კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელების ჯართის ბიზნესისთვის 81 წლის კაცს ასამართლებენ

6 ივნისი, 2007

gelb.gifდედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები გიორგი მჭედლიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო იხილავს. 81 წლის მოხუცს პროკურატურა ხუთტონიანი ავზის ქურდობაში სდებს ბრალს. განსასჯელი კი ჯართის უკანონო ბიზნესში ადგილობრივი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. მისი თქმით, გამომძიებელმა იგი შეცდომაში შეიყვანა და ხელი აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინა. „ომის ვეტერანი ვარ. მთელი ცხოვრება პატიოსნად მიცხოვრია და არ მინდა ქურდის სახელით მოვკვდე,“ - ამბობს 81 წლის მოხუცი, რომელსაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იგი დახმარებას უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვს.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული პროკურატურის საბრალდებო დასკვნის მიხედვით, „2004 წლის 11 დეკემბერს გიორგი მჭედლიშვილმა დედოფლისწყაროს სარკინიგზო ჩიხიდან მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცა 61 მეტრი სარკინიგზო რელსი და 57 ცალი ხის შპალი, რომელიც დედოფლისწყაროს გამგეობას ეკუთვნოდა. მანვე არაერთგზის 2005 წლის 16 იანვარს ჩაიდინა ქურდობის მცდელობა. კერძოდ, იგი ცდილობდა „ნავთობსერვისის“ სამმართველოს დედოფლისწყაროს მომარაგების ბაზაზე არსებული ხუთი ტონა სიმძიმის გამაცხელებლის ქურდობას.“

გიორგი მჭედლიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილით აღიძრა. რაიონულმა სასამართლომ ქურდობაში ეჭვმიტანილ მოხუცს აღკვეთის ღონისძიების სახით, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა.

„არაფერი მომიპარავს. ნავთობსერვისის სამმართველოს ბაზის ახლოს მიწის ნაკვეთი მაქვს. ამიტომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მთხოვა, გაპარტახებული ბაზისთვის მაშინ მაინც მიმეხედა, როცა ნაკვეთში ვიქნებოდი. 2004 წლის 11 დეკემბერს ნაკვეთში მიმავალმა დავინახე, რომ გზაზე ბაზიდან გამოტანილი, წასაღებად გამზადებული რკინები ეწყო. ამიტომ ვცდილობდი იქვე, რამდენიმე მეტრის დაშორებით დამეწყო და ვაპირებდი, სახლში რომ დავბრუნდებოდი, მეპატრონისთვის გამეგებინებინა, მაგრამ მოულოდნელად თავს პოლიცია დამადგა. დამაკავეს და პოლიციაში წამიყვანეს. მაიძულებდნენ, მეღიარებინა, რომ ქურდობა ჩავიდინე, თუმცა, ვერ დამიყოლიეს. მიუხედავად ამისა, საქმე შეკერეს და სასამართლოში წარმადგინეს. მოსამართლემ რომ დამინახა რა გასაცოდავებული და დაუძლურებულიც ვიყავი, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა შემიფარდა. მანამდე გამომძიებლები მემუქრებოდნენ, დაგაპატიმრებთ, რადგან დანაშაულს არ აღიარებო. გამოძიების პროცესში დედოფლისწყაროს შს რაიგანყოფილების გამომძიებელმა ალექსანდრე ღვედაშვილმა ისე, რომ არ წამაკითხა, ხელი მომაწერინა მის მიერ დაწერილ ჩვენებაზე, სადაც დანაშაულს მაღიარებინებს. როცა ეს ჩემთვის ცნობილი გახდა, ჩემმა შვილმა საჩივარი დაწერა, მაგრამ პოლიციის მაღალჩინოსნები ჯართის უკანონო ბიზნესში ისე იყვნენ ჩართულები, რომ ჩემთვის არავის ეცალა. სინამდვილეში, სწორედ პოლიციის მაშინდელი უფროსის გელა ჯალიაშვილის, მისი მოადგილის ნოშრევან ნატროშვილის და სხვების მიერ ხდებოდა ნავთობსერვისის და სხვა ორგანიზაციების ბაზების გაძარცვა. სამართალდამცავებს საკუთარი, ოღონდ სხვის სახელზე გაფორმებული ჯართის მიმღები პუნქტებიც ჰქონდათ, სადაც მოპარული ლითონის მიღებას ახდენდნენ. ჯალიაშვილი და მისი თანამზრახველები პოლიციიდან მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა, დღემდე დაუსჯელნი არიან. ალბათ იმიტომ, რომ მათ უკან კიდევ უფრო გავლენიანი თანამდებობის პირები იდგნენ. მთელი დედოფლისწყარო ასე აქციეს ჯართად და გაყიდეს,“ - აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

სასამართლოში განსახილველად გაგზავნამდე, რაიონული პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე დამატებით გამოძიებაში დაბრუნდა.

„საქმეზე წინასწარი გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა. დარღვეული იყო სსსკ-ის მე-18-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც გამომძიებელს ავალდებულებს, უტყუარად დაადგინოს მტკიცების საგნის ყველა გარემოება და დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის საკითხი. ამიტომ საქმე დამატებით გამოძიებაში დავაბრუნე. სხვა გარემოებებთან ერთად გასარკვევი იყო, როგორ მოახერხა გიორგი მჭედლიშვილმა მძიმე წონის ნივთების ქურდობა ისე, რომ არავინ უწევდა დახმარებას,“ - აღნიშნავს რაიონული პროკურატურის პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი.

მიუხედავად ამისა, საქმის მასალების მიხედვით, გამომძიებელს პროკურორის დავალება არ შეუსრულებია.

„გამომძიებელს ის რომ დაეწერა, გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნული ნივთების ქურდობას, ელემენტალურად მისი სიმძიმიდან გამომდინარე ვერ შეძლებდაო, მაშინ ქურდობისთვის ბრალებული მამაჩემი უნდა გაემართლებინათ, რასაც არ გააკეთებდნენ, რადგან მანამდეც და მას შემდეგაც ვდაობთ, რომ კონკრეტული ქურდობის ფაქტიც და სხვა ბევრი დანარჩენიც, რომელიც ჯართს უკავშირდებოდა, თავად პოლიციის მიერ იყო ორგანიზებული. ანუ, პოლიცია ჯართსაც იპარავდა და მერე უდანაშაულო ადამიანებსაც იჭერდა, საქმე გახსნილად რომ გამოეცხადებინა,“ - აღნიშნავს განსასჯელის შვილი ქეთევან მჭედლიშვილი.

გიორგი მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო უკვე მეხუთედ გადაიდო.

„განსასჯელი გიორგი მჭედლიშვილი წინასწარ გამოძიებაში თავს აბსოლუტურ დამნაშავედ ცნობდა. ამიტომ სასამართლო გამოძიებისას უნდა გაირკვეს, რამდენად უტყუარია ჩვენება, რომელიც მას გამოძიებისთვის აქვს მიცემული. როგორც თვითონ აღნიშნავს, მას გამომძიებელმა ღვედაშვილმა შეცდომით მოაწერინა ხელი აღიარებით ჩვენებაზე. აღსანიშნავია, რომ იგი 81 წლის არის. მას წინასწარ გამოძიებაში დამცველი არ ჰყოლია და როგორც ჩანს, სწორედ ამით ისარგებლეს სამართალდამცავებმა. მისთვის ადვოკატის დანიშვნა სავალდებულო იყო, რადგან არის შრომისუუნარო, ასაკოვანი, ავადმყოფი და არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა,“ - აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

„რაც შეეხება სასამართლო გამოძიებას, ვერ მივაღწიეთ, რომ პროცესი ჩატარდეს. მე მიმაჩნია, რომ პროკურატურა ჩიხშია მოქცეული. 81 წლის კაცს, რომელსაც ორი მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი და ფეხზე სიარული დამოუკიდებლად თითქმის არ შეუძლია, ნამდვილად ვერ მოახერხებდა ხუთტონიანი ავზის აწევასა და წაღებას,“ - აცხადებს ადვოკატი მაგული ღვალაძე.

მჭედლიშვილის საქმესთან დაკავშირებით არც დედოფლისწყაროს პოლიციაში და არც რაიონულ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

ბრალდებებთან დაკავშირებით საუბარი არ სურს არც დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელობას, რომელთაც გიორგი მჭედლიშვილი ჯართის უკანონო ბიზნესში ამხელს.

განსასჯელი ფიქრობს, რომ პროკურატურა მის სიკვდილს ელოდება. „ეტყობა ფიქრობენ, მოხუცია, დღეს თუ ხვალ მოკვდება და საქმეც დაიხურებაო. არ მინდა დამნაშავის სტატუსით მოვკვდე. ამიტომ გთხოვთ დახმარებას,“ - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის ჩატარდება სასამართლო პროცესი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები