კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვეყნის უკუღმა განვითარება

27 აპრილი, 2007

gazi.gifბუნებრივი აირის გაძვირებამ ბორჯომის მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. საკურორტო შემოსავლის მიუხედავად ადგილობრივები ცხოვრების დაბალ დონეზე საუბრობენ. ,,გაზის გაზრდილი ტარიფის გადახდას ვერანაირად ვერ შევძლებთ,” -  აცხადებენ ისინი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბუნებრივი აირით მხოლოდ ბორჯომი მარაგდება. ბორჯომის გაზის სამმართველოში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის გაზრდილ ტარიფზე 25 აპრილს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, ანუ მოსახლეობა აქამდე არსებული 39,8 თეთრის ნაცვლად 51 თეთრს გადაიხდის.  

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამხელა გადასახადების გადახდას ნამდვილად ვერ შეძლებენ: 

,,არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ შოკირებული ვარ. ცალკე ათი თეთრი ვითომ არაფერია, უბრალო ხურდა, მაგრამ ერთიანობაში ბევრი გამოდის. ელექტროენერგიის ტარიფმა მოიმატა, საკვებ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა. ხელფასები კი უცვლელია. საკურორტო ქალაქია და  ყველა ცდილობს კულტურული იერის შენარჩუნებას. მოსახლეობა ღუმელებსა და გაჭვარტლულ კედლებს ერიდება. გათბობის საშუალებად გაზს იყენებს. აწი კი იძულებული გახდება ტყეს მიადგეს და გაჩეხოს. აქ ზამთარი ხუთი თვეა და სხვა რა უნდა ვქნათ. გაზის გაზრდილი ტარიფის გადახდას ვერანაირად ვერ მოვახერხებთ,” – ამბობს ბორჯომელი ნაზი ჯავახიძე.

,,ტელევიზორს ჩართავ და  ყველა რეგიონში მუდმივად მოსახლეობის გაჭირვებულ ყოფაზე კეთდება სიუჟეტები. იქ ვიღაც შიმშილით კვდება, აქეთ ვიღასაც სახლი დაენგრა და ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ამ დროს კი ხელისუფლება გადასახადების ფასს ზრდის. ბენებრივი აირის ძირითადი მომხმარებელი მოსახლეობაა, თუმცა, ამ გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას არავინ ითვალისწინებს. მოთხოვნა ერთია და ჩვენი შესაძლებლობები მეორე. ამ გადასახადებს ჩემი ხელფასი კი არა, ფულის საჭრელი მანქანა რომ მქონდეს, ისიც კი არ ეყოფა,” - გაცხარებული საუბრობს კურორტის მკვიდრი ლეილა გოგოლაძე.   

,,რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, იმის გამო, რომ აქ ჩემს ოჯახს შიმშილით სული არ ამოხდომოდა და კარგად ვიცი ნორმალურ ქვეყნებში რა რაოდენობის გადასახადებია და ეს ჩვენი გადასახადიც რა სასაცილოდ ჩანს იმ ქვეყნების გადასახადების ფონზე. მაგრამ საზღვარგარეთ მოსამსახურეს ხელფასიც მაღალი აქვს და შეუძლია კიდეც იმ თანხების დაფარვა. აქ კი ქვეყნის განვითარება უკუღმა ხდება. ეს კი რას მოგვიტანს აგერ ვარ  მე და აგერ არის ეს ხელისუფლებაც და დაველოდოთ,” - ამბობს ადგილობრივი გიული კაპანაძე - ,,ხელისუფლებას აქციები უყვარს, ხალხის ნერვებზე თამაში. ალბად არცეთი მათგანი ტელევიზორს არ უყურებს, თორემ ხალხის  შეშლილი სახეების დანახვაზე, გაუბედურებული სოციალური მდგომარეობის ფონზე გადასახადებს არ მოუმატებდა,” - დასძინა მან.

საკურორტო ქალაქში ბუნებრივ აირზე ფასის მომატებასთან ერთად სავარაუდოა ტარიფი თხევად აირზეც გაიზარდოს. თხევად აირს სამცხე-ჯავახეთის დანარჩენი რაიონები მოიხმარს. რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ბორჯომის მკვიდრი ვანო გელაშვილი საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობამ მრიცხველის გარეშეც შეიძლება ისარგებლოს.

ბორჯომის გაზის სამმართველოში აცხადებენ, რომ ,,იტერა საქართველო” მრიცხველების შეცვლას გეგმავს. ამ თანხის გადახდა მოსახლეობას ეტაპობრივად მოუწევს. ინვესტიციას, როგორც მთავარი ინჟინერი ნუგზარ ბაკურაძე აცხადებს, ,,იტერა საქართველო” თავად ახორციელებს და მოსახლეობას ყოველთვიურად დამატებით 2 თეთრის გადახდა 3 წლის განმავლობაში მოუწევს.

გულო კოხოძე, ბორჯომი 

ახალი ამბები