კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოკა იძირება

12 ივნისი, 2007

fokab.gif

300 კომლიანი სოფელი ჩაძირვის პირასაა. სოფელ ფოკის მაცხოვრებლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს უყურადღებობაში სდებენ ბრალს. სოფელში შექმნილ მძიმე სოციალურ პირობებს სტიქიაც დაემატა. ფოკელები ფიქრობენ, რომ ისინი ხელისუფლებამ დაივიწყა.

სოფელი ფოკა ფარავნის ტბის გარშემოა გაშენებული. ულამაზეს სოფელს ახლა გაქრობა ემუქრება. გადაუღებელი წვიმებისა და ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტბებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად აიწია. სოფელ ფოკაში 30-მდე სახლი დაიტბორა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

,,ვიხრჩობით და დამხმარე არავინ გვყავს. ასე თუ გაგრძელდა სოფელი დაიცლება, ან ათეულობით ადამიანი საშინელი ნესტისაგან დასნეულდება,” - ამბობს გაიანე აკოფიანი.

სიმონ ადამიანი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოსავალის ძებნას ითხოვს. მამამ არ იცის, ბავშვები სტიქიას სად და როგორ გაარიდოს:

,,აქ ვეღარ გავჩერდებით. ვითხოვთ, დაგვეხმარონ და ეს პრობლემა მოგვიგვარონ. ტბასთან ახლოს ვცხოვრობთ, ამიტომ წყალი შემოდის, სად წავიყვანო ეს პატარები, აღარ ვიცი,“ - დარდობს ფოკის მკვიდრი.

სოფელში შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებულია მანველ კარაპეტიანიც. „სახლში გაჩერება შეუძლებელი. ჩვენ ყურადღებას არავინ გვაქცევს, სოფელი მთლიანად დავიწყებულია.“

ფოკაში ამ დროისათვის 300-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. თუმცა, მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფელი განახევრდა. მათივე თქმით, მიგრაციის მიზეზი მძიმე კლიმატური და სოციალური პირობებია.

,,რაკი აქ ვცხოვრობთ, ყურადღებაც გვჭირდება. არა გვაქვს გზა, წყალი და არანაირი საცხოვრებელი პირობები. ტბის ადიდების შემდეგ ბევრი ,,რიაბუშკა“ (სამეფო თევზი) დაიხოცა. ხიდები კატასტროფულ მდგომარეობაშია. ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ასეთი ადიდებული ტბა არავის ახსოვს,“  - ამბობს ფოკელი დურაჩე ჩაბანიანი.

ცენტრალური ხელისუფლებისაგან დახმარებას ფოკის გამგებელი ართავაზ მადოიანიც ითხოვს:

,,ნაპირსამაგრებიდან წყალი ჟონავს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის 30-მდე ოჯახს. წელს ტემპერატურამ უცებ მოიმატა და რაც მთებზე თოვლი იყო, ტბაში ჩავიდა, რამაც წყლის დონის მკვეთრი მომატება გამოიწვია. ვითარება მართლაც საშიშია, ხალხს წყლით სავსე ოთახებში სძინავს,“ - ჩივის გამგებელი.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ უყურადღებობის შემთხვევაში საფრთხე არა მხოლოდ ფოკის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობას ემუქრება, რადგან ადიდებული ტბები მტკვარში ჩაედინება და მდინარის ნაპირზე გაშენებულ სოფლებს წალეკვას უქადის.

გულო კოხოძე, ნინოწმინდიდან

ახალი ამბები