კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოველი მეხუთე ქალი ძალადობის მსხვერპლია (I ნაწილი)

15 მაისი, 2007

genderib.gifXXI საუკუნეში კავკასიურ ოჯახებში გენდერული ბალანსის დაცვა ისევ პრობლემას წარმოადგენს. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა თანამედროვე საქართველოშიც ვერ ხერხდება და სუსტი სქესი ძირითადად ოჯახში, ქვედა რგოლებსა და დაბალანაზღაურებად სამსახურებში ასოცირდება. არასამთავრობოები პრეტენზიებს სახელმწიფოს უყენებენ და ქალთა მიმართ სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ითხოვენ.

საქართველოში ქალები სხვადასხვა სტრუქტურებში ძირითადად ქვედა რგოლებში არიან გადანაწილებულები და გადაწყვეტილებების მიღებაში ნაკლებად მონაწილეობან. მაგალითად, თუ წლების წინ ქართულ პოლიტიკაში ქალები საერთოდ არ ჩანდნენ, 1998 წლის არჩევნებზე 14%-ს ქალები შეადგენდნენ, 2002 წელს კი 12%-ს, 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი მათი რაოდენობა 11,5%-მდე შემცირდა. თუმცა, არის რეგიონები, სადაც თვითმმართველ ორგანოში ქალი საერთოდ არ არსებობს. მაგალთად, გურჯაანი, თიღვის თემი, ნინოწმინდა, ვანი, ჭიათურა, ბათუმი და სხვა.  

ის, რომ გენდერული თანასწორობა კავკასიის პრობლემაა, ის კვლევაც ადასტურებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრმა“  2006 წელს საქართველოში ჩაატარა. მის მიხედვით, ქალთა უდიდესი ნაწილი განურჩევლად მათი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილისა, მძიმე ფიზიკური და ვერბალური ძალადობის ობიექტი ყოფილა. გამოიკვეთა ქალთა ნაწილი, რომელიც მუდმივი ძალადობის სამიზნეა და შველას ითხოვს. კვლევის მიხედვით, ოჯახური ჩაგვრისა და ზეწოლის საკმაოდ გავრცელებულ ფორმას მიეკუთვნება გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების შეზღუდვა, ეკონომიური ჩაგვრა, ფინანსური კონტროლი და სხვადასხვა ეკონოიმიური ხასიათის შეზღუდვები.

ერთობლივი თანაცხოვრების დროს წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტისას ქალთა მხოლოდ 45,7% აქვს ქმართან თანაბარი სიტყვის თქმის უფლება. რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავს უფლებას ვერ აძლევს, სხვების დაუკითხავად გადაწყვიტოს ის საკითხი, რაც პირადად მას ეხება. მათ 67%-ს ან საერთოდ არ გააჩნია საკუთარი შემოსავალი, ან საკმაოდ დაბალი შემოსავალი აქვს. გამოკითხულთა 56% საერთოდ არ მუშაობს, ან აქვს შემთხვევითი სამუშაო. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ მუშაობას მეუღლე უშლის. კითხვაზე რატომ არ მუშაობთ, ხშირ შემთხვევაში დასახელებულია მეუღლეების მხრიდან აკრძალვა. ასევე გამოიკვეთა ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები, როცა ქალს აგრძნობინებენ, რომ ის ქმრის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ასე ფიქრობს 44%. 56%-ის აზრით კი, მას გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია.

გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყოველი მეოთხე-მეხუთე ქალი აღიარებს მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. აღმოსავლეთ საქართველოში ფიზიკური ძალადობის გავრცელების მასშტაბები უფრო მეტია. რეგიონებში ქალთა გაცილებით მეტი წილი აცხადებს, რომ მათი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მეუღლის ყველა სურვილისა და მოთხოვნის შესრულება იქცა. ამ თავლსაზრისით განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები გამოირჩევიან.

როგორც „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტი გენდერულ საკითხებში რუსუდან გოცირიძე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, რადგან გამოკითხვა ანონიმური იყო, ქალბატონები გახსნილად საუბრობდნენ, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგი აჩვენა.

რუსუდან გოცირიძე: „ბუნებრივია, რომ ზოგადად კავკასიაში და კერძოდ საქართველოში გენდერული პრობლემა არსებობს. ჩვენს ორგანიზაციას ამ პრობლემასთან შეხება სხვადასხვა სახით უხდება. როგორც წესი, როცა ქალი ვინმესთან საშველად მიდის, მას სერიოზული პრობლემა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი პრობლემის შესახებ არსად საუბრობს. ასე ტრადიციებიდან გამომდინარე იქცევიან და ერიდებათ, ოჯახის პრობლემა გარეთ გაიტანონ. მეორე პრობლემაა ინფორმაციების არარსებობა და ის, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ, რა არის ძალადობა. სამწუხაროდ, ყოველი მეხუთე ქალი საქართველოში  სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის სხვადასხვა სახე არსებობს. ეს არის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიური. მაგალითად, საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა  ქალს მეუღლის ოჯახი სწავლის გაგრძელებას, მუშაობას, საყვარელი საქმის კეთებას უკრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ  ქართველები თავს ვდებთ, რომ საქართველოში ქალის კულტი არსებობს, მათ მიმართ ფიზიკურო ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.“

როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, მათ ცენტრს დასახმარებლად სხვადასხვა კატეგორიის ქალბატონები აკითხავენ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ოჯახიდან სასწრაფო ევაკუაცია სჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში, რადგან მათ თავშესაფარი არ გააჩნიათ, იმ ორგანიზაციებთან შუამდგომლობენ, ვისაც მათი პატრონობა შეუძლიათ.
 
„როცა ქალბატონები დახმარების თხოვნით გვაკითხავენ, პირველ რიგში მათთან სერიოზული სამუშაო ტარდება, რადგან დათრგუნვის შემდეგ საკმაოდ დაბალი თვითშეფასების უნარი გააჩნიათ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ადამიანები არიან და სანამ აუტანელ მდგომარეობამდე არ მივლენ, ძალადობა არ უნდა მოითმინონ. მეორე პრობლემა ის არის, რომ  საზოგადოება მარტოხელა დედების მისაღებად აბსოლუტურად მოუმზადებელია. თბილისში ეს შედარებით მიღებულია, რეგიონებში კი ამ მხრივ კატასტროფული სურათია. ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად რეგიონებში არიან. დედექალაქში კი თანდათანობით ჩამოყალიბდა აზრი, რომ მარტოხელა დედებიც არსებობენ და ისინი ამორალურ ქალებთან არ ასოცირდებიან.“

გენდერული პრობლემების არსებობას არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა ქსელის“ წარმომადგენელი ნინო ციხისთავიც ადასტურებს და სახელმწიფოსგან რადიკალური ზომების მიღებას ითხოვს. მისი თქმით, თანამედროვე საქართველოში გენდერული პრობლემა იმდენად არსებობს,  რამდენადაც სახელმწიფოს ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გააჩნია:
„სახელმწიფომ გასულ გაზაფხულს გენდერული თანასწორობის შესახებ კონცეფციის დოკუმენტი მიიღო, თუმცა ის მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. დღემდე  არ არის მიღებული გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა. ასე თუ ისე, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით,  მაგრამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკითხი ხშირ შემთახვევაში ფორმალურია.  როგორც კი საქმე არჩევნებში ქალების და კაცების თანაბარ მონაწილეობაზე მიდგება, ქალს პოლიტიკას არ აკარებენ. ქალები ქვედა რგოლებში - ყავის მომდუღებლებად და მდივნებად კი არ უნდა რჩებოდნენ, არამედ მათ ზედა დონეებში უნდა გადაინაცვლონ. ბოლოს და ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 54%  ქალია. სავალალო ვითარება გვაქვს იმ მიმართულებით, რასაც ქალებისთვის თანასწორი საშუალების მიცემა ჰქვია. მათ იმ საკითხების ლობირების საშუალება არა აქვთ, რომელიც პირადად მათ ეხებათ".

(ნაწილი II)http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=745

ეკა გულუა

ახალი ამბები