კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეკომენდაციები მზადაა (ნაწილი პირველი)

12 ივნისი, 2007

umciresobab.gifსაქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან და ხელისუფლებას რეკომენდაციათა პაკეტს სთავაზობენ.  ტოლერანტობა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სახელმწიფო ენის არცოდნა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც ისინი თამამად საუბრობენ.  თუმცა, არც ის დადებითი ავიწყდებათ, რაც ამ მიმართულებით კეთდება.

2005 წელს საქართველო ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას შეუერთდა. აღნიშნული კონვენციის ცხოვრებაში რეალურად გასატარებლად კი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭოს კომისიებმა რეკომენდაციები მოამზადეს. ამ პროცესში საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების დიასპორების, სახალხო დამცველისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.   
 
რეკომენდაციები სხვადასხვა სფეროს და უწყებას ეხება. მიმართულება კი ერთია - ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემებს, ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ თავად უმცირესობების წარმომადგენლები საუბრობენ. მათ შორის ყველაზე მკაცრი საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-ს თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანია, რომელიც აცხადებს, რომ უმცირესობათა ინტერესები სრულიად იგნორირებულია.

არნოლდ სტეპანიანი: „მთავარი პრობლემა, რაც ეროვნულ უმცირესობებს დღეს აწუხებთ, არის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განზე დგომა; პასიურობა ქვეყნის მშენებლობის პროცესებში; ვერანაირად ვერ ვახერხებთ უმცირესობათა ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, რადგან არ არსებობს მიდგომა, როგორ უნდა მოხდეს ინტეგრაცია; ხდება უმცირესობათა ინტერესების სრული იგნორირება. ბევრი ადამიანი საზოგადოებაში უმცირესობებს აღიქვავს ტროას ცხენად და არა სრულუფლებიან მოქალაქედ. შესაძლოა, ქართულ საზოგადოებას ეშინია, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ უმცირესობებს. ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული უმცირესობები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კომპაქტურად ცხოვრობენ, ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის  სახელმწიფო ენის არცოდნა, კომუნიკაციების ცუდი ხარისხი, რეგიონებში საინფორმაციო ვაკუუმი. როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა დავიწყეთ, სამწუხაროდ, ეროვნული უმცირესობები ყველას დაავიწყდა.“
 
არსებულ პრობლემებზე საუბრობს, საზოგადოების „საქართველო ჩემი სამშობლოა“  თამვჯდომარის მოადგილე ფარხატ მუსაევი. მისი თქმით, ძირითადი პრობლემა, რაც
კომპაქტურად მცხოვრებ აზერბაიჯანელებს აწუხებთ, მიწის ნაკლებობა და არათანაბრად განაწილებაა: „ამ მოსახლეობის ძირითადი საარსებო წყარო არის მიწა, ისინი ისტორიულად მიწაზე მუშაობდნენ და მუშაობენ კიდეც. მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მიწის ნორმალურად და თანაბრად  განაწილება მოხდეს.

რაც შეეხება ინტეგრაციას, მთავარი პრობლემა ის არის, რომ არაქართულმა მოსახლეობამ, სამწუხაროდ,  სახელმწიფო ენა არ იცის. ეს საკმაოდ ცუდად მოქმედებს ინტეგრაციაზე. ამ მიზეზით მათ სამსახურებში არ იღებენ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა ენა ისწავლოს. მაგალითად, როგორია, როცა ახალგაზრდა ბიჭი ჯარში მიდის და ქართული ენა არ იცის. როგორ უნდა იმსახუროს მან ან როგორ შეასრულოს მეთაურის ბრძანება? აუცილებელია, აზერბაიჯანულ სკოლებში პირველი კლასიდან ქართული ენა ისწავლებოდეს.“

ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პრობლემებს ნაკლებად უჩივის ასოციაცია „უდის“ პრეზიდენტი კახეთის რეგიონში მამული ნიშუმაშვილი. მისი თქმით, კახეთის რეგიონი ტოლერანტობისა და ინტეგრაციის კლასიკური მაგალითია.  „უდი“ გაქროპის პირას არსებული მოსახლეობა გახლავთ.
მათ შემორჩენილი აქვთ უძველესი, უდიური ენა. ისინი ყვარლის რაიონის სოფელ ოქტომბერში ცხოვრობენ. სულ, ამ ეტაპისთვის, 170 კომლი ანუ 500-მდე ადამიანია შემორჩენილი.. 

„ინტეგრაცია და ტოლერანტობა თუ ვინმეს სჭირდება, პირველ რიგში ეს ჩვენს  სოფელში და ამ ხალხში უნდა მოიკითხოს. შეიძლება ითქვას, რომ უდიების დედების 90% ქართველია. ინტეგრაციის პრობლემა ჩვენთან საერთოდ არ არსებობს, ტოლერანტობა უმაღლეს დონეზეა. პირიქით, არსებობს უდიური ენის და კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვის საშიშროება. ამას აუცილებლად ზრუნვა სჭირდება,“ - ამბობს მამული ნიშუმაშვილი.               

ის, რომ ინტეგრაციის პრობლემა რეგიონებში უფრო მასშტაბურია, ვიდრე დედაქალაქში, ამაზე სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი საუბრობს. თუმცა, პრობლემა დედაქალაქშიც აქტუალურია.  ამის ერთ-ერთი მაგალითი დეპუტატ ბესო ჯუღელის გახმაურებული ინციდენტია (საიტზე იხილეთ 1-3 მაისის სტატიები). 
 
აგიდ მირზოევი ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს” ხელმღვანელი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას დახმარებისთვის არაქართველი მოსახლეობა ხშირად მიმართავს. მათი ძირითადი პრობლემა კი ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია და დამცირებაა. ამას გარდა, მირზოევის თქმით, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ქურთებს საშუალება არა აქვთ, ისტორიული გვარები აღიდგინონ.         

აღნიშნული პრობლემის არსებობას კობა ჩოფლიანიც ადასტურებს და ამბობს, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა და დადასტურება საკმაოდ რთულია: „არის შემთხვევები, როცა ადამიანს ეთნიკური წარმომავლობის გამო სამსახურში პრობლემები ექმნება, თუმცა, მისი დამტკიცება საკმაოდ რთულია.“

ნაწილი II  http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=800

ეკა გულუა

ახალი ამბები