კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვილმკვდარ დედას მკვლელის ახლობლები ავიწროვებენ

7 მაისი, 2007

KAXIANIb.gif

2002 წელს ბაღდათის რაიონში მოკლული, 23 წლის რეზიკო კახიანის დედა შვილის მკვლელობის შემდეგ მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდის. ამის მიზეზი კი, როგორც ირკვევა, მხოლოდ ისაა, რომ უკვე ხუთი  წელია იგი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დავით მიქაბერიძის (მეტსახელად „ძროხას“) საკადრის დასჯას ითხოვს.

მიმოზა კახიანმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს დახმარებისათვის, გასულ კვირას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართული მიქაბერიძის პროცესის შემდეგ მიმართა. აღნიშნულ პროცესზე სასამართლოს სხდომის დარბაზი მკვლელის ახლობლებითა და გულშემატკივრებით გაივსო, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მიმოზა კახიანს. ისინი ემუქრებოდნენ მას და აცხადებდნენ, რომ იგი შეიარაღებული იყო და სასამართლო პროცესზე განსასჯელის მოკვლას გეგმავდა. მოსამართლე თემურ სიხარულიძემ ის პროცესიდან გააძევა და სასამართლოს შენობაც დაატოვებინა(!) ამის შემდეგ მიმოზა კახიანი რამდენიმე საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, საშინელ წვიმასა და სიცივეში ელოდებოდა ერთადერთი შვილის მკვლელის განაჩენს.
 
როგორც მიმოზა კახიანი ამბობს, ჯერ კიდევ აღნიშნულ პროცესამდე, მას მუდმივად ურეკავდნენ სხვადასხვა ადამიანები და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. ამის გარდა, უკვე რამდენიმე წელია, მისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი საეჭვო ვითარებაში იქნა პრივატიზებული შ.პ.ს. „ჰეკატეს“ მიერ, რომლის მეპატრონე, თინათინ ხურციძე და მისი ოჯახის წევრები მუდმივად ავიწროვებდნენ მას და ინვალიდი ქალის ცხოვრება საკუთარ სახლში აუტანელი გახადეს.

აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის შედეგად ამ სახლის სხვა მობინადრეებიც დაზარალდნენ, რასაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართული არაერთი სასამართლო პროცესი მოჰყვა, მაგრამ მიმოზა კახიანი მიიჩნევს, რომ ყველა ეს ქმედება პირადად მის წინააღმდეგ იყო მიმართული:
„მას შემდეგ, რაც ჩემი ვერც მოსყიდვა და ვერც დაშინება ვერ შეძლეს, ჩემი შვილის მკვლელის მფარველებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი ყურადღება ძირითადი პრობლემიდან მოედუნებინათ და ყოფით საკითხებზე დავაში ჩავეთრიეთ. ამ სახლში ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ჯანმრთელობა შემერყა და რამდენჯერმე სიკვდილის პირასაც ვიყავი, მაგრამ უკიდურესი განსაცდელის ჟამს ყოველთვის ღმერთის შეწევნით ვახერხებდი გადარჩენას,“ - ამბობს მიმოზა კახიანი.
 
შვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც მიმოზა კახიანი დაინვალიდდა და მას შემდეგ სახლიდან გასვლას თითქმის ვეღარ ახერხებს: „ერთადერთი შვილის საშინელი მკვლელობის შემდეგ მე დასაკარგი აღარაფერი დამრჩა, მაგრამ თუ კიდევ სიცოცხლეს ვეპოტინები და გადასარჩენად დახმარებას ვითხოვ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილის მკვლელი საზოგადოებისაგან იზოლირებული იყოს. მის კისერზე, ჩემი შვილის გარდა კიდევ სამი ახალგაზრდის მკვლელობაა. ეს ის დანაშაულებია, რომელთა  შესახებაც მე მტკიცებულებების მოძიება შევძელი. თავის დროზე მათ დედებს რომ სამართლიანობის აღედგენა და მკვლელის გისოსებს მიღმა მოთავსება მოეხერხებინათ, ჩემი შვილი გადარჩებოდა. ახლა ჩემი მიზანია სხვისი შვილები მაინც ვიხსნა,“ - ამბობს მიმოზა კახიანი.
 
აღნიშნული საქმის გამოძიების ამდენი ხნის მანძილზე გაჭიანურების მიზეზად დაზარალებული იმას მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელებს იმერეთის სამხარეო პოლიციისა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები მფარველობდნენ და იმერეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, რუბენ ასანიძისა და ქუთაისის ყოფილი პროკურორის შალვა ფხაკაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. იგი ასევე მოითხოვს, გამოიძიონ მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, ავტომანქანით განხორციელებული თავდასხმის ფაქტი, რომელმაც მიმოზა კახიოანი ინვალიდად აქცია.
 
მართალია, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ და კახიანის ბინასა თუ პირად ტელეფონზე განხორციელებულ მუქარებზე რეაგირება მოხდა, მაგრამ სატელეფონო შანტაჟი და დაშინება მაინც არ წყდება.

მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიქაბერიძეს სამუდამო პატიმრობა კვლავ აღუდგინა, იგი მიიჩნევს, რომ მკვლელი და მისი თანამზრახველები შეეცდებიან, უზენაეს სასამართლოში მაინც შეცვალონ განაჩენი თავიანთ სასარგებლოდ. დაზარალებული დახმარებას უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან ელის.

ლელა ხიდაშელი ქუთაისიდან

ახალი ამბები