კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „ქუთაისიდან“ დევნილებს ასახლებენ

26 აპრილი, 2007

devnilebi.gif

აფხაზეთიდან დევნილი ნათელა მილორავა 75 წლისაა. მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი სასტუმრო „ქუთაისში“ მეუღლესთან ერთად, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. 31 წლის შვილი, სარეზერვო-სატანკო ბატალიონის მეთაური ნუგზარ მილორავა აფხაზეთის ომში დაეღუპა. მეორე ვაჟი და რძალი კი, მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან და ცალკე, მშობლებისგან შორს ცხოვრობენ. მოხუცებს სასტუმროდან გასახლებით უკვე თვეზე მეტია ემუქრებიან.

„დავიზაფრეთ ამდენი მუქარითა და ტყუილებით. მუდმივი შანტაჟის ქვეშ ვართ და ისედაც ავადმყოფები, უფრო დავძაბუნდით. აქედან რომ წავიდეთ, ვის შევეკედლოთ, როცა ყველას უჭირს. 4500 დოლარს გვაძლევენ და უნდათ თავიდან მოგვიცილონ. პირობას ვდებთ, თუ დაგვხოცავენ და აქედან ისე გაგვიტანენ, თორემ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ესენი ფულიანი ხალხია და ალბათ ფიქრობენ, რომ მთელი ძალაუფლება მათ ხელშია,“ - ამბობს ნათელა მილორავა.

„ფულიან ხალხში“ მოხუცი დევნილი, რომელმაც დახმარებისთვის „ადამიანი უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს მიმართა, სასტუმრო „ქუთაისის“ მეპატრონე შპს „ინტერინვესტს“ გულისხმობს. ამ უკანასკნელმა ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებული 4000 კვადრატული მეტრი ფართის სასტუმრო საკმაოდ დაბალ ფასად, სულ რაღაც 395 ათას დოლარად შეიძინა. 2005 წლის აგვისტოში ობიექტი, რომელშიც დევნილთა 88 ოჯახი იყო დაბინავებული, ეკონომიკის სამინისტრომ საკონკურსო წესით გაყიდა. საზოგადოებაში კი, იმავე დღიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მხარეებს შორის „ბუნდოვანი გარიგება“ მოხდა.

„ეს ეჭვი აბსოლუტურად საფუძვლიანია. ამხელა ობიექტი, რომელიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული, არ შეიძლება ღირდეს 4 მლნ დოლარზე ნაკლები. სწორედ ტერიტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთი კვადრატული მეტრი 1000 დოლარი მაინც ღირს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ანალოგიური ფართები, ნაკლებ პრესტიჟულ ადგილზე 1000-1500 დოლარად გაიყიდა. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაჩნდა ეჭვი, რომ მოხდა გარიგება. ვიღაცამ თქვა, რომ დევნილებს 4500 დოლარადაც მშვენივრად გაისტუმრებდა და გასახლების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა,“ - აცხადებს დევნილთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საჩინოს“ ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე.

მოლოდინი არ გამართლდა. დევნილებმა შეთავაზებულ საკომპენსაციო თანხაზე უარი თქვეს და მისი გაორმაგება მოითხოვეს. ამაზე კი, უარი მიიღეს, რასაც მათი მხრიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა.
 
„რაში სჭირდებათ ეს აქციები, არ მესმის. სასტუმროს მეპატრონემ ამ ხალხს თავის დროზე საცხოვრებელი ფართიც შესთავაზა, რაზეც უარი თქვეს. თანხაზეც იყო საუბარი, მაგრამ მოსმენაც არ ისურვეს. ახლა კი, ფაქტია, ეს პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის,“ - ასეთია შპს „ინტერინვესტის“ წარმომადგენლის იაგო ბალანჩივაძის პროგნოზი. იგი ნაწილობრივ უკვე გამართლდა კიდეც. დევნილთა ღელვა სასტუმროს ფარგლებს გასცდა და სასამართლოში გადაინაცვლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმე წარმოებაში გასულ კვირას მიიღო. დევნილები დარწმუნებული არიან, რომ სამართალი იზეიმებს. თუმცა, შიშობენ, რომ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მათ სასტუმროდან იძულების გზით გაიყვანენ. „რა არ მოიფიქრეს, რომ აქედან მოტყუებით გავეყვანეთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. რომ იძახიან, თითქოს ბინებს გვთავაზობდნენ და თანხასაც გვიმატებდნენ, სულ ტყუილია. მსგავსი არაფერი ყოფილა. ახლა შეტევაზე გადავიდნენ და ჩვენი გასახლება დაიწყეს. აქ საშინელი ამბები ხდება. პირდაპირ შანტაჟზე მიდიან. ათამდე ოჯახი უკვე მოატყუეს და გაასახლეს,“ -ამბობს ნათელა მილორავა.
 
დევნილთა შიში დღითიდღე მძაფრდება. სასტუმროში ვითარება იძაბება. კითხვაზე კი, „რა ელით დევნილებს, თუკი ნებით არ დატოვებენ საცხოვრებელს?“ -  „ინტერინვესტის“ წარმომადგენელი იაგო ბალანჩივაძე მოკლედ პასუხობს: „კარგი ამბავი არ მოხდება.“

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები