კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოველი მეხუთე ქალი ძალადობის მსხვერპლია (II ნაწილი)

16 მაისი, 2007

genderi2b.gif

გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით დედაქალაქთან შედარებით რეგიონებში რომ უარესი მდგომარეობაა, ამას არასამთავრობო ორგანიზაციათა კვლევაც (რომელზეც საუბარი პირველ ნაწილში იყო) ადასტურებს და თავად რეგიონის მოსახლეობაც. დუშეთის რაიონული საკრებულოს წევრი თამარ გოგინაშვილი ამბობს, რომ ქალთა გააქტიურების პროცესი საქართველოში ძალიან მდორედ მიდის: „განსაკუთრებით ემიგრაციის საკითხი მაღელვებს. თუ დუშეთის რაიონიდან მამაკაცთა და ქალთა გასვლას შევადარებთ, ქალთა რაოდენობა ჭარბობს. ძალიან ბევრია გასული, რაც ძალიან დიდი ტკივილია. ვიცი, რომ ისინი გაჭირვებამ და ოჯახის გადარჩენის სურვილმა გაიყვანა. ამის გამო შვილები დედებისა და მამაკაცები მეუღლეების გარეშე რჩებიან. მხოლოდ მატერიალური დაკმაყოფილება არ ავსებს ადამიანის იმ სულიერ სამყაროს რაც დედა-შვილობისთვის აუცილებელია. დუშეთში თითქმის სოფელი არ დარჩა, საიდანაც ქალები არ წავიდნენ. წასულები კი უკან ვერ ბრუნდებიან.“

იგივე პრობლემა არსებობს რაჭაშიც. როგორც ამბროლაურის საკრებულოს წევრი და ქალთა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო სოხაძე აცხადებს: „ქალების საზოგადოებაში გამოსაყვანად აქტიური მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავიდან ძალიან ცოტა მსმენელი გვყავდა და ხშირ შემთხვევაში, მათაც მეუღლეები მოჰყვებოდნენ ხოლმე. კითხულობდნენ, რაშია საქმე, ჩვენს ცოლებთან რა გინდათო. თავიდან ძალიან გაჭირდა მათთან მუშაობა და ტრეინინგებში ჩართვა. როცა დარწმუნდნენ, რას ვაკეთებდით და მიხვდნენ, რომ ქალი უნდა იყოს არა მონა, არამედ განათლებული და ერუდირებული მეუღლე, წინააღმდეგობა ნელ-ნელა გადალახეს. ეს ყინული თანდათანობით ლღვება.“

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანოზაციების დამოკიდებულებას, როგორც ნინო ციხისთავი ამბობს, მათი პოზიცია მკვეთრად კრიტიკულია: „მათთან რეგულარულად ვთანამშრომლობთ და ინფორმაციას ვცვლით.  მათი რეკომენდაციები პირველ რიგში იმ ოფიციალური ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს,  რასაც საქართველომ ხელი სხვადასხვა წლებში მოაწერა. ეს არის ეუთოს, ევროსაბჭოს რეკომენდაციები და სხვა. ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაცია კონკრეტულად საქართველომ გასული წლის 13 აგვისტოს მიიღო, როდესაც ნიუ იორკში ქალის დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საქართველოს ანგარიში განიხილეს.“

ციხისთავის დასკვნით, თუ წლების წინ ქალი მხოლოდ ოჯახში ასოცირდებოდა და გენდერული თანასწორობა ტაბუდადებული თემა იყო, დღეს ქალების დიდი ნაწილი უმძიმეს სამუშაო პირობებთან ასოცირდება: „ქართველი ქალების დიდი ნაწილი დღეს ქუჩის ბაზრობებზე, მძიმე სამუშაოებსა და ტრასებზე ვაჭრებად მოშაობენ. ამას სამუშაო პირობები ნამდვილად არ ჰქვია. ეს არის თანამედროვე საქართველო? მაშინ როგორღა ასოცირდება ქალი ოჯახში? ქალები საზღვარგარეთ იმისთვის გადიან, რომ შვილებს საკვები გამოუგზავნონ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ქალთა უფლებები დაცული არ არის. პირიქით, გენდერულ ბალანსზე ლაპარაკი ჯერ ისევ ნაადრევია“.

ერთ-ერთი გამოსავალი, რასაც რესპონდენტი ხელისუფლებას სთავაზობს, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებთან დიალოგი დაიწყოს. მისივე თქმით: „ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ბევრ ქვეყანას ისეთი საკითხები, როგორიც არის ძალადობა ქალზე, ქალის სოციალური მდგომარეობა, ქალის ჩაურთველობა პოლიტიკაში, ქალის მიუკარებლობა გადაწყვეტილებებთან და ასე შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აქვს შეტანილი“.

ის, რომ ქალბატონების ძირითადი ნაწილი მამაკაცებთან შედარებით უუფლებოა და საკუთარ თავს მამაკაცის თანასწორად არ მიიჩნევს, ერთ-ერთი მოკლე ინტერვიუდანაც ჩანს, რომელიც „ადამიანის უფლებათამ ცენტრმა“ 37 წლის რესპონდენტისგან, ლელასგან (მისივე თხოვნით გვარს არ ვუთითებთ) აიღო.

ჟურნალისტი: თვლით, თუ არა, რომ საქართველოში გენდერული ბალანსი დაცულია?    
რესპონდენტი:
  ეს ასე ნამდვილად არ არის და არც უნდა იყოს. საქართველო ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა და მის მიხედვით, მთავარი სიტყვა შინ და გარეთ მამაკაცს ეთქმის. გენდერული თანასწორობის მომხრე ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს. რომ ქალი მონა უნდა იყოს, ან უწიგნური, ან გაუნათლებელი და ასე შემდეგ.

- სიტყვა „მონა“ რატომ ახსენეთ, ქართველი ქალები ამ პრობლემის წინაშე დგანან?

-  ბუნებრივია, გენდერული პრობლემები სააშკარაოზე არ გამოდის, თუმცა, ქალების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემას უჩივის. პირად მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მე ჩემი ოჯახის მონა ვარ, თუმცა, სხვა გამოსავალი არ მაქვს.

-   რას გულისხმობთ, იქნებ დააკონკრეტოთ?

-  იმას, რომ მეუღლის ოჯახი არც მუშაობის უფლებას მაძლევს, არც საყიდლებზე მარტო გასვლის,  თავის დროზე სწავლის გაგარძელებაც ამიკრძალეს, პირად საკითხებშიც თავად ერევიან, ერთი სიტყვით, ჩემს მაგივრადაც თავად წყვეტენ ყველაფერს. არადა, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის. ამაზე იმიტომ გესაუბრებით, რომ დამპირდით, ჩემს ვინაობას არ გაამხელდით. ის ქალბატონები, ვისთანაც ურთიერთობა მიწევს, ყველანი იმას ჩივიან, რომ მამაკაცი ბატონია, ქალი კი მონა. აი, ეს არის ქართული სინამდვილე და სენი. ეს არის მასის პრობლემა და არა ჩემი, ერთი კონკრეტული ოჯახის სატკივრი.“     
   
კანონმდებლობა

რაც შეეხება კანონმდებლობას, არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი თუ ნორმატიული აქტი არსებობს, რომელიც გენდერულ ბალანს იცავს და ყოველგვარ ძალადობას გმობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლის მიხედვით: „ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“

იმავე დეკლარაციის მე-5 მუხლით: „არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს“.

გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო აქტით: „არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ სასჯელს“ (მე-7 მუხლი).

„თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და წესისა“ (9.1 მუხლი).

„წინამდებარე პაკეტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლება, ისარგებლონ წინამდებარე პაკეტით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებით“. (მე-3 მუხლი).

ასევე არაერთი საერთაშორისო აქტი არსებობს, რომელიც აღნიშნულ ნორმებს და თანასაწორობას იცავს. მაგალითად: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია“. „კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ (CEDAW), გაეროს დეკლარაცია ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და სხვა.

რაც შეეხება სტატისტიკას გენდერული ბალანსის შესეხებ, მსგავსი ციფრები საქართველოში არ არსებობს. 2005 წლის მონაცემებით კი 15 წლის ზევით ეკონომიურად აქტიურ მოსახლეობაში მამაკაცთა ოდენობა 1461.0 ათასს შეადგენდა, ქალთა - 1699.0-სს; სამუშაო ძალა 1074.0 ათასი იყო კაცი, 945.5 ათასი - ქალი; დასაქმებული იყო 915.2 კაცი, 829.4 ქალი; თვითდასაქმებული - 600.5 კაცი, 542.8 ქალი; დასაქების დონე პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა - 62.6% კაცი, 48,8% ქალი.

ეკა გულუა

ახალი ამბები