კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი ცილისწამებისთვის ჟურნალისტს უჩივის

1 მაისი, 2007

Chixraze_fiqriab.gifპარლამენტარი ბესო ჯუღელი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტისა და დეპუტატის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთ „24 საათში“ ეკა კვესიტაძემ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ჯუღელიზმი“. სტატიაში  გაკრიტიკებულია რადიო „უცნობსა“ და „ტელეიმედში“ ჯუღელის მიერ გაკეთებული განცხადებები ეროვნულ უმცირესობებთან  დაკავშირებით.

ციტატა სტატიიდან, რომელმაც ჯუღელის გაღიზიანება გამოიწვია: „დიდი ხანია საქართველოში ასეთი ანტი-სომხური, სხვა ეროვნული უმცირესობების დამამცირებელი, შოვინისტური, სრულიად აღმაშფოთებელი განცხადებების გაკეთება არავის გაუბედავს“, წერს კვესიტაძე  „24 საათში“.

იმის გასარკვევად, რომელი ციტატა მიაჩნია ჯუღელს ცილისწამებად,  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მას თავად დაუკავშირდა. რესპონდენტი აღნიშნულ თემაზე საუბარმა საკმაოდ გააღიზიანა. გათავაზობთ მის კომენტარს სტილის დაცვით.

„ჟურნალისტი“: ბატონო ბესო, რამ გამოიწვია თქვენი და ჟურნალისტის დაპირისპირება?    

 ბესო ჯუღელი: დამანებეთ რა ხალხნო თავი. არ დაიღალეთ კაცო? უჩივლებ სასამართლოში და ნახავთ.

-უკვე უჩივლეთ?

ბ.ჯ. ვუჩივლებ. ეს გადაწყვეტილია.

-იქნებ კონკრეტული მიზეზები გვითხრათ?

ბ.ჯ. თუ არ იცით, რას მირეკავთ ან რას მეკითხებით? თუ იცით, რას მეკითხებით?

-ჟურნალისტებმა სტატიები ისე უნდა ვწეროთ, რომ მეორე მხარეს კომენტარი არ ვკითხოთ?

ბ.ჯ. რა უნდა მკითხოთ?

-როცა გეკითხებით, პრეტენზიებს გამოთქვამთ, როცა არ გეკითხებით, ამბობთ, მე რატომ არ მომისმონეთო, როგორ მოვიქცეთ? იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად სარჩელი რას შეეხება?

ბ.ჯ. რას შეეხება და ცილისწამებას.

-თქვენ ისეთი რამე გამოგიქვეყნეს, რაც არ გითქვამთ?

ბ.ჯ. რასაკვირველია.

-კონკრეტულად, რომელი ციტატა ან ფრაზა?

ბ.ჯ. მე მოგიყვეთ რა გამოაქვეყნა?

-მახსოვს, რომ თქვენ ტელევიზიით განცხადება გააკეთეთ და შემდეგი შინაარსის ფრაზა თქვით: მიკირტუმებს და სხვებს ვინმემ დაბადებისას აკვანზე დაუწერა, რომ მთელი ცხოვრება ისტორიულ უბანში უნდა იცხოვრონო?“... ამ სიტყვებში არაკორექტული არაფერი იყო?

ბ.ჯ. თავიდან მოგიყვეთ ყველაფერი? მან ცილი დამწამა, თითქოს მე ვამბობ, რომ ისტორიულ უბნებში მხოლოდ ქართველები უნდა ცხოვრობდნენ და არა სომხები, აზერბაიჯანელები და ქურთები. სწორედ ამაზე შემაქვს სარჩელი სასამართლოში. მიკირტუმა აქ რა შუაშია, მე მაგის გამო არ ვჩივი.“

   
ჯუღელის სატელევიზიო განცხადებები მიკირტუმასთან დაკავშირებით,  მისივე გუნდელებისთვისაც მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ დეპუტატმა ყოველი სიტყვა მოზომილად უნდა თქვას:  „მე საპარლამენტო სესიაზეც გამოვედი ამასთან დაკავშირებით, გვარები ზუსტად არ დამისახელებია, მაგრამ ვთქვი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, როცა საზოგადოების წინაშე გამოდის, უნდა აწონ-დაწონოს ყოველი სიტყვა, რომელსაც ის ამბობს. პოლიტიკოსისგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისგან. მითუმეტეს, როცა  ეს პოლიტიკოსი უმრავლესობას წარმოადგენს. ამიტომ,  ჩემი პოზიცია ალბათ გასაგებია“.

ჯუღელის განცხადებები არც საპარლამენტო ოპოზიციისთვის აღმოჩნდა მისაღები. როგორს „მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომდგენელი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, მას უმრავლესობის დასაცავად არაკორექტული ფრაზები წამოსცდა: „მოვისმინე ჯუღელის სატელევიზიო განცხადებები. დარწმუნებული ვარ, მას ისეთი განზრახვა არ ჰქონია, რომ შოვინისტური მოწოდებები გამოეხატა, მაგრამ იმის დიდი სურვილი კი ჰქონდა, რომ ხელისუფლების პოზიცია დაეცვა. ამასობაში კი ის გაეპარა, რაც საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფრაზა ძალიან უხერხულად ჟღერდა. პოლიტიკოსს და ფრაქციის ლიდერს ნამდვილად არ ეპატიება ასეთი სიტყვებით საუბარი. მე ის ფრაზა დამამახსოვრდა, სადაც ის საუბრობს, რომ არ არის აუცილებელი, მთელი ცხოვრება მიკირტუმა იმ უბანში და იმ სახლში ცხოვრობდეს, სადაც დაიბადა და ახლა იქნებ ანზორის უნდა ცხოვრებაო. ადამიანები ამას ნამდვილად ანტისომხურ (იქიდან გამომდინარე, რომ მიკირტუმა სომხური სახელია) გამოსვლად მიიღებდნენ. აქ სხვა რამაა მთავარი, ბესო ჯუღელი ამ შემთხვევაში ადამიანებს ეროვნული ნიშნით კი არა, არამედ სოციალური ნიშნით ყოფდა.  ის თვლის, რომ მიკირტუმა სოციალურად დაბალ ფენას წარმოადგენს, ანზორი კი მაღალს და ასეთი ანზორები უნდა დასახლდნენ ძველ უბნებში. ასეთი შეცდომა პოლიტიკოსს ნამდვილად არ უნდა მოსდიოდეს.“  

რაც შეეხება ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს, ის აცხადებს, რომ მზად არის ჯუღელის გამოწვევა მიიღოს და დარწმუნებულია, რომ თავად ჯუღელს უნდა უჩივლონ სასამართლოში, რადგან ის, თავისი გამონათქვამებით, ეროვნულ შუღლს აღვივებს.

ეკა გულუა

ახალი ამბები