კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა უფლებების დამცველებს უფლებები შეულახეს

7 ივნისი, 2007

likvidaciab.gif

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის აპრილში განხორციელებულ რეორგანიზაციას 300-ზე მეტი საშტატო ერთეული ემსხვერპლა. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის სამსახურის 12 თანამშრომელიც აღმოჩნდა.

დანარჩენებისაგან განსხვავებით, აღნიშნული სამსახური და მისი თანამშრომლები ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკვე მეორედ გახდნენ ლიკვიდაციის მსხვერპლნი.
ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახური სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით ფუნქციონირებდა. იგი პირველად 2005 წელს გააუქმეს და მის ხელმძღვანელს მაგული გიორგაძეს, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 36 წლიანი გამოცდილება აქვს, საკუთარი უფლებების დასაცავად თითქმის ერთწლიანი ბრძოლა დასჭირდა. აღდგენიდან ერთი წლის შემდეგ კი, სამსახურის თანამშრომლები  დღეს უკვე მეორედ დარჩნენ უმუშევარნი.

ბავშვთა უფლებების დამცველებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ამჯერად სასამართლოს აღარ მიაკითხეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს. პარალელურად, მოზარდთა ინტერესების გათვალისწინებით, განგაში ატეხეს ქალაქის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და მათ სარეკომენდაციო წერილებით მიმართეს ადგილობრივ საკრებულოსა და ქალაქის მერიას სამსახურის აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

„2006 წლის 29 ნოემბერს სამსახურის მოსალოდნელ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გაფრთხილება ჩაგვაბარეს. სინამდვილეში კი, სამსახურის ლიკვიდაცია ფაქტიურად არც მომხდარა. ჩვენი 12 კაციანი სამსახური განათლების სამკაციან სამსახურს შეუერთდა. შეთანხმებაც ასეთი იყო, რომ პირველი იანვრიდან მე ვიქნებოდი განათლების სამსახურის უფროსის მაყვალა ქობულაძის მოადგილე. ჩემი 12 საშტატო ერთეული გადავიდოდა მასთან ისე, რომ ფუნქციები არ შეგვეცვლებოდა. ოღონდაც, უფროსი ის იქნებოდა. მაგრამ მოხდა პირიქით. არც მე დამნიშნეს მოადგილედ და არც ჩემი თანამშრომლები, შესაბამის თანამდებობებზე. ფუნქციები და საშტატო ერთეულები წაიღეს, 4 კაციანი სამსახური 16 ადამიანით დაკომპლექტდა და იქ სულ ახლები მიიყვანეს. ჩვენი პროფესიონალები კი სამსახურიდან დაითხოვეს. ბევრი ვიბრძოლე და როგორც იქნა, 1 თებერვლიდან მოადგილედ დამნიშნეს, სამი თვის გამოსაცდელი ვადით,“ - აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის „ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის“ სამსახურის ყოფილი უფროსი მაგული გიორგაძე.

იგი 20 აპრილს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული სამსახური ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ერთ-ერთ ძველ შენობაში, ორ ოთახში იყო განთავსებული. იმის გამო, რომ კომპიუტერი არ ჰქონდათ, ქალაქის მოსახლეობის ნულიდან - 18 წლამდე ასაკის ადამიანების აღწერას სამსახურის თანამშრომლები ძველებური მეთოდით, ავტოკალმით აკეთებდნენ, მაგრამ ეს ხელს ვერ უშლიდათ, თითოეული მოზარდის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია ჰქონოდათ. ქუთაისში მიზარდთა პრობლემებს ყველაზე უკეთ დღესაც ისინი იცნობენ.

„თითქოს ჩვენს საქმიანობას ყავლი გაუვიდა და ამ საქაღალდეებში მოთავსებულ საქმეებსაც მტვერი ეყრება. ამ ბავშვების პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. არადა, რამდენიმე საქმე დღესაც სასამართლოში გვაქვს და იმის გამო, რომ ჩვენ უკვე იურიდიულად აღარ ვარსებობთ, ჩვენი ბენეფიციარების უფლებები დაუცველი გვრჩება. ჩვენს სამართალმემკვიდრეობას კი არავინ აღიარებს. შედეგად ეს მეტად მნიშვნელოვანი სფერო საერთოდ უყურადღებოდ დარჩა. დღეს კი მოზარდთა დანაშაულის მკვეთრად გაზრდის ფონზე, ეს განსაკუთრებით სავალალოა,“ - ამბობს მაგული გიორგაძე.

აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციის მიზეზად მისი ყოფილი უფროსი ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილების  ამჟამინდელი უფროსის, მაყვალა ქობულაძის პირად ამბიციას მიიჩნევს და აცხადებს: „იმაზე მტკივა გული, რომ შვილივით ნალოლიავები და ამდენი წლის განმავლობაში შექმნილი სამსახური ერთი ხელის მოსმით ვიღაცის ამბიციას შეეწირა. უფრო სწორედ, იგი განათლების განყოფილების უფროსის მაყვალა ქობულაძის ამბიციას ემსხვერპლა. თვითონ არაპროფესიონალია და თუ მე იქ ვიმუშავებდი, ჩემს ჩრდილში აღმოჩნდებოდა. ამას კი, ვერ შეეგუა. თავიდანვე განაცხადა - მე ამ ქალთან ვერ ვიმუშავებო. მერე იძულების წესით კი დამნიშნეს, მაგრამ იმ სამი თვის განმავლობაში, რაც იქ ვიმუშავე, სულ სამჯერ მყავს ეს ქალბატონი ნანახი. არც საქმეს მაწერდა, არც დავალებას მაძლევდა, მთლიანად იგნორირებას მიკეთებდა. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ მე დავრჩი უმუშევარი და მისთვის კი განყოფილება შეიქმნა.“

რაც შეეხება ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის განყოფილებას, მსგავსი ტიპის სამსახური თბილისის მერიაში 15 კაციანი საშტატო ერთეულით ფუნქციონირებს. ქუთაისში კი, უკვე საკმაოდ კარგად აწყობილი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები და მათი სამსახური სამართალმემკვიდრის გარეშე რჩება.

იმის გასარკვევად, თუ ვინ უნდა განახორციელოს ის საქმიანობა, რომელსაც აღნიშნული სამსახური და მისი თანამშრომლები ეწეოდნენ, მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილებას მივაკითხეთ. განყოფილების უფროსმა მაყვალა ქობულაძემ ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა, „გულახდილ საუბარში“ კი აღნიშნა, რომ მაგული გიორგაძის სამსახურმა მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ლიკვიდაცია განიცადა, განათლების ახალ სამსახურს კი სრულიად ახალი დებულება აქვს, სადაც არსადაა მითითებული ის ფუნქციები, რომელსაც ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის სამსახური ახორციელებდა. ამის დასტურად მან თავისი სამსახურის დებულება წარმოგვიდგინა, რომლის ერთ-ერთ მუხლში სრულიად მოულოდნელად მაყვალა ქობულაძის ნათქვამის საპირისპირო რამ აღმოჩნდა. კერძოდ, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის # 63 დადგენილების # 1 დანართის მეორე მუხლში ჩამოთვლილია აღნიშნული სამსახურის მიერ განსახორციელებელი აქტივობები, რომელთა ნაწილიც წყლის ორი წვეთივით ჰგავს ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის ყოფილი სამსახურის დებულების ძირითად საკითხებს: „სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის მხარდაჭერა, მათი ინტერესების დაცვა; სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად ზომების მიღება; ბავშვთა უფლებების კონვენციიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა დაცვა პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფისაგან, მშობლების, კანონიერი მეურვეებისა და ბავშვთა მზრუნველი სხვა პირის მიმართ ნებისმიერი უხეში მოქცევისაგან“ და ა.შ.

როგორ განვითარდება მოვლენები და მოხდება თუ არა მესამედ, უკვე ორჯერ ლიკვიდირებული სამსახურის აღდგენა, ან მისი ყოფილი თანამშრომლების შრომითი რესურსების ქალაქის განათლების სამსახურში რეალიზება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგული გიორგაძე კი, ჯერჯერობით, კვლავ აგრძელებს საქმიანობას და თავისი ბენეფიციარების პროცესებზეც სტატუსის გარეშე, მაგრამ მაინც დადის. იგი იმედს არ კარგავს, რომ ამ სამსახურის აუცილებლობას ერთ მშვენიერ დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიხვდებიან.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები