კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სადისტურად მოკლული ძმების დას ემუქრებიან

26 აპრილი, 2007

tamar_relarutasvili.gif

ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებ-გვერდზე, 4 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას „ყვარლის გამგებელს ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებენ“ დიდი რეზონანსი მოჰყვა. პროკურატურამ, არასრულწლოვანი ძმების კახა და ზაქრო ღელაღუტაშვილების მკვლელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განაახლა. ამასთან ერთად, გუშინ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ყვარლის გამგებელმა მამუკა კუპრაშვილმა დაწერა.

ყვარელში მცხოვრები 29 წლის თამარ ღელაღუტაშვილი, 1993 წლის 25 დეკემბერს, მისი ძმების მკვლელობას, ყვარლის გამგებელს მამუკა კუპრაშვილს უკავშირებს. დაზარალებულის თქმით, კუპრაშვილმა, თანამზრახველებთან ერთად, მისი ძმები, 16 წლის კახა და 13 წლის ზაქრო ღელაღუტაშვილები შურისძიების გამო დახოცა, რადგან პოლიციამ ერთ-ერთი ძმა კუპრაშვილის მამის მკვლელობაში სცნო ეჭვმიტანილად. ბავშვების მკვლელობის შემდეგ, ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალნენ ბებია და მამა, ხოლო დედა გალოთდა და დაავადმყოფდა.

14 წლის მანძილზე თამარ ღელაღუტაშვილი მკვლელების დასჯას ითხოვდა, მაგრამ ამაოდ. „ძალიან გაჭირვებულები ვართ. ოთხი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ოჯახის არცერთი წევრი არსად არ ვმუშაობთ. ბევრჯერ მინდოდა, თბილისში ჩავსულიყავი და საჩივრები დამეწერა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. თან მეშინოდა კიდეც, რადგან ვიცოდი, ჩემი ძმების მკვლელები მეც გამისწორდებოდნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ აღვშფოთდი, რაც მამუკა კუპრაშვილი, რომელმაც ჩემს ძმებს უშუალოდ ესროლა იარაღი, ყვარლის გამგებლად დაინიშნა. განცხადებით „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მივმართე. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ყურადღებას მომაქცევდნენ, რადგან რამდენჯერმე იყვნენ სხვა ორგანიზაცებიდან და გაზეთებიდან ჩემთან, ყველაფერი მოვუყევი, თუმცა, არაფერი გაუკეთებიათ. რამდენმე დღის შემდეგ, ორგანიზაციის იურისტები დამიკავშირდნენ და შემხვდნენ, რის შემდეგაც დახმარება აღმითქვეს და ადვოკატი დამინიშნეს,“ - აცხადებს თამარ ღელაღუტაშვილი.

საზარელი ფაქტით ტელევიზიაც დაინტერესდა, რამაც მომხდარი ფაქტი კიდევ უფრო გაახმაურა. ყვარლის გამგებელი მამუკა კუპრაშვილი ამტკიცებდა, რომ მას ძმები ღელაღუტაშვილების მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა. „ეს არის მიზანმიმართული და კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ჩემს წინაღმდეგ. მე ამ ეტაპზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე, თუმცა, გამოძიების დასრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ გამგებლად კვლავ დავბრუნდე,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.

თუმცა თანამდებობიდან წასვლამდე კუპრაშვილმა, გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კობა სეფაშვილს ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარი არ აპატია და სამსახურიდან გაათავისუფლა. „ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის კორესპონდენტთან ბავშვების მკვლელობის გარკვეული დეტალები აღვწერე. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, სამსახურში მისულს განმიცხადეს, რომ აღარ ვმუშაობდი. პირად საუბარში მითხრეს, რომ ჟურნალისტისათვის ინტერვიუს არ უნდა მიმეცა. რა თქმა უნდა, ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება ამ ფაქტს უკავშირდება,“ - გვითხრა კობა სეფაშვილმა.

ყვარლის სახანძრო სამსახურის უფროსი გიორგი ღვედაშვილი, სეფაშვილის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, სამსახური გამგეობის დაქვემდებარებაშია და გამგებლის ბრძანებით, ყველა თანამშრომელი მარტის თვის ბოლოს გათავისუფლდა. „მუშაობას ვაგრძელებდით, რადგან ვიცოდით, რომ სამსახურში კვლავ დაგვნიშნავდნენ თანამდებობებზე. კობა სეფაშვილი აღარ დაასაქმეს. ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება და უშუალოდ გამგებლის გადასაწყვეტია. სეფაშვილის გათავისუფლებაზე გამგეობიდან ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს,“ - აღნიშნავს გიორგი ღვედაშვილი.

გამგებლის მიერ, სეფაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი, ადამიანის დევნად მიიჩნევს. „ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ყვარლის გამგებელმა მამუკა კუპრაშვილმა, კობა სეფაშვილს არ აპატია ის, რომ მან დანაშაულში ამხილა. ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. გარდა ამისა, გამგებლის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს,“ - ამბობს ლია ხუროშვილი.

ზეწოლა ხორციელდება თამარ ღელაღუტაშვილზეც. „ჩვენი ოჯახი ყვარელში არსებული უფასო სასადილოს სადილით ვსარგებლობთ. ეს რომ არა, ბავშვები შიმშილით დამეხოცებოდნენ. რამდენიმე დღის წინ, ჩემთან გამგეობის წარმომადგენელი ვინმე მანანა შარტავიძე მოვიდა, რომელმაც მომთხოვა, რომ კუპრაშვილის წინააღმდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ შეტანილი განცხადება უკან გამომეტანა და მათთვის მეთქვა, რომ აღარ ვჩივი, რაზედაც უარი განვაცხადე. იმავე დღეს, რაღაც ქაღალდზე ხელი მომაწერინეს. ასევე, რამდენიმე დღეა, ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ მოდის ვინმე მაია ქაფიანიძე და მთელი დღის განმავლობაში ხმამაღლა მემუქრება, რომ თუ დაბლა ჩასულს მნახავს, ფიზიკურ შეურაცხყოფას მომაყენებს. ეზოში ბავშვებიც კი ვეღარ გამიშვია და მთელი დღე სახლში მყვანან გამოკეტილები. მეშინია, ჯავრი მათზე არ იყარონ,“ - შიშობს თამარ ღელაღუტაშვილი.

ყვარლის გამგებლის განცხადებას, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, რაიონული საკრებულო ამ დღეებში განიხილავს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები