კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ

11 ივნისი, 2007

devnilebib.gif

ზუგდიდში გრიბოედოვის ქუჩაზე ყოფილ „ყრუ-მუნჯთა” საზოგადოების შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 33 ოჯახი დახმარებას ითხოვს.  შენობის ახალი მეპატრონის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა პირველ ივნისს ამოიწურა. მართალია მეპატრონე კვიკვიანიამ წერილში მითითებული ძალა, პოლიცია არ გამოიყენა, მაგრამ დევნილები შიშობენ, რომ მათი გასახლება შეიძლება უიარაღოდაც მოხერხდეს.

კომპაქტურად ჩასახლებული ნათელა ქობალია პროფესიით იურისტია, ის ამბობს, რომ გასახლებასთან ერთად მათი, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქეების უფლებებიც ირღვევა: „წარმოიდგინეთ, რა საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. არ ვიცით შენობიდან როდის გაგვასახლებენ და ამას კიდევ აუტანელი პირობებიც ემატება, კვიკვიანიამ, მას შემდეგ, რაც შენობა იყიდა, იქ სარემონტო სამუშაოები დაიწყო, წყალი გამოგვირთო, რკინის კარები ჩამოკიდა და მოსაღამოვდება თუ არა შენობიდან ვეღარ გავდივართ. არავის არა აქვს უფლება ადამიანები დაამწყვდიოს და გარეთ გასვლის საშუალება არ მისცეს. რომელიმე ჩვენგანი ცუდად რომ გახდეს, საავადმყოფოშიც კი ვერ წავალთ, კარები ჩარაზულია და გათენებას უნდა დაველოდოთ,” - ამბობს ნათელა ქობალია და სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის” თავმჯდომარის მურმან მალაზონიას თქმით, დევნილთა გასახლება ამ ერთი შემთხვევით არ შემოიფარგლება: „ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. არ შეიძლება ამ პრობლემის უგულვებელყოფა. დღეს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობიდან გაასახლებენ, უკვე დადის ხმები, რომ ფაიფურის შენობასაც გამოუჩნდა ინვესტორი, თუმცა, ამაზე ჯერ ოფიციალურად არავინ საუბრობს. მალე ყველა შენობა გაიყიდება. არ შეიძლება დევნილები ღია ცის ქვეშ დარჩნენ,” - ამბობს მურმან მალაზონია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს სამმართველოს უფროსის ლევან მიქავას თქმით, დევნილების გასახლება წინააღმდეგობაში მოდის „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დევნილების გამოსახლება კომპაქტურად განსახლების ობიექტებიდან არ ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება;
ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები;
გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპეტენციებს და რეგულირდება საერთო წესით;
დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.

თუმცა იურისტები ამბობენ, რომ კანონი ზოგადია: „კანონში ნათქვამია, რომ დევნილთა განსახლება ხდება წერილობითი შეთანხმების საფუძველზე და გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც საყოფაცხოვრებო პირობები არ გაუარესდება. თუმცა, კანონი არის ზოგადი და მასში არ არის მითითებული, თუ რას ნიშნავს პირობების გაუარესება და თუ როგორი უნდა იყოს მათთვის შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებელი,” - ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი, იურისტი ზაზა ქვაცაბაია.
 
კვიკვიანიას ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან დევნილების გასახლების შესახებ თანხმობას ელოდება: „დევნილთა განსახლების საკითხი, პარლამენტის დადგენილებით, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პოლიციამ უნდა აღასრულოს. თუმცა, არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც დევნილთა გასახლება კომპაქტურად ჩასახლებული შენობებიდან მხოლოდ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ხდება. ჩვენც ჩვენს ხელთარსებული ყველა მასალა მინისტრ ხევიაშვილთან გავაგზავნეთ და ვთხოვეთ შენობა რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაგვითავისუფლონ. სამინისტროსგან პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია,“ - ამბობს კვიკვიანიას ადვოკატი დემურ სოტკილავა. დევნილების მიერ წაყენებულ ბრალდებაზე შესასვლელი კარების ჩაკეტვის თაობაზე, სოტკილავა საუბრობს, რომ მას სხვა სახის ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დევნილების საკითხს დეტალურად შეისწავლის, მათ შორის იმასაც თუ რამდენი დევნილი იყო რეგისტრირებული იმ შენობაში ოფიციალურად. 

გრიბოედოვის 99-ში 1998 წლიდან მცხოვრები დევნილები შიშობენ, რომ შეიძლება კვიკვიანიამ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, შეთანხმებას მიაღწიოს და ისინი შენობიდან გაასახლონ.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები