კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის მორიგი ხმაურიანი ანგარიში

27 აპრილი, 2007

subarib.gifსაქართველოს სახალხო დამცველი 2006 წლის საანგარიშო მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა. მისი ანგარიში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საქართველოში, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა მოისმინა. პროკურატურა, სასამართლო, შსს -  ეს ის უწყებებია, რომლებიც ომბუცმენის ანგარიშის მიხედვით ყველაზე მატად არღვევენ ადამაინს უფლებებს და ამ მხრივ მოწინავე  ადგილს იკავებენ.       

სოზარ სუბარის მოხსენება ორდღიანია. პირველი დღის თემა მხოლოდ ძალოვანი უწყებები იყო. პარლამენტში მის მოსასმენად ოქროყანაში მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა, 2004 წელს მოკლული  ამირან რობაქიძისა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის ღამეს გარდაცვლილი დავით საყვარელიძის დედა ესწრებოდნენ. 

სხდომის დაწყებამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განმარტა, რომ სუბარისთვის ხელი არ შეეშალათ, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის მოსმენა საკმაოდ მძიმე იქნებოდა: „სახალხო დამცველი ყოველთვის უნდა იყოს რადიკალური და თუ ეს ასე არ იქნება, ჩვენ მას პირიქით, ბრალდებებს წავუყენებთ. შეიძლება, მისი მოხსენება ბევრს აღიზიანებს, თუმცა, სახალხო დამცველი სწორედ რომ ასეთი უნდა იყოს“.

სუბარის მოხსენება სასამართლოს, პროკურატურას, შსს-ს, ჯარს, სასჯელთაღსრულებით დაწესებულებას,  ფინანსურ პოლიციას, შრომითი უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვას შეეხო. მისი თქმით, 2006 წლის განმავლობაში მან სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით 3500-მდე მოქალაქის განცხადება მიიღო. ეს მაჩვენებელი კი 2005 წლის სტატისტიკას 2-ჯერ აღემატება. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი სფერო, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მუშაობისას პრობლემები ექმნებოდათ, თავდაცვის სამინისტრო იყო: „ჰაუბტვახტებში მონიტორინგის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ამ უწყებაში მუშაობა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე სხვაგან.ინფორმაციებზე თითქმის არ მიგვიწვდებოდა ხელი. ერთ მხარეს არიან უუფლებო ჯარისკაცები, ეგრეთწოდებული ჯოგი და მეორე მხარეს - პრივილეგირებულები.  ამასთან დაკავშირებით მინისტრს არაერთხელ მივმართე წერილით.“

თავდაცვის სისტემაზე საუბრის შემდეგ სუბარი სასჯელთაღსრულებით სისტემას შეეხო. მისი თქმით, საკნებში წამებასთან გათანაბრებული პირობებია: „უფრო უარესი პირობებია წინასწარი დაკავების იზოლატირებში. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დამნაშავე არასრულწლოვანთა ასაკი 12 წლამდე უნდა შემცირდეს, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ბავშვები.“

ზოგადი საუბრის შემდეგ კი ომბუცმენი იმ კონკრეტულ ადამიანების მკვლელობას შეეხო, რომელთა გვარები საზოგადოებას კარგად ახსოვს. კერძოდ:

1. 2004 წელს მოკლულ 19 წლის ამირან რობაქიძეს, და აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიების დასრულებას საშველი არ დაადგა; „ყველამ კარგად იცის, რომ ამ საქმეში მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოხდა. მოკლულ ამირან რობაქიძეს იარაღი იმიტომ ჩაუდეს, რომ დამნაშავეთა დაფარვა მომხდარიყო. ამ საქმეში გაცილებით მნიშვნელოვანია შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა სს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვიდრე იმ პატრულის დაკავება, რომელიც ამტკიცებს, რომ მას იარაღი გაუვარდა. გაცილებით დიდი ტრაგედიაა, როცა არსებობს ყველა მტკიცებულება, რომელიც შსს-ს მხრიდან ფალსიფიკაციას ადასტურებს, თუმცა,  ისინი ისევ თანამდებობებზე რჩებიან.“

2. დავით საყვარელიძის საქმე, რომელიც 2003 წლის 22 ნოემბერს ვარდების რევულუციის ღამეს ჯავშანტრანსპორტიორის შეჯახების გამო გარდაიცვალა. „ამ საქმესთან დაკავშირებით არაერთი ექსპერტიზა  ჩატარდა, რომელიც ადასტურებს, რომ შეჯახება ჯავშანტრანსპორტიორის მხრიდან მოხდა, თუმცა საქმე ისე დახურეს, რომ არაფერი გაუკეთებიათ, ჩვენი ჩარევით კი საქმე ისევ ძიებაში დაბრუნდა,“ - განაცხადა სუბარმა.

მოხსენების შემდეგი თემა კი სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო. სახალხო დამცველის მოხსენებით, სასამართლო დამოუკიდებლობის ძალიან დაბალი ხარისხით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითად კი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესი მოიყვანა: „ეს სასამართლო პროცესი ნამდვილად პრეცენდენტული იყო. ასეთი გახმაურებული და უზარმაზარი საქმის  სასამართლო განხილვა 9 დღეში დასრულდა და დაზარალებული მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რომელიც არსებულ ეჭვებს მაინც გაფანტავდა შსს-ს გარკვეული, ყველასთავის კარგად ნაცნობი პირების (შს მინისტრის მეუღლე თაკო მერაბიშვილი, პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე, შსს-ს ერთ ერთი მაღალი თანამდებობის პირი დათა ახალაია, ასევე შსს-ს  წარმომადგენელი ვასილ სანოძე და მელნიკოვი) ამ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ საქმეში ერთ მხარეს წარმოადგენდა ბრალდება და დაცვა. პროკურატურის ნებისმიერ შუამდგომლობას დაცვის მხარე მხარს უჭერდა.“

რაც შეეხება შსს-ს, როგორც სუბარმა აღნიშნა, 2006 წელს ისევ პრობლემურ საკითხად დგას პოლიციის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის არასწორად გამოყენება, რასაც გასულ წელს 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ის ასევე ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების შემთხვევებსახ შეეხო: „ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება ისევ პრობლემაა. თუმცა, ახლა გაცილებით რთულია თავის დაცვა, ვიდრე ადრე. არაერთი საქმე გვაქვს შესწავლილი, სადაც საკმაოდ სერიოზული ეჭვები არსებობს. ერთერთი მსგავსი შემთხვევა 3 მარტს მოხდა. პირი, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს, სასაჯელთაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურის უფროსის ძმა იყო. მისი წყალობით ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელები დააკავეს. ამ შემთხვევაში იმ ფაქტმა გაჭრა, რომ დაზარალებილის ძმას გარკვეული გავლენა ჰქონდა.“

ომბუცმენი თავის საანგარიშო მოხსენებაში საკუთრების უფლების ხელყოფას, მოსახლეობის სოციალურ დაუცველობას, დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემებსაც შეეხო და ამ საკითხებზეც მკაცრად ისაუბრა.  

სახალხო დამცველის მოხსენებას საპარლამენტო უმრავლესობის სახეები არ დასწრებიან. მას მხოლოდ ადამაინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომერე და მისი ორი მოადგილე ესწრებოდა. რაც შეეხება საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციას, დარბაზში მრავლად იყვნენ და მოხსენებასაც დაეთანხმნენ.  ელენე თევდორაძის შეფასებით სახალხო დამცველი ყოველთვის სამართლიანია.

მანანა ნაჭყებია (მემარჯვენე ოპოზიცია): „მოხსენების ეს ნაწილი, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოადგინა, საკმაოდ მძიმეა ხელისუფლებისთვის. ჩვენ მას ყველა ნაწილში ვეთანხმებით. აქ არაფერი არ არის გამუქებული. ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ჩვენ სახალხო დამცველის მიმართ შეკითხვები არ გვაქვს. კითხვები ხელისუფლებასთან გვაქვს -  რატომ დუმან ამაზე.“

უმრავლესობის წარმომადგენელი ნაზი არონია კი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ხშირად ოპოზიციის აზრს ახმოვანებს: „როგორც მიმდინარე, ასევე გასული წლის მოხსენება საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს შეიცავს. ძალიან ხშირად აზრი მიჩნდება, რომ სუბარი ვერ იცავს ზღვარს ადამიანს უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ განცხადებებს  შორის. ძალიან ხშირად მისი განცხადებები ოპოზიციის განცხადებებს ემთხვევა.  ის არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ შეფასებებში.“ 

ანგარიშის მოსმენის შემდეგ შვილმკვდარმა დედებმა, რომლებიც  დარბაზში იმყოფებოდნენ, კითხვის დასმა მოითხოვეს, თუმცა, ელენე თევდორაძემ მათ ამის უფლება არ მისცა, რამაც არეულობა გამოიწვია. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ სხდომა ჩაიშალა. მოგვიანებით კი ანგარიშის მოსასმენად დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადაინაცვლეს. შვილმკვდარმა  მშობლებმა კი განცხადება გააეკეთეს, რომ ისინი შერცხვენილები დიდხანს ვერ ივლიან და დაიფიცეს, რომ მათი შვილების სისხლს არავის შეარჩენენ.            

ეკა გულუა

ახალი ამბები