კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩაბნელებული ქობულეთი

8 ივნისი, 2007

saxlib.gif

„ოცი დღის განმავლობაში ყველაზე მეტად ინფორმაცია მომენატრა. ხალხი იპარავს შუქს, - რა ქნან, პურის ფული არ აქვთ. ოცი ლარი გადავიხადე. გუშინ საღამოს ჩამირთეს სინათლე,“ - ასე დაიწყო უშუქობაზე საუბარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ და პირველი ჯგუფის ინვალიდმა, სოფელ კონდიდის მცხოვრებმა, 92 წლის, ისმაილ მენაღარიშვილმა.

ერთი თვის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 5 000-მდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება ერთდროულად შეუწყდა. უშუქობის პრობლემა, ძირითადად, სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეექმნა. მიუხედავად იმისა, ოჯახს ამ საფასურის ელექტროენერგია მოხმარებული აქვს თუ არა, ინკასატორი თითოეული ოჯახისგან 25-35 ლარის გადახდას ითხოვს. ეს მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. როგორც მოსახლეობას აცნობეს, ისინი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო „ჩააბნელეს“. თანხის სასწრაფოდ მოთხოვნის მიზეზად კი ჩეხი ინვესტორის მიერ „აჭარის ენერგოკომპანიის“ შესყიდვა სახელდება.

„არ მესმის რატომ უნდა გადავიხადო ოცი ლარი, ამდენი არ დამიხარჯავს და რა ვქნა. არ ჩართავენ და არც მე ვაპირებ გადახდას. საერთო მრიცხველში თუ დავალიანებაა, ეს ჩემი პრობლემა არ არის,“ - აცხადებს სოფელ ალამბრის მკვიდრი ზურა  თხილაიშვილი.

ქობულეთელები მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და თანხის ამოღების გაუგებარ მიზეზებზე საუბრობენ. მათ ქობულეთის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობასთან უამრავი კითხვა აქვთ.

აჭარის ენერგოკომპანიის ქობულეთის სადგურის უფროსს, თამაზ ნემსაძეს კი მოსახლეობისგან დამატებითი 25-35 ლარის ამოღება კანონიერად მიაჩნია: „ორი წელია, რაც მე უფროსი ვარ, მოსახლეობამ იცის, რომ ყოველი თვის 15 რიცხვში ელექტროენერგიის გათიშვაა მოსალოდნელი. ისინი ელექტროენერგიის გადასახადს წლობით არ იხდიდნენ. გამრიცხველიანებას ჩეხები აუცილებლად მოაწესრიგებენ. თითოეულ სოფელში საერთო მრიცხველზე 100 ოჯახი იქნება ჩართული. დახარჯული ელექტროენერგიის საფასური სწორედ მათზე გაიყოფა. სამ-ოთხ დღეში ალბათ ორ-სამ ათას ოჯახს კიდევ გავთიშავთ. ყველა იპარავს ელექტროენერგიას.“

ქობულეთის მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ ენერგოკომპანია ჩეხმა ინვესტორმა უკვე ჩაიბარა და დამატებით თანხებსაც ისინი ითხოვენ. ენერგოკომპანიაში კი აცხადებენ, რომ ჩეხებს აჭარის ენერგოსისტემა საკუთრებაში 10 ივნისიდან გადაეცემათ. ენერგოკომპანიის ქობულეთის სადგურის უფროსთან საუბარში ისიც გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ თანხას ჩეხი ინვესტორები კი არა, სახელმწიფო ითხოვს.

„ამ ეტაპზე გახარჯული ელექტროენერგიის 32 პროცენტია ამოღებული. მინდა ინვესტორს შუქი ჩართული დახვდეს. ნახავენ, სამ თვეში ფულს თუ არ გადაიხდიან, ათი ათასი ოჯახი გაითიშება,“ - ამბობს თამაზ ნემსაძე. „რამდენიმე დღის წინ ერთი სოფლიდან 12 ოჯახი ჩამოვიდა. ბიბლია მოიტანეს, დაიფიცეს აღარ მოვიპარავთო. რამდენიმე დღე არ იპარავდნენ, მერე კი ისევ დაიწყეს. ბიბლიაც დაავიწყდათ. ქვედა ოჩხამურში 350 ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხან რკინიგზას კეტავენ და ხან მთავრობის წევრები თუ ჟურნალისტები ჩამოჰყავთ. კერძო მრიცხველების მიხედვით სამი-ოთხი ლარი აქვთ დახარჯული, საერთო მრიცხველში კი გაცილებით მეტი საფასურის ხარჯვაა დაფიქსირებული.“

ქობულეთში ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის სამართლიანობა-უსამართლობაზე ბევრს საუბრობენ. პოლიტიზირებულ ქობულეთელებს ყველაზე მეტად საინფორმაციო გამოშვებები ენატრებათ. „აბა მე სიყვარულს არ ვუყურებ და არც მომწონს ბაბუ,“ - ამბობს ისმაილ მენაღარიშვილი.

ემზარ დიასამიძე, ქობულეთი

ახალი ამბები