კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს 7 წელი მიუსაჯეს

11 მაისი, 2007

მოსამართლემ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო გამოძიება 43 წუთში დაასრულა

patrulseb.gif

თელავის რაიონულმა სასამართლომ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ მრელაშვილი, რომელსაც პროკურატურა ავტოავარიის შედეგად 20 წლის გიგა ჩარბაძის მკვლელობაში ადანაშაულებდა, დამნაშავედ სცნო. მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ მრელაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დარბაზშივე დააპატიმრა. განსასჯელის ადვოკატი, რომელსაც მრელაშვილის დაცვის საშუალება წაართვეს, სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

ავტოავარია თელავში 2007 წლის 25 მარტს მოხდა. ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელსაც საპატრულო პოლიციის ოფიცერი ბესიკ მრელაშვილი მართავდა, 20 წლის გიგა ჩარბაძეს გზის გადაკვეთისას დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავებული ჩარბაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინციდენტის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ დანაშაულის დაფარვა სცადა და გამოძიების ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, პროკურატურას ისინი პასუხისგებაში დღემდე არ მიუცია.

კახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება პირველ მაისს დაასრულა. საქმე განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს იმავე დღეს გადაეგზავნა. მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ სასამართლო პროცესი 2 მაისს ჩანიშნა, რაც მხარეებს პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს. მიუხედავად ამისა, როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული და მისი ადვოკატი სასამართლო პროცესზე გამოცხადდნენ. ბრალდებულის ადვოკატმა თამარ მეტრეველმა მოსამართლის აცილება და საქმის განხილვის გადადება იშუამდგომლა, მაგრამ უშედეგოდ. მოსამართლე ცერცვაძემ ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში საქმის განსახილველად შეტანის შემდეგ, მხარეებს 3 დღის ვადა მაინც უნდა მიეცეთ დასრულებული გამოძიების მასალების გასაცნობად, შუამდგომლობების მოსამზადებლად და ა.შ. მიუხედავად ამისა, მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დროს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრიცაა, უხეშად დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი იგნორირება მოახდინა. უბრალოდ, მან სიტყვის თქმის საშუალებაც არ მომცა და დარბაზიდან იმ დროს გავიდა და პროცესი დასრულებულად გამოაცხადა, როცა მე სხდომის ოქმში შესატანად შენიშვნას ვაკეთებდი. მან პროცესი დაზარალებულის ადვოკატის გამოუცხადებლობის მიზეზით 7 მაისისთვის გადადო. აღნიშნულიც გავაპროტესტე და განვაცხადე, რომ 5 დღე არ იყო საკმარისი დრო, საქმის მასალების გასაცნობად და მოსამზადებლად, რაც ასევე არ გაითვალისწინეს. იმავე დღეს ჩამბარდა სასამართლო უწყება, სადაც აღნიშნულია, რომ პროცესი დანიშნული იყო 7 მაისს 13 საათზე. 3 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, მირეკავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მეუბნება, რომ მას მოსამართლის თანაშემწემ ეკა წაწალაშვილი დაუკავშირდა და აცნობა, რომ სხდომა 4 მაისისთვის გადმოიდო. მიზეზად მოსამართლის მოუცლელობა დასახელდა, რადგან იგი თურმე 7 მაისისთვის მივლინებაში მიბრძანდებოდა. 4 მაისს მე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესები მქონდა. ამის შესახებ მოსამართლეს შევატყობინე, წერილიც გავუგზავნე და ვთხოვე, გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალა და სასამართლო პროცესი გადაედო, რათა არ შელახულიყო განსასჯელის დაცვის უფლება, რაც მან არ გაითვალისწინა,“ - აცხადებს ადვოკატი თამარ მეტრეველი.

მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ განსასჯელ ბესიკ მრელაშვილს სახაზინო ადვოკატად ბელა გარსევანიშვილი დაუნიშნა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას განსასჯელი არ დაეთანხმა და ადვოკატს აცილება მისცა. „ადვოკატი გარსევანიშვილი არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, შესაბამისად, ის ვერ დაიცავს ჩემს უფლებებს და პროცესში მხოლოდ ფიქტიურად მონაწილეობს, იმისათვის, რომ დღესვე გამომიტანონ განაჩენი,“ - აღნიშნა ბესიკ მრელაშვილმა.

მოსამართლემ სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად რამდენიმე წუთი მისცა. შესვენების გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ცერცვაძემ ბელა გარსევანიშვილი საკუთარ სამუშაო ოთახში დაიბარა. პროცესის გაგრძელების შემდეგ განსასჯელმა და მისმა ახლობლებმა აიძულეს ადვოკატი გარსევანიშვილი, რამდენიმე შუამდგომლობა დაეყენებინა, რამაც სახელმწიფო ბრალმდებელი, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი დავით ანდრიაშვილი გააღიზიანა. ამასთან ერთად, იგი ზეწოლას ახდენდა მოწმეებზე. როგორც კი რომელიმე მოწმე წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს ვერ დააზუსტებდა, მათ დეტალებს ახსენებდა და მოწმეთა მისამართით დასმულ შეკითხვებზე, თავადვე პასუხობდა. სასამართლო პროცესზე ექვსი მოწმიდან ოთხი დაიკითხა. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ ავტოავარია შორიდან დაინახეს და მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული, რადგან ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

სასამართლო პროცესს დაზარალებული მხრიდან არავინ დასწრებია.
მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ საქმის სასამართლო გამოძიება 43 წუთში დაასრულა.

პროკურატურა განსასჯელისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, სასამართლომ კი მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მრელაშვილი მანდატურის თანამშრომლებმა დარბაზშივე დააპატიმრეს.

- ბატონო ბესიკ, თავს დამნაშავედ არ სცნობთ?- კარგად ნახეთ, როგორი პროცესიც ჩაატარა ქალბატონმა მოსამართლემ და რაც მოხდა. რაც შეეხება ჩემს მიერ დუმილის უფლების გამოყენებას, შეიძლება ითქვას, მე დუმილის უფლება არც გამომიყენებია, რადგან შესაძლებლობების ფარგლებში თავად ვცდილობდი საკუთარი თავის დაცვას, რადგან ადვოკატი მოსამართლისა და პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. მას თავადაც არ სურდა, ჩემს მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, დაცვის განხორციელება, მაგრამ აიძულეს. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტურად უკანონოა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. გინახავთ სადმე რამდენიმე წუთში დასრულებული სასამართლო გამოძიება?“ - განაცხადა ბესიკ მრელაშვილმა.

მრელაშვილის ბრალდებებთან და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა ადვოკატმა ბელა გარსევანიშვილმა. სასამართლოს შენობიდან ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გააცილეს.

სასამართლო პროცესს როგორც ჟურნალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ ისინი მრელაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეჭვს ქვეშ არ აყენებდნენ, მაგრამ მათი თქმით, დამნაშავის დასჯა არ უნდა ხდებოდეს, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები