კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საწოლის ქურდობაში ეჭვმიტანილი გასამართლებას ითხოვს

3 მაისი, 2007

sacolib.gif

წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ქურასპედიანების ოჯახს ყველა იცნობს. მათ პატიოსნებასა და ხელმოკლე ცხოვრების პირობებზე იქ დღეს ყველა დაუზარებლად საუბრობს. აფხაზეთიდან დევნილები მიმდინარე წლის 12 თებერვალს მოულოდნელ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. შინ პოლიციელების ათკაციანი ჯგუფი ესტუმრა, რომლებმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სახლის კუთხე-კუნჭული პირწმინდად გაჩხრიკეს. მოგვიანებით კი, მათი ვიზიტი ოჯახის დიასახლისის დაპატიმრებით დასრულდა.

37 წლის ლალი ქურასპედიანი სამართალდამცავებმა საწოლის ქურდობისთვის, დააკავეს. საჩივარი იმერეთის სამხარეო პოლიციაში ტოგო გიორგობიანმა შეიტანა. ახალგაზრდა ქალის რამდენიმედღიანი დაკითხვა მისი დაპატიმრებით დასრულდა. ეჭვმიტანილი ქურასპედიანი ქუთაისის #2 საპყრობილეში ისე გადააგზავნეს, ვერც მიხვდა, ბრალს რაში სდებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას მეზობლის ძველისძველი საწოლის ქურდობაში ადანაშაულებენ.

ქურასპედიანების მრავალსულიანი ოჯახი ბანოჯაში ნათესავის ერთოთახიან ბინაში 8 თვის წინ დასახლდა და მას შემდეგ რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს. დევნილობის დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტი წლების წინ ხანძარმა გაუნადგურა, რის გამოც დრემდე უამრავ პრობლემას აწყდებიან - ვერავის უმტკიცებენ, რომ დევნილები არიან. შესაბამისად, სახელმწიფოსგანაც ვერანაირ დახმარებას იღებენ.

„ისედაც უამრავი საფიქრალი გვქონდა და ახლა ეს უბედურება დაგვემატა. ჩემს ცოლს არაფერი მოუპარავს. ქურდები და მამაძაღლები რომ ვიყოთ, ასეთ გაჭირვებაში კი არ ვიცხოვრებდით, უკეთესი პირობები გვექნებოდა. ბავშვს რა ვუთხრა, არ ვიცი. ყოველდღე კითხულობს დედის ამბავს და მე ვერაფერს ვპასუხობ,“ - ამბობს ლალი ქურასპედიანის მეუღლე.

ნუგზარ ქურასპედიანმა აფხაზეთის ომში სერიოზული ტრავმა მიიღო. მას ფილტვები დაუზიანდა და ერთი ფილტვი ამოკვეთეს. ინვალიდები არიან ოჯახის სხვა წევრებიც (ძმა, დედა). 6 წლის ქეთი კი, დედის დაპატიმრების შემდეგ თითქმის აღარავის ეკონტაქტება. როგორც ახლობლები ამბობენ, ვერავინ ბედავს, ბავშვს აუხსნას, რომ დედამისი მეზობლის დანგრეული საწოლის ქურდობის ბრლდებით დააპატიმრეს.

როგორც ირკვევა, ქურასპედიანებმა მეზობლად მდებარე მიტოვებული სახლიდან ძველი საწოლი დროებით გამოიტანეს. მრავალსულიან ოჯახს სტუმრად მისული ნათესავებისთვის ღამის გათევის საშუალება არ ჰქონდა. მეზობლები ადასტურებენ, რომ მათ საწოლი მოგვიანებით ადგილზე დააბრუნეს. თუმცა, ეს დეტალი დევნილის საქმეში გათვალისწინებული არ არის. სამაგიეროდ, ვითარება დამძიმებულია და ახალგაზრდა ქალი მეზობლის სხვა დანარჩენი ქონების მითვისებაშიცაა ეჭვმიტანილი.

მიტოვებული სახლი, საიდანაც ქურასპედიანებმა ძველისძველი საწოლი დროებით გამოიტანეს, გიორგობიანებს ეკუთვნის. ისინი მეზობლებს აგარაკზე წლებია აღარ უნახავთ. სახლი კი, ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე, ბანოჯაში ქურასპედიანების დასახლებამდე გაიძარცვა.

„ქურასპედიანები იმ სოფელში მხოლოდ რვა თვეა ცხოვრობენ. აღნიშნული სახლი კი, მანამდეც არაერთხელ გაიძარცვა. ბუნებრივია, ლალი ქურასპედიანი ქონების მითვისებას არ აღიარებს. მან გიორგობიანის აგარაკიდან მხოლოდ საწოლი გამოიტანა და მოგვიანებით ისევ ადგილზე დააბრუნა. იმედი მაქვს, სასამართლო ამ გარემოებაზე ყურადღებას გაამახვილებს,“ - ამბობს ლალი ქურასპედიანის ადვოკატი ევგენი ომანაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისის სამხარეო პროკურატურაში არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

ეჭვმიტანილი, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები, სასამართლო პროცესის დროულად დანიშვნას მოითხოვენ და იმედი აქვთ, რომ პროცესს მოიგებენ. საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.


შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან  

ახალი ამბები