კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მთავრობა გარემოვაჭრეებს უტევს

17 მაისი, 2007

garevaWrobab.gif

„ქუთაისის ადგილობრივ მთავრობას გარემოვაჭრეების ჯინი აქვს. სხვა რა დავარქვათ მათი მხრიდან ჩვენს დევნას, არ ვიცი. ვდგავართ აქ წვიმაში, ქარში, პაპანაქება სიცხეში და ვცდილობთ ორი ღერი მწვანილი გავყიდოთ, რომ სახლში ლუკმა პური მივიტანოთ და ოჯახი გამოვკვებოთ. ესენი კი ყველა ღონეს ხმარობენ, საარსებო წყარო გადაგვიკეტონ. არ ვიცით, ამას როდემდე მოვითმენთ,“ - აცხადებენ ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე ადამიანები.

მათ ქუთაისის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მხრიდან უკვე თვეებია უხეში დამოკიდებულებისა და დიდი  ზარალის ატანა უხდებათ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა სამსახურმა „ურჩი გარემოვაჭრეების“ მიმართ სადამსჯელო ღონისძიება არაერთხელ გაატარა, ისინი დანებებას მაინც არ აპირებენ. ესაა ოღონდ, ამ ბოლო დროს, დღის დასასრულს, შინ ნავაჭრის ნაცვლად ცარიელი ტომრებით ბრუნდებიან.

„ორი დღის წინ  თავზე სამი მამაკაცი დამადგა და არც არაფერი უკითხავთ, ისე დასტაცეს ხელი ჩემს ტომრებს და გაარბენინეს. თან მომაძახეს, ნორმალური ლაპარაკი თქვენ არ გესმით და იქნებ ახლა მაინც ისწავლოთ ჭკუაო. ჩემს გვერდით მოვაჭრეებსაც ბევრჯერ გადაუყარეს პროდუქტი. გუშინ სამი შვილის დედამ ბაზრის ბოლომდე სდია, რომ ის ჩანთა წაერთმია პოლიციელებისთვის, რომელიც წაართვეს. ეს რა უბედურებაა... ხომ შეიძლება ნორმალურად დაგველაპარაკონ და საშველი გამოგვიჩინონ, რომ თვითონაც დაისვენონ და ჩვენც მუდმივი შიშის ქვეშ არ ვიყოთ?“ - ამბობს მარინა გიორგობიანი. ის და მისი მეზობელი მოვაჭრეები ცენტრალურ ბაზარში ადგილების გამოყოფას მოითხოვენ. სხვა შემთხვევაში უკან დახევას არ აპირებენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყო. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, ქვეითი პატრულის დახმარებით, იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულ მოვაჭრეებს ბევრჯერ დაუნგრიეს სახელდახელოდ მოწყობილი დახლები.

რამდენიმე დღის წინ კი, ქუთაისის საკრებულომ სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ურჩი გარემოვაჭრეები მომავალში სათანადოდ დაისჯებიან. „ეს საკითხი დღემდე მოუწესრიგებლად ითვლებოდა. ამიტომ ადგილობრივმა მთავრობამ გამოსავალი მონახა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს გარევაჭრობა. თუმცა, არსებობს გარკვეული სახეობები, რომლის გაყიდვაც დაშვებული იქნება. ესენია: პრესა, ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები და ა. შ. დასახელებული პროდუქტიც მხოლოდ მითითებულ ადგილზე გაიყიდება. სხვა შემთხვევაში, მოვაჭრეებს ჩამოერთმევათ პროდუქტი და გადაეცემთ ინვალიდთა სახლს, ან ბროწეულას სკოლა-ინტერნატს. ჩვენ ეს უკვე რამოდენჯერმე გავაკეთეთ და ხალხიც კმაყოფილი დაგვრჩა. თან წესრიგიც დავამყარეთ. გარემოვაჭრეებს კი ადგილებს ცენტრალურ ბაზარში ვთავაზობთ, სადაც შეუძლიათ, პროდუქტი თავისუფლად გაყიდონ,“ - ამბობს ქუთაისის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზაზა სულაძე.

როგორც ირკვევა, შეთავაზებული ადგილები რეალურად არ არსებობს, რადგან გარემოვაჭრეების მოთხოვნა თითქმის წელიწადზე მეტია, ერთია - გამოიყოს მათთვის სავაჭრო ადგილები და ყველა გამყიდველი (როგორც ბაზრის შიგნით, ისე - გარეთ) თანაბარ პირობებში იყოს.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან  

ახალი ამბები