კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტები საკრედიტო კავშირს უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ

17 მაისი, 2007

universitib.gif

გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის სტუდენტები საკრედიტო კავშირის წინააღმდეგ გამოდიან. მცირე აკადემიის თვითმმართველობის წევრები იმ სტუდენტთა უფლებების დაცვას ითხოვენ, რომლებიც საკრედიტო კავშირში გაწევრიანდნენ. გაწევრიანების მიზეზი სახარბიელო ჩანდა, საკრედიტო კავშირი წევრებს სწავლის საფასურის დასაფარად  ერთ პროცენტიან სესხს სთავაზობდა.

განათლების სამინისტრო საკრედიტო კავშირის დაფუძნებას სიხარულით შეხვდა, რადგან განათლების რეფორმისთვის ასეთი გზა საზღვარგარეთის ქვეყნებში უკვე რამდენიმე ათეული წელია აპრობირებულია. საკრედიტო კავშირი გაჭირვებულ ოჯახებს საშუალებას აძლევს მათმა შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ.

სტუდენტებმა საკრედიტო კავშირში გაწევრიანებისთვის 60 ლარი გადაიხადეს. ეს იმისთვის, რომ შემდგომ საჭიროების შემთხვევაში  შეღავათიან სესხს მიიღებდნენ, ხოლო ის წევრები, რომლებსაც სესხი არ სჭირდებოდათ, საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი დავით დობორჯგინიძე  უფრო  საინტერესო  წინადადებებსაც სთავაზობდა: კომპიუტერები განვადებით, ექსკურსიები, საზღვარგარეთ სწავლება, ინგლისური ენის უფასოდ შესწავლა და ა.შ.

საკრედიტო კვშირმა შესანიშნავი ვებ - გვერდიც გააკეთა და ეს შეთავაზებები იქაც განათავსა, მაგრამ მიუხედავად ამისა მომჩივანი სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ჰყავს.

გორელმა სტუდენტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს საკრედიტო კავშირის ფინანსური მაქინაციები. ზურა გაბარაშვილი გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელია. საკრედიტო კავშირში კი იმიტომ გაწევრიანდა, რომ ფიქრობდა,  სესხს შეღავათიან პირობებში მიიღებდა და სწავლის ქირას დაფარავდა, მაგრამ საკრედიტო კავშირისგან მოტყუებული დარჩა და თანხის გადაუხდელობის გამო, დღეს გარიცხვის კანდიდატია.

„ველოდებოდი, რომ საკრედიტო კავშირი თანხას გადმომირიცხავდა. დობორჯგინიძე დამპირდა, ჩვენი პრობლემის გასარკვევად გორშიც კი ჩამოვიდოდა და თანხას აუცილებლად გადმოგვირიცხავდა. მოვითხოვ, დაპირებისმებრ  გამოიყოს ჩემთვის კრედიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მივმართავ. რადგან ეს ადამიანი ამდენი ხნის მანძილზე გვატყუებდა. საწევრო თანხა შეტანილი მაქვს, იმის დაბრუნებაზეც კი უარს ამბობს,“ - ამბობს ზურა გაბარაშვილი.

ასეთივე პრობლემა აქვს ანი კვირიკაშვილს. ანიც იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. საკრედიტო კავშირში ისიც იმის გამო გაწევრინდა, რომ სწავლის საფასური კრედიტის წყალობით დაეფარა. სტუდენტი იმის გამო, რომ სასწავლებლიდან არ გაირიცხოს, სესხის გამოტანას ამჟამად ბანკიდან აპირებს. გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები საკრედიტო კავშირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. მათთვის გაუგებარია სად წავიდა თუნდაც ის თანხები, რომლებიც სტუდენტებმა გაწევრიანებისთვის გადაიხადეს. უნივერსიტეტიდან თანხის გადაუხდელობის გამო ერთ-ერთი სტუდენტი ლექსო სუხიტაშვილი მანამდე წავიდა, ვიდრე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელები მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

„ჩვენ გვინდა თანადგომა გამოვუცხადოთ დაზარალებულ სტუდენტებს. ლექსო საუკეთესო სტუდენტია, მაგრამ, აკადემია იმიტომ დატოვა, რომ კრედიტის ლოდინში 3000 ლარი დაუგროვდა გადასახდელი. დობორჯგინიძე დახმარებას დღემდე ჰპირდებოდა.  მოვითხოვთ საკრედიტო კავშირმა საკუთარი  დებულება შეასრულოს და ამ სტუდენტებს დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სასამართლოს მივმართავთ,“ - აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ტატო ტერუნაშვილი.

აღნიშნული საკითხით მცირე აკადემიის ლექტორ - მასწავლებლებიც შეწუხებულნი არიან:

არინა თავაქარაშვილი, ლექტორი: „ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, საკრედიტო კავშირის თავმჯდომარე რომ გამოვიდა და განცხადება გააკეთა, ამ ბავშებს იმიტომ არ ვეხმარებით გადამხდელუუნაროები არიანო. ეს ბავშვები ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხნენ  უმაღლესში, ისინი კორუმპირებული გზით არ მოსულან. დახმარება რომ არ სჭირდებოდეთ კრედიტს აღარ მოითხოვდნენ. ჩვენი სტუდენტების გარდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში მოიძებნება ბავშვი, რომელსაც საკრედიტო კავშირი ატყუებდა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს რევაზ ნადირაძეს, დობორჯგინიძემ ასეთი პასუხი გასცა: „ჩემს იმედზე იყვნენ შენი მშობლებიო“. დობორჯგინიძე ამბობს რომ სხვებს ეხმარება, გორში რატომ არიან დისკრიმინირებულნი? ჩვენ სამართლებრივი გზით მოვითხოვთ პასუხი აგოს საკრედიტო კავშირის ხელძღვანელმა.“

საკრედიტო კავშირის თავმჯდომარე დავით დობორჯგინიძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში თუ სტუდენტები იჩივლებენ:

„ჩვენი კავშირი შემონატანებს ეფუძნება. ჩვენ არ გავცემთ კომერციაზე გამოდევნებულ სესხებს, საუბარია მხოლოდ ერთ პროცენტზე. ასეთი სახის ორგანიზაცია ახალია და ჩვენი მუშაობის წესები ბევრისთვის გაუგებარი რჩება. სესხების გაცემა დაწყებული გვაქვს. ჩვენ რესურსცენტრების შექმნას ვაპირებთ, სადაც სტუდენტებს დავასაქმებთ.  ჩვენ ისეთი სუფთები ვართ, როგორც თეთრი ფურცელი. არ ვიცი რა ვიღონო იმის გამო, რომ ჟურნალისტები საკითხს ასე მწვავედ აშუქებენ. ზოგიერთ სტუდენტს ძალიან დიდი დავალიანება აქვს და სასწვლებელში არც ერთი თეთრი არა აქვს გადახდილი, ჩვენ მას რომ დავეხმაროთ სესხს, რა თქმა უნდა, ვერ დაფარავს,“ -აცხადებს დავით დობორჯგინიძე.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები