კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენ ეკომიგრანტები კი არა, ეკოპატიმრები ვართ“

24 აპრილი, 2007

ekob.gif

ისინი საკუთარ ცხოვრებას პატიმრის ყოფას ადარებენ. 1987 წელს მშობლიური მიწა-წყლის დატოვება, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოუხდათ. ჩამოწოლილმა მეწყერმა მათი კარ-მიდამო ნასახლარად აქცია და ასე გახდნენ აჭარელი გლეხები „დროებითი იმერლები.“ 
მათი დილა უკვე 20 წელია ხონის რაიონის სოფელ დედალაურში თენდება. მშობლიური შუახევი ისევე ენატრებათ, როგორც ელემენტარული ყოფითი პირობები. ფიცარნაგში, რომელსაც სახლს პირობითად თუ დავარქმევთ, აკვანი და ქათმის ბუდე ერთმანეთის გვერდიგვერდაა განთავსებული. აქ ადამიანებისა და შინაური ფრინველების ლუკმა შუაზე იყოფა და ხშირად ყველას ერთნაირად შია. მოუსავლიანობის გამო, ბევრჯერ ერთი გოდორი სიმინდიც კი, სანატრელი ხდება.

მწირი და ჭაობიანი ნიადაგის გამო, ეკომიგრანტებს დედალაურში ჩასახლების დღიდან თვალი ჭიშკრისკენ უჭირავთ. ამბობენ, საშუალება რომ ჰქონდეთ, დღესვე წავიდოდნენ. ოღონდ სად, მართლა არ იციან.

„აჭარიდან წამოვედით თუ არა, იქაურ მთავრობას მაშინვე დავავიწყდით. გვითხრეს, სადაც ხართ ჩაწერილი, იქ მოგიარონო. ამის გამო, გულნატკენები ვართ. თითქოს ჩვენი ბრალი იყოს, რომ ავიყარეთ და გზას გამოვუდექით. მას შემდეგ მოლოდინში ვართ, რომ ვიღაცას შევებრალებით და გვიშველის. დღეები გარბის, ჩვენ კი, არცერთ მთავრობას არ ვახსოვართ. არანაირი დახმარება და იმედიანი სიტყვაც კი, ხელისუფლებისგან დღემდე არ მიგვიღია. გაგიკვირდებათ, მაგრამ სივიწროვის გამო, მიცვალებულს სასიმინდის ქვეშ ვდებთ და ისე დავტირით ხოლმე,“ - ამბობს ნათელა ფუტკარაძე. ის და მისი ოჯახი, უკიდურესი გაჭირვებისა და უადგილობის გამო, ხშირად ღამეს მეზობლის სახლში ათენებს. თუმცა, განსხვავება მეზობლების საცხოვრებელ პირობებს შორის უმნიშვნელოა. აქ ყველას ერთნაირად უჭირს.

300 ოჯახიდან აჭარელი ეკომიგრანტების ერთი ნაწილი, გასული საუკუნის 80-იან წლებში, დედალაურის მახლობლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ იზოლატორში შეასახლეს. მას შემდეგ ისინი, როგორც თავად ამბობენ, ეკოპატიმრებად იქცნენ. სასჯელის ვადა განუსაზღვრელია, განაჩენი კი - ნაკლებიმედიანი. „ალბათ, სამუდამოდ აქ მოგვიწევს ყოფნა. პატიმრები, ჩვენთან შედარებით, ბედნიერი ხალხია. მათ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაათავისუფლებენ და საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. ჩვენ კი, ალბათ, აქ სამუდამო პატიმრობაში დავრჩებით,“ - ამბობენ ეკომიგრანტები.
 
ამ დროს ადგილობრივი მთავრობა სხვა პრიორიტეტებზე საუბრობს. „ამ ხალხს ხელისუფლება, თავის დროზე, როგორც სამშენებლო მასალებს, ისე - საცხოვრებელ ფართებს სთავაზობდა. ისინი კი მაინცდამაინც თანხას ითხოვდნენ. დღესდღეობით ამ ხალხს ვერ დავეხმარებით. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი საზრუნავი საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობაა. მერე უნდა მიხედონ ვანში მცხოვრებ დამეწყრილ ოჯახებს. ამის შემდეგ კი, ალბათ, ეკომიგრანტების საკითხი განიხილება. თუმცა, აქედანვე უნდა ითქვას, რომ მიდგომა ყველა ოჯახზე ინდივიდუალური იქნება. როგორც ირკვევა, ზოგიერთ მათგანს თავის დროზე გარკვეული დახმარება მიღებული აქვს,“ - აცხადებს იმერეთის გუბერნატორის აკაკი ბობოხიძის პრეს-სამსახურის უფროსი ელისო კილაძე. თავად გუბერნატორს კი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს პარლამენტში სწორედ ხონელების ერთსულოვანი მხარდაჭერით მოხვდა, როგორც ჩანს, აღნიშნულ თემაზე საუბარი „უჭირს“.
 
რაც შეეხება იმ „გარკვეულ დახმარებას“, რომელზეც დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საუბრობენ, 150 000 ლარია. როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, 2005 წელს გამოიყო და იგი ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენას უნდა მოხმარებოდა. ფაქტია, ეს ასე არ მოხდა. მიზეზად ხონის სოფლებში არსებული სახლების ტექნიკური ინვენტარიზაციის პასპორტების არარსებობა დასახელდა. საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში კი, მოსახლეობას, სამწუხაროდ, არავინ მიეხმარა.

მას შემდეგ „ეკომიგრანტების საქმე“ გვერდზეა გადადებული. ამ ეტაპზე არც კაცს და არც თანხას ამ საქმისთვის არ სცალია. ერთადერთი „შეღავათი“ ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს წალკაში გადაბარგებას ურჩევს, რაც მათთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ კიდევ უფრო დიდი მანძილით საკუთარ ფესვებს ვეღარ დასცილდებიან.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები