ ამინდში ქუჩაში დგას და რომლის დღიური შემოსავალი დიდი დიდი სამი ლარს შეადგენს. გარემოვაჭრის უკან მთელი ოჯახი დგას, ახლა უკვე იმ სამლარიანი შემოსავლის გარეშე დარჩენილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებზე კონტროლი გაამკაცრა.

ქუჩების სილამაზესა და იერსახის შენარჩუნებაზე მზრუნველმა ხელისუფლებამ ახლა გარემოვაჭრეებისათვის მოიცალა.

,,გარე ვაჭრობის ნებართვა ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არადროს ყოფილა. არ არის ლამაზი სავალ გზაზე გამოფენილი საქონელი. გარემოვაჭრეებს ადგილებს ბაზარსა და მაღაზიებში ვთავაზობთ. ჩვენ თითოეულ მოვაჭრეს ხელს შევუწყობთ, რომ სავაჭრო ადგილები მონახონ,“ - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მინდია დევნოსაძე.

გარემოვაჭრეებს კი დაპირებების არ სჯერათ: ,,მოთაფლული ენები კი აქვთ, მაგრამ იმას აღარ აკეთებენ, რასაც გვპირდებოდნენ,“ -  ,,ვიწვნიეთ ამ მთავრობის ცრუ დაპირებები,“ - ამბობენ გარემოვაჭრეები.

გარემოვაჭრეები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მაღალგადასხადიან შენობებში ვერ შევლენ, რადგან გადასახადს ვერ გადაიხდიან.

,,ორი დიპლომი მაქვს. ახლა კი გარეთ ვდგავარ და სათამაშოებს ვყიდი. შარშან სააკაშვილის ცოლმა იყიდა ჩემგან სათამაშო, აბა?! რაა მერე ამაში ცუდი? ვდგავარ და ვყიდი. ახლა კი წადიო მეუბნებიან. სად წავიდე? სად დავდგე?” - გვეკითხება 72 წლის გარემოვაჭრე ვალერიან გოჯიანი.     

,,ბაზრის წინ პატარა ადგილი მეკავა და ,,პაპიროსს” და ,,სემიჩკას” ვყიდიდი. ხუთ თეთრობით შეკოწიწებულ ფულში რა უნდა მომივიდეს პურის გარდა. არის დღეები, როცა ხორცის ყიდვასაც ვახერხებ, მაგრამ ასეთი დღეები თვეში ერთხელაა. ახლა ეს იმედიც მომესპო. რა წყალს მივცე თავი აღარ ვიცი,“ - ამბობს 46 წლის თემური.

,,ახლა ქუჩაში მეტი თავისუფლებაა, აღარ წამოგედება ფეხზე ტაშტი ან ცოცხი. თუმცა, ათეულობით ადამიანმა საარსებო წყარო დაკარგა.  ხალხს რომ არ უჭირდეს, რა დააყენებდათ ამ სიცივეში გარეთ? ხელისუფლებამ ჯერ პირობები უნდა  შეუქმნას  მოსახლეობას და მერე იზრუნოს ტროტუარებისა და ფასადების მოწესრიგებაზე,” - ამბობს ადგილობრივი ნაზი კურტანიძე.

,,აშენება და პრობლემების მოწესრიგება მითხარი შენ, თორემ აყრასა და დანგრევაზე ადვილი რაა? ბრძანებების გაცემას პირის გაღების გარდა არაფერი სჭირდება. აი ამ ბრძანებას რა მოჰყვება, ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. მოისპოს გარევაჭრობა. გეთანხმები ბატონო! არც მე მსიამოვნებს თხელძირიანი ფეხსაცმლით ტალახში დგომა და ყველა გამვლელ-გამომვლელის თვალებში ცქერა, გაექცევა ხელი თუ არა ჯიბისკენ რაიმეს საყიდლად, მაგრამ მიჭირს ბატონო და ვდგავარ. გარევაჭრობის აკრძალვა ახლა არც მეტი არც ნაკლები ამ გარემოვაჭრეებისა და მის უკან მდგომი ოჯახის წევრების მოსპობას ნიშნავს,“  - დარდობს პენსიონერი პედაგოგი გივი გოგოლაძე.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები