კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში დევნილთა გასახლება იწყება (ნაწილი I)

21 მაისი, 2007

33 დევნილი ოჯახი პირველ ივნისს გასახლების შიშით ელოდება

gasaxlebab.gif

ზუგდიდში გრიბოედოვის ქუჩაზე ყოფილ „ყრუ-მუნჯთა” საზოგადოების შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 33 ოჯახი შესაძლოა მალე ღია ცის ქვეშ დარჩეს. აფხაზეთიდან დევნილები ამ შენობაში 1998 წლიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჩასახლებით ცხოვრობენ. როგორც იქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, შენობა არასაცხოვრებელ პირობებში დახვდათ და თავიანთი სახსრებით შეაკეთეს.

გასახლების შესახებ ცნობა დევნილებმა ვინმე ნიკოლოზ კვიკვიანასგან მიიღეს, მის მიერ გამოგზავნილ გაფრთხილების წერილში ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ მე ნიკოლოზ კვიკვიანიამ 2006 წლის პირველ სექტემბერს შპს “შამოს” საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, მდებარე ქ.ზუგდიდში, გრიბოედოვის ქ.#5—ში შევიძინე. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ჩემს სახელზე... გაძლევთ წინადადებას პირველ ივნისამდე უზრუნველყოთ ადმინისტრაციული შენობის ნებაყოფლობით დაცლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფრთხილებთ, რომ თქვენი გამოსახლება განხორციელდება იძულების წესით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად.”

ნათელა ქობალია ერთ-ერთი იმათგანია, ვინც „ყრუ-მუნჯთა ასოციაციის” შენობაში უკვე თითქმის 10 წელიწადია ცხოვრობს და ეს მისთვის ერთადერთი თავშესაფარია. გასახლების შესახებ მიღებულმა ცნობამ ის ააფორიაქა, თუმცა გასახლებაზე მეტად იმაზე წუხს, რომ არანაირი ალტერნატივა მათთვის ჯერ არავის შეუთავაზებია. „ჩვენ უკანონოდ და უნებართვოდ ჩასახლებულები არ ვართ. გასახლებით დევნილები თბილისშიც გაასახლეს, მაგრამ მათ თანხა მისცეს ან თავშესაფრით უზრუნველყვეს, ჩვენთვის კი ჯერ ოფიციალურად არაფერი შემოუთავაზებიათ, არადა გვეუბნებიან, შენობა პირველ ივნისამდე დაცალეთო. ჩვენამდე ისეთი ხმები მოვიდა, თითქოს ჩვენს გადასახლებას სოფელ თორსაში აპირებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ეს ისეთი ადგილია, რომ სკოლამდე მანქანაც ვერ მიდის და 7 კილომეტრი ფეხით უნდა გაიარო. კანონის მიხედვით კი დევნილების გასახლების შემთხვევაში მათი პირობები უნდა გაუმჯებესდეს, ჩვენ თუ თორსაში გაგვასახლებენ ეს გასახლება კია არა გადასახლება იქნება, ისევე როგორც ციმბირში ასახლებდნენ ხალხს,” - ამბობს ნათელა ქობალია.
 
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის კოორდინატორის თორნიკე კილანავას თქმით, დევნილების გასახლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთული და სერიოზული პრობლემაა:  „რაც დრო გადის, სიტუაცია უფრო მძიმდება, მობინადრეები იქ სამართლიანად ჩასახლდნენ, სამინისტრო წლების განმავლობაში იხდიდა მათთვის შუქის ფულს, ასევე არაერთხელ ჩაუტარდა შენობას რემონტი. როცა ეს ადამიანები აქ ჩასახლდნენ, შენობა აბსოლუტურად განადგურებული იყო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შენობა გადახურა, თვითონ დევნილებმა მოაპირკეთეს ეზო და შენობა საცხოვრებლად მოაწყვეს. მათი პირობები გადასახლებით არ უნდა გაუარესდეს, პირიქით უნდა გაუმჯობესდეს.  კანონი არ უნდა იყოს დიფერნცირებული სხვადასხვა ქალაქებში ჩასახლებულ დევნილთა მიმართ, ისევე როგორც სხვა ქალაქებში მცხოვრებ დევნილებს, მათაც უნდა გამოეყოთ საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი რაოდენობის თანხა,” - ამბობს თორნიკე კილანავა და დასძენს, რომ დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფომ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, იურისტი ზაზა ქვაცაბაია მიიჩნევს, რომ დევნილების საცხოვრებლით დაუკმაყოფილებლად გასახლება მათი უფლებების უხეში დარღვევაა: „დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ დევნილების მიერ კომპაქტურად ჩასახლებულ შენობას ახალი მეპატრონე გამოუჩნდება, ინვესტორი ვალდებულია დევნილები საცხოვრებელი პირობებით დააკმაყოფილოს. ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც დევნილთა პირობები კომპაქტურად ჩასახლებულ შენობასთან შედარებით არ გაუარესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა და ისედაც უმძიმეს პირობებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების აბუჩად აგდება,” - ამბობს ზაზა ქვაცაბაია.

დევნილებმა დახმარებისთვის რამდენიმე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, დევნილები ჯერაც „ყრუ-მუნჯთა ასოციაციის” შენობაში  პირველი ივნისისა და პოლიციის ძალისხმიერი გასახლების მოლოდინში ცხოვრობენ და დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები