კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატთა რეაქცია ბოდიშის კამპანიაზე

28 მაისი, 2007

parlamentib.gif

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ მიმართვას აფხაზი ხალხისადმი -   კამპანია „ბოდიშს“ - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგისთვის აღნიშნული კამპანია გრანტების მოსაპოვებლად და თავის გადასარჩენად წამოწყებული აქციაა, ზოგისთვის კი დანაშაულის აღიარება.

აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით, განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მართალია, მას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არ უხსენებია, თუმცა, აღნიშნა, რომ ჩვენ საბოდიშო არაფერი გვაქვს და ამას ის ხალხი აკეთებს, ვინც ყველაფრისთვის მზად არის.   

რას ფიქრობენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომდგენლები: 

გიორგი ცანავა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არაფერი აქვს. მაგრამ ხელისუფლებას მართლა აქვს საბოდიშო იმისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოს ის ყაჩაღური შესევა აფხაზეთში არ უნდა გაეკეთებინა. სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები გააჩნია და მან თავი არ უნდა გაუყადროს იმ არაფორმალურ ბანდ-ფორმირებებს, რომელიც აფხაზეთში იყო. ქართულ სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები ეკისრებოდა და ეს ვალდებულებები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება იყო, მაგრამ არასწორმა ქმედებამ და გენოციდმა ის გამოიწვია, რაც მოხდა. ამის გამო დღევანდელმა მთავრობამ, როგორც მაშინდელი ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ ბოდიში უნდა მოიხადოს. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ თვლის საჭიროდ, რომ  მას ბოდიშის მოხდა ეკუთვნის, მოიხადოს, ვინ უშლის.  საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.

ელდარ კვერნაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ამ საკითხს ვაფასებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ, როგორც რიგითი  მოქალაქე. ტოლერანტობას დაფიქრება და გააზრება სჭირდება. ზოგადად, ადამიანები ხშირად იმას ვერ აფასებენ, რასაც უკეთებენ და რა პატივშიც ჰყავთ და შემდეგ უფრო მეტის და მეტის სურვილი უჩნდებათ. ჩვენ ბოდიში კი არ უნდა მოვუხადოთ, მათ აქეთ აქვთ ჩვენთვის ბოდიში მოსახდელი. მათაც, რუსეთსაც და თუ გნებავთ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს წუხილი მათთვის საფიქრალი არ არის და ურჩევნიათ, რუსეთთან, უფრო დიდ ქვეყანასთან, ჰქონდეთ უფრო კარგი ურთიერთობა.  ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ საბოდიშო არაფერი გვაქვს. პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. გვეღირსა პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ქართველი ერის ღირსებაზე და მას ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი.“

გურამ ვახტანგაშვილი, ლიახვის ხეობიდან: „ამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ვიცნობ. იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც მე ვფლობ, არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი გრანტიჭამიები არიან. ვითომ კონფლიქტური ზონებისთვის რაღაცას აკეთებენ და რეალურად გრანტებს ჭამენ. მითუმეტეს, თუ ისინი აპირებენ ვიღასაც ბოდიში მოუხადონ, მაშინ მე ვსვამ კითხვას, ალბათ ამ ორგანიზაციაში ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში საშინელებებს ჩადიოდნენ, ალბათ აწამებდნენ ადამიანებს. ჩემს ხალხს არავისთან არა აქვს ბოდიში მოსახდელი და არც მოიხდიან. თუ ვინმეს პირადად აქვს სადისტობა ჩადენილი, გინდა ბოდიში მოიხადოს და გინდა წავიდეს და მუხლებზე ემთხვიოს. რაც უნდა ის უქნია. ეს კეთდება გრანტების მოსაპოვებლად. ისინი გრანტიჭამიები არიან. ჩვენ საბოდიშო არაფერი გვაქვს.“

ბესო ჯუღელი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავჯდომარე: „პრეზიდენტის განცხადებას ვეთანხმები. ქართველებს არავის წინაშე საბოდიშო არაფერი გვჭირს და მითუმეტეს აფხაზების წინაშე, რომლებმაც ქართველ ერს გენოციდი გამოუცხადეს და ათი ათასობით ადამიანი ამოჟლიტეს. ამის მერე კიდევ იქით ვებოდიშოთ? რა გვაქვს საბოდიშო? ერთი ეს ამიხსნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო. ალბათ ეს არის გრანტის მოპოვების მიზნით, მათ აფინანსებენ და თავიანთი არსებობა რომ გაამართლონ, ამიტომ წამოიწყეს ეს სამარცხვინო კამპანია“.

მანანა ნაჭყებია, საპარლამენტო ოპოზიცია: „გააჩნია, ვის ვუხდით ბოდიშს. პირადად არაერთხელ მომიხდია ბოდიში და კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო ჩემს აფხაზ მეგობრებს, იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც არც მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რაც მოხდა და დღესაც თვლიან, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ამ ადამიანებთან საბოდიშოდ შეიძლება მართლაც გვქონდეს საქმე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სათავეში ედგნენ ამ ყველაფერს, მათთან საბოდიშო არაფერი გვაქვს“.

პავლე კუბლაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ასეთი კაპიტულანტური დამოკიდებულების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონფლიქტის მიზეზებზე და იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ ვინ იყო დამნაშავე, რაშიც მთავარი წვლილი ჩვენ ნამდვილად არ მიგვიძღვის, ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებებზე. თუ ვინმე მოგვიწოდებს ბოდიშის მოხდისკენ, ეს მათი დიდი შეცომაა და ძალიან ვწუხვარ, თუ მათ ასეთი განწყობა აქვთ. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ განწყობით არ არის. თუ ვინმე იყო დამნაშავე ამ კონფლიქტში, პირველ რიგში, ეს ნამდვილად არ ყოფილა ქართული მხარე“.      

ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ბოდიში საქართველოს მოსახლეობას უნდა მოუხადოს, სულ ცოტა ომის ვერ აღკვეთისთვის, სულ ბევრი კი ომის დაწყებისთვის აფხაზეთში. თუ ჩვენს ხელისუფლებას საბოდიშო არაფერი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სამართალმემკვიდრედ არ სცნობს თავს. ჩვენ ბოდიში უნდა ვუთხრათ როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, როგორც დევნილებს, ისე იქ დარჩენილებს იმისთვის, რომ ეს ომი ყველასთვის საშინელება იყო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. აფხაზებსაც აქვთ ბოდიში მოსახდელი, ომის დროს მათი მხრიდან გამოვლენილი სისასტიკის გამო.“   

ნინო კალანდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება არ მახსოვს და არც ის ვიცი ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთდა თუ არა რაიმე განცხადება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც არ იყოს ასეთი ორგანიზაცია ფულისა და გრანტებისკენ მიმართული და იდეალისტური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ საკითხის მიმართ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ აქეთ უნდა მივიღოთ აფხაზების ბოდიში. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც იქიდან გამოდევნეს, ის ერი, რომელსაც უარი გვათქმევინეს ჩვენს კუთვნილ მიწაზე, და ეს მოხდა აფხაზეთის მონაწილეობით. ამ ომში აფხაზებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. ეს ბოდიში არის მთელი ერის შეურაცხყოფა, იმ ერის შეურაცხყოფა, რომელსაც სჯერა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს.“         

ნოდარ გრიგალაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე: „ვაი მაგათ პატრონს. ამ საკითხს არანაირი გავრცობა არ სჭირდება, ვაი მაგათ პატრონს.“ 

გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ბოდიშის ტექსტი წაკითხული მაქვს. საკმაოდ რთული საკითხია. აფხაზეთის კონფლიქტის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, რა პროვოკაციები განხორციელდა ამისთვის აფხაზური მხარის მიერ და რუსეთის შესაბამისი ძალების ხელშეწყობით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო შეცდომები. ძალიან ბევრი სამხედრო დანაშაულიც იქნა დაშვებული ორივე მხრიდან. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ათეულობით ტომი დევს უკვე გამოძიებული საქმეებისა, რომელიც აფხაზეთში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებსა და ქართველი მოსახლეობის გენოციდს ეხება და ამას ვერავინ გაექცევა.  არ ვფიქრობ, რომ თვითგვემის პოზიციაში უნდა დავდგეთ. რაც ქართულმა მოსახლეობამ გადაიტანა, მის გადატანას არავის ვურჩევ, მათ შორის არც ჩვენს მტრებს.  არ მგონია, რომ ქართველებს საბოდიშოდ გვქონდეს საქმე. უბრალოდ,  ყველაფერი რაღაცნაირად უნდა დავივიწყოთ, შერიგებას წინ არაფერი უდგას.“

ეკა გულუა

ახალი ამბები