კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებულები გარდაცვლილის რეაბილიტაციას ითხოვენ

23 მაისი, 2007

policia0.gif2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული 19 წლის ვარლამ ფხაკაძის საქმის გამოძიება საეჭვოდ გაჭიანურდა, რაც გარდაცვლილის ახლობლების პროტესტს იწვევს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული.

2006 წლის 7 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში წინასწარი გამოძიება დაიწყო ვარლამ ფხაკაძის მიმართ სსსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას ითვალისწინებს, მაგრამ ვინაიდან დანაშაულში ეჭვმიტანილი მძიმედ იყო დაჭრილი, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. იგი მიყენებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
იმავდროულად წინასწარი გამოძიება დაიწყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ 114-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. კერძოდ, ეს არის მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომების გადამეტებით, რაზეც პასუხისგებაში იქნა მიცემული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ივანე კაპატაძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა. პატრულის დანარჩენ თანამშრომლებს: დავით მინაშვილს, ავალო გაბრიჭიძესა და კახა გაბუნიას კი, რომლებიც ასევე  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დაეკისრათ.

ფხაკაძის ახლობლები მიიჩნევენ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული  საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოძიება ტენდენციურად აწარმოა და მუხლები, რომლებითაც ისინი პასუხისგებაში მიეცნენ, სინამდვილეში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ადექვატური არ არის. 

„ჩვენ პროკურატურას მივმართეთ და  მოვითხოვეთ მომხდარიყო კვალიფიკაციის შეცვლა და 114-ე მუხლი გადაკვალიფიცირებულიყო 108-ე მუხლზე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მაგრამ ამაზე უარი მივიღეთ. დღევანდელი მდგომარეობით, ივანე კაპატაძე პასუხისგებაში მიცემულია სსსკ-ის 114-ე მუხლითა და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით. ხოლო ამ საქმესთან დაკავშირებული საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლები მხოლოდ 342-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს არის სამსახურეობრივი გულგრილობა, რასაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აღნიშნული საქმე უკვე გადაგზავნილია სასამართლოში და მასზე ალბათ, მალე პროცესიც ჩაინიშნება,“ -  აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი რეზო თოფურია.

რაც შეეხება, ვარლამ ფხაკაძის მიმართ სსსკ-ის 177-ე მუხლით აღძრულ საქმეს,  2007 წლის 27 მარტს დაცვის მხარემ განცხადებით მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორს და მოითხოვა, რომ წინასწარი გამოძიება ვარლამ ფხაკაძის მიმართ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შეწყვეტილიყო სსსკ-ის 28-ე მუხლის ა ქვეპუნქტით, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო და არა ამავე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, ანუ გარდაცვალების გამო, რაზეც დაცვამ პასუხად მიიღო, რომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მათ დამატებით ეცნობებოდათ.

„ჩვენთვის გაუგებარია, რაზე მიმდინარეობს გამოძიება, როცა პიროვნება უკვე გარდაცვლილია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხდება საქმის გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურება, ვინაიდან ეს ორი საქმე, პატრულებისა და ქურდობის მცდელობის, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. თუკი დროულად ვერ მოხერხდება ვარლამ ფხაკაძის ბრალეულობის საკითხის დადგენა ქურდობის მცდელობასთან დაკავშირებით, ეს პროკურატურას საკმაოდ წაადგება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ საქმის განხილვის დროს. ხოლო თუკი დადგინდება, რომ გარდაცვლილი უდანაშაულო იყო, ამ შემთხვევაში უფრო გაძლიერდება დაცვის პოზიცია და შეიძლება უკვე 114-ე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლაზეც იყოს საუბარი,“ - ამბობს რეზო თოფურია.

ვარლამ ფხაკაძის ახლობლებმა გამოძიების გაჭიანურების გამო, დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულს იმერეთში თეონა კუჭავასაც მიმართეს.

„ჩვენ გამოძიებაში ჩარევის უფლება, რასაკვირველია, არ გვაქვს, მაგრამ მის მიმდინარეობას აუცილებლად მივადევნებთ თვალს. მიგვაჩნია, რომ ქურდობის საქმის გამოძიების სწორად წარმართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ მეორე საქმეზე, რომელიც პატრულის თანამშრომელთა ბრალეულობის საკითხს არკვევს,“ - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმერეთში თეონა კუჭავა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ქუთაისის სამხარეო პროკურატურა. მოკლული ვარლამ ფხაკაძის ოჯახის წევრები კი ქურდობის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის, პირის გარდაცვალების გამო, შეწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. ისინი გამოძიების სამართლიანად წარმართვისა და გარდაცვლილის სრული რეაბილიტაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები