კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობა დედობის სახელით

27 აპრილი, 2007

15 წლის გიორგი ხაჩიშვილი სამართალდამცავებმა მცირე ხნის წინ ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს. ოჯახის ახლობლების თქმით, კრიმინალის მიზეზი ბავშვის არასათანადო პირობებში ყოფნა გახდა. აუტანელ პირობებში იზრდება გიორგის 4 მცირეწლოვანი და-ძმაც. ალკოჰოლიკი დედა შვილებს სასტიკად ეპყრობა. მეზობლების ინფორმაციით, დამშეული ბავშვების ჩაწყნარებას იგი ხშირად ალკოჰოლური სასმელით ცდილობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდება.

ხაჩიშვილების ოჯახი გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში ცხოვრობს. ბავშვებს დედა - მაია არაბული ზრდის. თუმცა, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გახდა ცნობილი, მაია არაბული ბავშვებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და პატარებზე ხშირად ძალადობს: „მთელი დღის განმავლობაში სახლში არ არის. დილით გავა და საღამოს საშინელი მთვრალი ბრუნდება. ბავშვები უყურადღებოდ არიან მიტოვებულები. უფრო მეტიც, სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარება არ ჰყოფნის და როგორც 15 წლის გიორგის, რომელიც ყველაზე უფროსი შვილია, ასევე 9 წლის ბავშვსაც კი აიძულებს, მთელი დღე მეზობლის საქონელი მწყემსონ, რათა საღამოს 5 ლარი მიუტანონ. ფულს მხოლოდ არაყში ხარჯავს. თითქმის გამუდმებით ნასვამია. სახლში დაბრუნებულს ბავშვები მშივრები თუ დახვდნენ და მათ დამშვიდებას ვერ ახერხებს, წარმოიდგინეთ, სულ პატარასაც კი, რომელიც ჯერ 2 წლისაც არ არის, ძალის გამოყენებით არაყს ასმევს, რომ ბავშვებმა დაიძინონ. თუ ბავშვები გაუძალიანდნენ, მაშინ სცემს. ამის გამო რამდენჯერმე შენიშვნაც მივეცით, პოლიციითაც დავემუქრეთ, ძალადობის შესახებ ნათესავებმაც იციან, მაგრამ ყურს არავის უგდებს,“ - აცხადებენ ხაჩიშვილების მეზობლები.

დედა ბავშვებს სათანადო ყურადღებას რომ არ აქცევს და მათზე ძალადობს, ამაში თავადაც დავრწმუნდით. მთელი დღის ლოდინის შემდეგ მაია არაბული სახლში გვიან საღამოს დაბრუნდა. ხელში არყით სავსე, ნახევარ ლიტრიანი მინის ბოთლი ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მთვარლი იყო, ჩვენს დანახვაზე ცოტა არ იყოს შეშფოთდა და გვკითხა, რა გინდათო: „ბავშვებზე ვძალადობ? რას ამბობთ, ჩემს შვილებს ცუდად როგორ მოვექცევი,“ - დედას საუბარი სულ პატარა ბავშვმა ხმამაღალი ტირილით შეაწყვეტინა. „რა გატირებს შე ოხერო,“ - გაბრაზდა არაბული და პატარა ჩვენს თვალწინ სცემა. მერე ხელში აიყვანა და ოთახში შეიყვანა. „დავაძინებ და ახლავე გამოვალ,“- გვითხრა მან, თუმცა ჩვენც შიგნით შევყევით.

საცხოვრებელი სახლის ეზოში, აივანზე და განსაკუთრებით ოთახში საშინელი სიბინძურე და გაუსაძლისი მდგომარეობაა. მაშინვე ის ვიფიქრეთ, ამ პირობებში, ბავშვები ჯანმრთელები თუ იყვნენ და ვიკითხეთ კიდეც. თანხმობის ნიშნად არაბულმა თავი დაგვიქნია. პატარას, რომელიც არ ჩუმდებოდა, ისევ სცემა და ოთახის კარი გამოიჯახუნა: „ცოტა აქოთილები ვართ. არ მცალია და ვერ მოვაწესრიგე აქაურობა,“ - ბოდიშის მოხდა სცადა მან და სიტყვის დამთავრება გაუჭირდა, ისეთი მთვრალი იყო.

ხაჩიშვილების ოჯახში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ნათესავებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. ახლობლები არც იმას უარყოფენ, რომ ბავშვები ბევრჯერ მშივრები არიან, რომ მაია ლოთობს და ა.შ, მაგრამ დედის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის თაობაზე საუბარი არ სურთ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ბავშვების საბავშვო სახლში გადაყვანაა, რაზედაც დედა უარს აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავებიც უნდა ფლობდნენ. ხაჩიშვილების მეზობლების მტკიცებით, პოლიციისთვის ამის თაობაზე მაშინ გახდა ცნობილი, როცა ისინი გიორგის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მუკუზანში იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, პოლიცია ამ ფაქტებით არ დაინტერესებულა.

მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ მუკუზნის საჯარო სკოლის პედაგოგები. სკოლის დირექციის განცხადებით, მეორე წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან და ამის მიზეზად ისინი იმას ასახელებენ, რომ არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები და რომ მათ დედა არ უშვებს. ეს რომ ნამდვილად ასეა, თავად ბავშვებმაც გვიამბეს. სკოლაში კი ისიც გვითხრეს, ბავშვებთან და მათზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაციას რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრშიც უნდა ფლობდნენ, თუმცა, თავად რესურს- ცენტრში აცხადებენ, რომ ასეთი ინფორმაცია მათ არ აქვთ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი ამბობს, რომ მოძალადეს, ანუ დედას, არ სურს იმის დაჯერება, რომ იგი სასტიკად ეპყრობა საკუთარ შვილებს, მაგრამ ეს მართლაც ასეა. „ამის შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ შესაბამის ორგანოებს, რადგან საფრხე ემუქრება როგორც ბავშვების ჯანმრთელობას, ასევე მათ კეთილდღეობას და მთელ მათ შემდგომ ცხოვრებას. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ვალდებულია სასწრაფოდ შეისწავლოს ოჯახში არსებული მდგომარეობა, გასცეს შესაბამისი დასკვნა და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ასევე უნდა დაინტერესდეს პოლიციაც და უპირველეს ყოვლისა დედა მაინც გააფრთხილონ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. ბავშვების ბავშვთა სახლში გადაყვანა ნამდვილად უპრიანია. როცა გიორგი ციხიდან გამოვიყვანეთ, იცით რა თქვა, აქ უფრო კარგი პირობებია, წყალიც კი იყო, რომ დამებანაო. ამას რომ იტყვის, ხაჩიშვილების ოჯახში არსებულ პირობებზე საუბარი საერთოდ ზედმეტია,“ - აღნიშნავს ლია ხუროშვილი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები