კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზღვრისპირა სოფლებიდან მოსახლეობა აიყარა

7 ივნისი, 2007

ingiloebib.gif

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელი სამთაწყარო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ისტორიულ ჰერეთთან დამაკავშირებელი ხიდის ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა. სტატისტიკური მონაცემებით, საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები 480 ოჯახიდან 200-მდე ოჯახმა სამთაწყარო უკვე დატოვა. გლეხებმა მონებად სამუშაოდ თურქეთს, აზერბაიჯანსა და ერაყს მიაშურეს. იგივე მდგომარეობაა სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედშიც. მიტოვებულ ადგილებს აზერბაიჯანიდან გადმოსული მწყემსები იკავებენ და მკვიდრდებიან.

მდინარე ალაზანზე გადებული, მყარად ნაშენი ხიდი, რომელიც, თავის დროზე სამხედრო დანიშნულების იყო, ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების დავალებით, სპეცრაზმმა 2005 წლის 31 დეკემბერს ჩაკეტა. ხიდთან მისასვლელ გზაზე არსებული თხრილი,  დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებმა ინგილოებმა რამდენჯერმე ამოავსეს. თუმცა, სპეცრაზმის და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა გზა კვლავ გადათხარეს და თხრილში მიმავალი წყალი ზედ ხიდზე მიუშვეს.

„გზის ჩაკეტვის შემდეგ საინგილოში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებს, დებს, ძმებს და მეგობრებს ვეღარ ვუკავშირდებით. ვერც  საფლავებზე გავდივართ. ხიდის ჩაკეტვის მიზეზად ხან კონტრაბანდას, ხან კი მის გაუმართაობას ასახელებდნენ. ოფიციალური პასუხი არავინ გვაღირსა. ხიდის გახსნის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გავმართეთ, მაგრამ დაგვარბიეს. ან სახლებში წადით, ან არადა ალაზანში გადაგყრითო, დაგვემუქრნენ. კბილებამდე შეიარაღებულებს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, რადგან ისროდნენ. შეგვეშინდა, ტყვიას ვინმეს სიცოცხლე არ მოესპო. ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, პატრიარქს, ოპოზიციას, ორჯერ აქაურმა და საინგილოში მცხოვრებმა ინგილოებმა ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტსაც მივწერეთ, მაგრამ ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევიათ. ასეთი ცინიკური დამოკიდებულების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე ფიქრიც დავიწყეთ, მაგრამ საინგილოში საცხოვრებლად დაბრუნება ჩვენთვის პრობლემაა, რადგან იქ დღესაც შეზღუდულია ქართული წირვა-ლოცვა, ქართული სახელების დარქმევა და მშობლიურ ენაზე საუბარი. მაგრამ აქ კიდევ შიმშილით ვწყდებით. რაიონული ცენტრიდან ძალიან შორს ვართ. გზა გაფუჭებულია. ამ ხიდზე ვიყავით დამოკიდებულები და ეს იყო ჩვენთვის ერთადერთი საარსებო საშუალება. ლეგალური გზით პროდუქტებიც ამ ხიდის გავლით შემოგვქონდა და ის საავადმყოფოც, რომლითაც ვსარგებლობდით, ხიდგაღმა დარჩა,“ - ამბობს სამთაწყაროში მცხოვრები ინგილო ლია ასლამაზაშვილი.

2006 წლის მაისიდან სასაზღვრო პოლიციის ძალისხმევით, ფეხით მოსიარულეთათვის ხიდი გაიხსნა, თუმცა, ჰერები საინგილოში გადასვლას მაინც ვერ ახერხებენ: „ამჟამად ფეხით გადასვლას არ გვიშლიან, მაგრამ ხიდიდან აზერბაიჯანის პირველი სოფელი 8 კილომეტრით არის დაშორებული. ამ გზის ფეხით გავლა შეუძლებელია, რადგან გზის პირას დაბინავებულ მეცხვარეებს ძაღლები ჰყავთ. რამდენიმე ადამიანი დაგლიჯეს კიდეც. გარდა ამისა, ტყეც გვაქვს გასავლელი, სადაც გარეული ცხოველი ბინადრობს. მგლის საჯიჯგნად გვხდიან,“ - გულდაწყვეტილია მარინა სარდალაშვილი.

მოსახლეობამ, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების დახმარებით, ხიდის გასხნის მოთხოვნით, სარჩელით სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ადმინისტრაციულ საქმეს 11 ივნისს განიხილავს.

„საქმეში არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ხიდის ჩაკეტვის კანონიერებას დაადასტურებდა. როგორც ყოფილი საბაჟო დეპარტამენტის, ამჟამად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წერილშია ნათქვამი, საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ხიდზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილის საფუძველზე. ამ წერილში კი მოცემულია, რომ „ვიზუალური დათვალიერებიდან გამომდინარე, ხიდზე ავტოტრანსპორტის გატარება ყოვლად დაუშვებელია, რადგან არ შეიძლება გამოირიცხოს მისი ნებისმიერ დროს ჩანგრევა“.

ამავე წერილის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ ხიდი არ შედის საერთო სარგებლობის გზების ქსელში, მასზე მოძრაობის აკრძალვა არ არის დეპარტამენტის ფუნქცია და განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა ხიდის ჩაკეტვასთან კავშირს საერთოდ უარყოფს და ამას წერილობით ადასტურებს. რაც შეეხება სასაზღვრო და ფინანსურ პოლიციებს, ფინანსური პოლიცია გვატყობინებს, რომ ხიდის ჩაკეტვა მათ კომპეტენციაში არ შედის. სინამდვილეში, ყველაზე მეტად ისინი აქტიურობდნენ. სასაზღვრო პოლიცია კი თანახმაა მსუბუქმა მანქანებმა საზღვარი გადაკვეთონ და პირიქით, ოღონდ საბაჟო დეპარტამენტის ნებართვის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ ქმედების განხორციელებას, ანუ ხიდის გახსნას და მასზე მოძრაობის აღდგენას,“ - აცხადებს მოსარჩელეთა ადვოკატი ლია ხუროშვილი.

ხიდის ჩაკეტვიდან ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუარესდა. გამოსავლის ძიებაში მყოფმა გლეხებმა ბანკიდან სესხი აიღეს და ვენახებს მიხედეს, თუმცა, 2005-2006 წლებში რეალიზებული ყურძნის ფული მათ დღემდე არ მიუღიათ.

„2005 წელს მოწეული ყურძენი, სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრის დავით შერვაშიძის რჩევით, ამავე სამინისტროს მიერ საგანგებოდ ამუშავებულ ქედის ღვინის ქარხანას ჩავაბარეთ. ხელისუფლების ჩარევით საწარმომ „სახალხო ბანკიდან“ სესხიც მიიღო. რეალიზებული ყურძნის თანხის დროულად მიღების გარანტად მაშინ თავად მინისტრი შერვაშიძე დაგვიდგა. მოგვიანებით, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ქარხნის გაკოტრება და საწარმოს ფუნქციონირების გაჩერება გამოიწვია. ბანკმა კრედიტორისგან კუთვნილი მოითხოვა. სასამართლომ ქარხანაში არსებული ღვინო-მასალა დააყადაღა და ამ საკითხზე დავა გრძელდება. გლეხები უფულოდ დავრჩით. თუმცა, იმ იმედით, რომ ვენახებს დავამუშავებდით და ოჯახს ცარიელი პურით მაინც ვარჩენდით, „სტანდარტ ბანკის“ დედოფლისწყაროს ფილიალიდან კრედიტები ავიღეთ. სანაცვლოდ გირაოში ზოგმა საკუთარი ბინა და ვენახი ჩავდეთ, ზოგმაც ძმის, მეგობრის, ან მეზობლის საკუთრება,“ - ამბობს სამთაწყაროელი გლეხი კახა სარდალაშვილი.

2006 წელს სამთაწყაროელი გლეხებისთვის ყურძნის რეალიზაცია კვლავ პრობლემად იქცა. ბევრ მათგანს მოწეული ყურძენი ვენახში დაულპა, ეს იმ დროს, როცა ხელისუფლება აცხადებდა, რომ „რთველი – 2006“ წარმატებული იყო და ამით კმაყოფილი პრეზიდენტი, მეწარმეთა კარგად მოვლილ ვენახებში სახელდახელო პრესკონფერენციებს აწყობდა.

„გასულ წელს გურჯაანის საკონსერვო ქარხანას ყურძენი ნისიად გავატანეთ. სხვა გზა არ გვქონდა, რადგან ჩვენამდე მყიდველს არ უშვებენ. ჩვენს მოსავალს ჩალის ფასად მაღალჩინოსნები იბარებენ და შემდეგ სარფიანად ყიდიან. ეს მაფიაა, რომელსაც თელავიდან და თბილისიდან კურირებენ. სამთაწყაროში უნიკალური ჯიშის, საუკეთესო ყურძენი მოდის, მაგრამ გლეხებს არაფერი გვეშველა. გურჯაანის ღვინის ქარხნიდანაც ფული დღემდე არ მიგვიღია და შესაბამისად, ვალებიც ვერ გავისტუმრეთ. ამიტომ, დავალიანების დასაფარად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენახებს და საცხოვრებელ სახლებს გვართმევენ. რამდენიმე ვენახი და სახლი უკვე გაიყიდა,“ - აღნიშნავს რომან კაზიევი.

დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს მორიგი აუქციონი 11 ივნისს აქვს დანიშნული. მანამდე ჩანიშნული აუქციონები არ ჩატარდა, რადგან სხვა საქმესთან დაკავშირებით სასამართლო აღმასრულებელი დედოფლისწყაროს რაიონში დავით ოდიშელიძე დააპატიმრეს.

დავალიანების დაფარვის მიზნით, სამთაწყაროში მცხოვრებმა გლეხებმა, სამუშაოდ სხვა ქვეყნებს მიაშურეს. გზის ფულის საშოვნელად, გამგზავრებამდე ისინი დღიურ 5 ლარზე, ორი-სამი თვის განმავლობაში მაღალჩინოსნების ნაკვეთებში მუშაობდნენ. „სოფელ სამთაწყაროში სულ 480 ოჯახია აღრიცხული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 200-მდე ოჯახმა სოფელი დატოვა. ზოგი მათგანი თურქეთში, ზოგიც აზერბაიჯანში და ერაყშია სამუშაოდ წასული,“ - აცხადებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული სოფელ სამთაწყაროში რეზო დუმბაძე.

ადგილობრივების თქმით, მიტოვებულ სახლებს აზერბაიჯანელი მწყემსები ეპატრონებიან. ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა კახეთის სხვა საზღვრისპირა სოფლებშიც. დედოფლისწყაროს რაიონში, მდინარე ივრის პირას, აზერბაიჯანელებით დასახლებული პატარ-პატარა უბნები უკვე სოფლის მასშტაბებს იძენს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები