18:51, Wednesday, 23.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ღატაკი პაციენტი ექიმებს უყურადღებობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

29.05.2007
3_wlis_anab.gif

სიღნაღის რაიონში მცხოვრები აბეწვაშვილების ოჯახი წნორის საავადმყოფოს და თბილისის დამწვრობის ცენტრის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ექიმებმა მესამე ხარისხის დამწვრობით და მძიმე მდგომარეობაში მყოფ 3 წლის ანა აბეწვაშვილს სამედიცინო დახმარება მანამ არ აღმოუჩინეს, სანამ მომხდარით მედია და არასამთავრობოები არ დაინტერესდნენ. სამედიცინო დახმარების ბარათი, რომლითაც აბეწვაშვილებს სამედიცინო დახმარებისა და სხვა სახის გამოკვლევების უფასოდ მიღების უფლება აქვთ, უნარშეზღუდული გოგონასთვის მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდა.

აბეწვაშვილების ხუთსულიანი ოჯახი სიღნაღის რაიონის დაბა წნორში, ბაზრის საყარაულო ოთახში ცხოვრობს. ანას მშობლები ინვალიდები არიან. შვილების მოვლაში დედას, ბავშვების ბებია ეხმარება. რამდენიმე დღის წინ, ანას ადუღებული წყალი გადაესხა, რის შედეგადაც ბავშვმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მეზობლების დახმარებით მშობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ექიმებმა ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს და წნორის საავადმყოფო „ცეროდენაში“ გადაიყვანეს.

„საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ექიმებმა ბავშვს დახედეს თუ არა, მაშინვე ის იკითხეს, მკურნალობისათვის საჭირო ფული თუ გაქვთო. ვუთხარით, რომ ძალიან გაჭირვებული ოჯახი ვართ, ფული არ გვაქვს, თუმცა, სამედიცინო დახმარების ბარათი, ე.წ. პოლისი გვაქვს მეთქი. ბავშვი საავადმყოფოში არც კი შეიყვანეს. გვითხრეს, ჩვენ აქ ასეთი კატეგორიის ავადმყოფს ვერ მივიღებთო და შპს „ჯანმრთელობა“ - სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში გაგვაგზავნეს. იქაც რომ მივედით, ჯერ ბავშვი შეათვალიერეს, მერე ჩვენ. როგორც ჩანს, ისინიც მიხვდნენ, ღატაკები რომ ვიყავით. ჩემს შვილს დახეული ფეხსაცმელი და დაგლეჯილი ტანსაცმელი ეცვა. მაშინვე ის გვკითხეს, პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად საჭირო ხარჯებს ვინ აანაზღაურებსო. მათაც იგივე ვუპასუხე, რაც „ცეროდენას“ ექიმებს. პოლისი გვაქვს და როგორც ვიცი, დახმარება უფასოდ გვეკუთვნის მეთქი. ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა, კანკალებდა და ხმამაღლა ტიროდა. ექიმებს არაერთხელ ვთხოვე, ბავშვს ეპილეფსია აქვს და იქნებ ის მაინც გააკეთოთ, რომ ტკივილისგან კრუნჩხვებში არ ჩავარდეს-მეთქი. კამათის შემდეგ, ჯემალი ექიმმა მიგვიღო. ბავშვს დამწვარი ადგილი შეუხვია და გვითხრა, რომ იგი სასწრაფოდ თბილისში უნდა გადაგვეყვანა და გვკითხა, გვქონდა თუ არა ამის ფინანსური საშუალება. ვუპასუხე, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ფული არ გვქონდა. ამის შემდეგ სააავადმყოფოს შენობა დაგვატოვებინეს,“ - აცხადებს ბებია, ლალი აბეწვაშვილი.

აბეწვაშვილების მეზობლების განცხადებით, ბავშვის თბილისში გადასაყვანად საჭირო თანხა მათ შეაგროვეს.

„ტაქსი დავიქირავეთ და ანა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადავიყვანეთ, სადაც გვითხრეს, მკურნალობისთვის ფულია საჭიროო. ფული არ გვაქვს, პოლისი გვაქვს- მეთქი. რომ ნახეს როგორი უბედურებიც ვიყავით, ექიმმა ისიც კი მითხრა, ეგ თქვენი პოლისი ვის რაში სჭირდება, მომაკვდავი ბავშვი რომ მოგყავდათ, არ იცოდით, რომ ფული დაგჭირდებოდათო?.. ეს გვითხრეს და იქიდანაც უკან გამოგვიშვეს, ჩვენი ავადმყოფი არ არისო. ჩამოვედით ისევ სახლში.

მეორე დღეს ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. საავადმყოფოში აღარ გადაგვყვავდა, რადგან აზრი აღარ ჰქონდა. ამის შემდეგ დახმარებისათვის მეზობლები ჟურნალისტებს დაუკავშირდნენ. ამავე დროს, ბაზრის დირექტორმა, რომლის საწარმოო ტერიტორიაზეც ჩვენ ვცხოვრობთ, რომ ნახა ეს მდგომარეობა, სიღნაღის საავადმყოფოში გადაგვიყვანა, სადაც ანას გამაყუჩებლები გაუკეთეს და დაამშვიდეს,“ - ამბობს ბავშვის დედა ნინო ქემაშვილი.

აბეწვაშვილების ბრალდებები შპს „ჯანმრთელობა“ - სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში კატეგორიულად უარყვეს. საავადმყოფოს დირექტორის ნუკრი ყარარაშვილის თქმით, მათ არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნოდათ არც სიღნაღში და არც თბილისში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოჯახი სიღატაკის დაძლევის პროგრამის ფარგლებში გაცემულ სამედიცინო დახმარების ბარათს ფლობს.

„აღნიშნული ბარათით, მათ უფლება აქვთ უფასოდ მიიღონ გადაუდებელი და სხვა სახის სამედიცინო დახმარება. რატომ შეექმნათ პრობლემები, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ანა აბეწვაშვილის ჩვენს საავადმყოფოში მოუთავსებლობას, არ გვაქვს მსგავსი სახის ავადმყოფების მიღების უფლება, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი ლიცენზია და ამ მხრივ ვერ ვჯდებით სტანდარტებში. გამოვიძახეთ კატასტროფის მედიცინის ცენტრიდან სპეციალური ჯგუფი, რომელიც ბავშვს გადაიყვანს დამწვრობის ცენტრში,“ - აღნიშნა ნუკრი ყარარაშვილმა.

ჩვენ სიღნაღის საავადმყოფოს ქირურგს, ჯემალ ჯანიაშვილსაც გავესაუბრეთ. მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში პირველად მიყვანის დროს, ანა აბეწვაშვილის მდგომარეობა მძიმე არ იყო, თუმცა მოსალოდნელი იყო გართულებები. „ბავშვის მდგომარეობა დამწვრობითი დაავადებების განვითარების შემდეგ შესაძლოა დამძიმებულიყო. ამიტომ მათ ვურჩიე, ავადმყოფი დამწვრობის ცენტრში გადაეყვანათ, რადგან არ იყო გამორიცხული მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება, რასაც შესაძლოა ბავშვის სიკვდილიც გამოეწვია. შემდეგ რა მოხდა ვერ გეტვით,“ - განაცხადა ექიმმა ჯემალ ჯანიაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით დამწვრობის ცენტრში კომენტარი არ გააკეთეს.

კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ასეთი უკანონო ფაქტების რიცხვმა ბოლო დროს საგრძნობლად იმატა. „თითქმის იგივე ხდება რეგიონის ყველა რაიონულ საავადმყოფოში. რამდენიმე ფაქტი გამოვააშკარავეთ კიდეც, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროდან და სხვა სამსახურებიდან რეაგირება არ ყოფილა. უფრო მეტიც, სტაციონარის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა გზით აიძულეს განმცხადებლები, ჩვენებები შეეცვალათ და ბრალდებები უკან წაეღოთ. აქედან გამომდინარე, დარღვევები კიდევ უფრო გახშირდა,“ - აცხადებენ ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC