კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოს დაცვის სამინისტრო ვალს არ ისტუმრებს

14 მაისი, 2007

hidrosadgurib.gif

71 წლის სულიკო ხურციძემ ქუთაისის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში 29 წელი იმუშავა. აქედან ბოლო 10 წელი - ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 2005 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნული სამსახურის ყველა თანამშრომელს გათავისუფლებაზე განცხადება დააწერინეს, თითქოსდა, მოსალოდნელი ატესტაციის გამო. სინამდვილეში არავითარი ატესტაცია არ ჩატარებულა.

საახალწლოდ კი, სულიკო ხურციძემ და მასთან ერთად აღნიშნული სამსახურის კიდევ 115 თანამშრომელმა მინისტრის ბრძანება მიიღეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმ მოტივით, რომ ბოლო პერიოდში ისინი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდნენ, დათხოვნილ თანამშრომლებს საკომპენსაციო თანხაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, ორი თვის ხელფასის ოდენობას შეადგენს, იმთავითვე უარი უთხრეს.აღნიშნული კომპენსაციის გარდა, ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ყოფილ თანამშრომლებს 1998 – 2000 წლების გარკვეული თვეების ხელფასიც მიუღებელი ჰქონდათ.

ამ შემთხვევაში ყოფილმა უფროსმაც თავისი თანამშრომლების ბედი გაიზიარა და სულიკო ხურციძეც, დანარჩენების მსგავსად, კომპენსაციისა და სახელფასო დავალიანების გასტუმრების გარეშე დარჩა. მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის ივნისში კუთვნილი 1999 – 2000 წლების დარჩენილი სახელფასო დავალიანებისა და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მისი მოთხოვნის პირველი  ნაწილი დააკმაყოფილა, ხოლო კომპენსაციაზე უარი უთხრა.

სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუყოვნებლივ გადაეგზავნა. აგვისტოში სულიკო ხურციძემ თავად მიაკითხა აღნიშნულ სამინისტროს, სადაც დაუდასტურეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და შესასრულებლად ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტშია გადაგზავნილი.

„იქაც მივედი და იურისტ შორენა იოსებიძეს შევხვდი, რომელმაც მკვახედ მიპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არაკანონიერად მიიჩნევს და მის შესრულებას მისი სამსახური არ აპირებს. აი, ასე გამომისტუმრეს დეპარტამენტიდან, რომლის სისტემაში 29 წელი ვიმუშავე,“ - ამბობს სულიკო ხურციძე.

ამის შემდეგ მოსარჩელე კვლავ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა, საიდანაც სააღსრულებლო ფურცელი მიიღო და ისევ თბილისის გზას გაუდგა. მან ამჯერად იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ სააღსრულებლო ბიუროს მიაკითხა, სადაც 2007 წლის 23 იანვარს ამოიწერა გამაფრთხილებელი წერილები საქართველოს ფინანსთა და გარემოს დაცვის სამინისტროებზე. აღნიშნული წერილები მოსარჩელემ თავად ჩააბარა მითითებულ უწყებებს, მაგრამ მათგან რეაგირება არ მომხდარა.

გასულ კვირას სულიკო ხურციძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს მიმართა და ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გზის პოვნაში დახმარება სთხოვა. როგორც ირკვევა, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის გაუქმებისა და ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ, თანამშრომლებს ყოველწლიურად ერთწლიანი ხელშეკრულებები უფორმდებოდათ. შესაბამისად, ხელშეკრულებების განახლების დროს განხორციელდა ეტაპობრივი შემცირებაც, რომლის შედეგადაც, 2005 წლის დასაწყისში აღნიშნული სამსახურის დასავლეთის განყოფილებაში 189 თანამშრომელი დარჩა, 2006 წლის დასაწყისში - 75, ხოლო, მიმდინარე წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად კი - 28.

რეორგანიზაციის შედეგადვე, ქუთაისის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიას სტატუსიც შეეცვალა და ამჟამად იგი მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის კოლხეთის ფილიალს წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელის ავთანდილ ქვაჩაკიძის განმარტებით: „ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს სისტემაში განხორციელდა, სამსახურის ნგრევასა და კვდომას განაპირობებს. ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე რუდუნებით ქმნიდნენ აღნიშნულ სფეროს, უცერემონიოდ დაითხოვეს. თანაც ისე, რომ სამსახურს მათ წინაშე არსებული დავალიანებაც არ გაუსტუმრებია. ყოფილი თანამშრომლები კვლავაც ჩვენ გვაკითხავენ და ძნელია მათ ავუხსნათ, რომ უძლურნი ვართ.“

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების წინაშე არსებული სახელფასო თუ საპენსიო დავალიანების დაფარვა დაიწყო, ქუთაისელ მეტეოროლოგებსაც იმედი მიეცათ. თუმცა, თანხები, რაც თითოეულ თანამშრომელზე 500 – 600 ლარს შეადგენს, დღემდე გაუცემელია.

დათხოვნილი თანამშრომლებისათვის აღნიშნული თანხა სერიოზულ საარსებო წყაროს წარმოადგენს, მაგრამ იმის გამო, რომ თანამშრომელთა უმეტესობა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდანაა და ქუთაისში ჩამოსვლაც უჭირთ, ცხადია კომპენსაციის სათხოვნელად თბილისში ვერ წავიდოდნენ.

კუთვნილი სახელფასო დავალიანების სასამართლოს გზით მიღების პრეცედენტის შექმნას ქუთაისელი სულიკო ხურციძე შეეცადა, მაგრამ მასაც უკვე იმდენჯერ მოუხდა ამისათვის თბილისში ჩასვლა, რომ, როგორც თვითონ ამბობს, ასაღები 507 ლარი თითქმის გზაში დახარჯა.

რაც შეეხება აღნიშნული სამსახურის ცაგერელ, ლენტეხელ, ბახმაროელ თუ ალპანელ თანამშრომლებს, რომელთა რაოდენობაც თითქმის ორასამდეა, კუთვნილი თანხის მიღების იმედი თითქმის გადაწურული აქვთ.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები