კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთი – ტერიტორია თუ ხალხი?

19 ივნისი, 2007

„მე მგონი მართლა ცარიელი აფხაზეთი უნდა ამ ხალხს - ადამიანების გარეშე. ეგრე კი არ გამოვა - 21-ე საუკუნეა!“

gamokitxvam.gif


ასე გამოიყურება იმ გამოკითხვის ამჟამიდნელი შედეგები, რომელიც თბილისის ფორუმზე ისევ გრძელდება...

„საქართველოში ვინმეს კიდევ აქვს სინდისი?“ – ეს კითხვა ერთ-ერთ ფორუმზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაწყებული კამპანიის „ბოდიშის“ პირველივე დღეებში გაჩნდა. კითხვის ავტორი აფხაზი იყო. პირველი მწვავე რეაქციების შემდეგ ამ კამპანიას ყურადღება ჰაინრიხ ბიოლის ფონდმაც დაუთმო და ტრადიციული დისკუსია მიუძღვნა. თბილისის ფორუმზე მოწინააღმდეგენი არათუ იდეას, არამედ დისკუსიის გამართვის ინიციატივასაც გამოუჩნდნენ. 

„მე ვთვლი, რომ ამ თემაზე ნებისმიერი „დისკუსია“, ერში პარაჟენცული აზროვნებისა და განწყობების ჩანერგვის იდეოლოგიური ინსტრუმენტია. ვთვლი ასევე, რომ ხვალინდელი თავყრილობა სასინჯი ქვა იქნება ამ იდეოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში. ნებისმიერი დისკუსია - საფუძველშივე წაგების ტოლფასია.“

„ერთ რამესაც მინდა გავუსვა ხაზი და კარგად დავფიქრდეთ ამაზე: ინფო ამ დისკუსიის ჩატარების შესახებ დადეს ფორუმზე პოლიტგანყოფილებაში, სადაც კარგად უწყოდნენ, თუ რას გამოიწვევდა ასეთი ინფო. ჭკვიანური ჩანაფიქრია და კარგი განათვალი. საკითხავია მხოლოდ, ვის მიერ გაკეთებული განათვალია - რესპუბლიკელ-ენჯეოშნიკების, რომლებსაც ერთ პატარა ოთახში გამომწყვდეული (ფონდის დარბაზია, მართლაც ერთი ბეწო) „დისკუსიის“ გაპიარება უნდოდათ, თუ მათი მოწინააღმდეგეებისა, ვისაც ამ წამოწყების და რესპუბლიკელ-ენჯეოშნიკების „ზუბი“ აქვთ ან საზოგადოების განწყობის შეფასება უნდოდა, ინდიკატორად (ენჯეოშნიკების საყვარელი ტერმინია)?

„მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კენჭი ნაყარია, მეგობრებო!  სულ ცოტა, საზოგადოების განწყობა ხომ მაინც გამოჩნდება!“

„ყველაზე დიდი სიბინძურეები ეგეთი დისკუსიებით იწყება..  იქნებ მოვაწყოთ დისკუსია „მივცეთ თუ არა სომხებს ახალქალაქში ავტონომია?“ ან კიდევ „ვცნოთ თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობა?“ ან სულაც „მოვახდინოთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოს თვითლიკვიდაცია და შევუერთდეთ თუ არა რუსეთს ფართო კულტურული ავტონომიის ფარგლებში?“ ესეთი დისკუსიები იგივეა, რაც დისკუსია „ვაკოცოთ თუ არა ჩვენ აფსუა ძმებს იქ.“

„და შენი აზრით, პირადად იმ ადამიანებს უხდიან ბოდიშს, ვინც შენიანები ან ჩემიანები ამოხოცა? შენ ალბათ გგონია ყველა აფხაზს იარაღი ეჭირა ხელში, ჟლიტავდა დედა-ბუდიანად გაგრაში ქართველებს თუ რა? რომ დაგისახელონ მაგალითები იმისა თუ როგორ გადაარჩინეს აფხაზებმა სოხუმის შტურმის დროს ქართველები, მაგაზე რას იტყვი? ეგებ მაგ ხალხს უხდიან ბოდიშს იმისათვის, რომ საკუთარი სიცოცხლე გარისკეს და უფრო მეტი ადამიანობა გამოიჩინეს ვიდრე ბევრმა მათმა ან ჩვენმა თანამემამულემ? ან იქნებ იმ აფხაზი ბავშვების დედებს უხდიან ბოდიშს 93-ში ბლოკირებული ტყვარჩელიდან რომ ვერტმფრენით მოდიოდნენ და მხედრიონელებმა მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ რომ ვერტმფრენში ბავშვები იყვნენ, მაინც ჩამოაგდეს. ვინმემ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, რასაკვირველია, მაგრამ ეს ნაბიჯები რატომღაც სულ ჩვენგან მოდის. აფხაზები ბოდიშს ითხოვენ ხელისუფლებისა და ერისგან, ხელისუფლება არ იხდის ბოდიშს, ბოდიში კი არა ომს დაიწყებენ.“
 
„ერი კი რომელსაც ასიათასობით დევნილი ჰყავს, (და ამას გარდა ათასი უბედურება გვჭირს) ბოდიშს ვერ მოიხდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარე ამ ნაბიჯს არ გადმოდგამს.“

„ბოდიშის თემის“ ირგვლივ გამართულ დისკუსიებზე საზოგადოება, როგორც წესი, ორ ნაწილად იყოფა. ასეა დღემდე, კამპანიის დაწყებიდან სამი თვის მერეც, თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ამ თემაზე საუბარი საზოგადოებაში დაიწყო და გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც ბოდიშის მოხდა სამარცხვინოდ არ ეჩვენება.

ირაკლი კაკაბაძე თავის მოსაზრებას თბილისის ფორუმზე ღიად აფიქსრირებს: „მე პირადად ვფიქრობ, რომ ყველამ თავის საქციელზე უნდა მოიხადოს ბოდიში და თქვას, რომ გული სწყდება იმაზე, რაც მოხდა. მე პირადად მრცხვენია, რომ კიტოვანი და შევარდნაძე ჩემი ქვეყნის სათავეში იყვნენ ამდენი წლის განმავლობაში და ამის გამო ყველას მოვუხდი ბოდიშს - ქართლელსაც, აფხაზსაც, გურულსაც, მეგრელსაც, იმერელსაც და ყველა სხვასაც. მე ვფიქრობ, აფხაზებშიც არის ბევრი პატიოსანი ადამიანი, რომელიც იგივეს ფიქრობს არძინბაზე და მის „ძმებზე“. 9 აპრილს ჩვენ უკან არ დავიხიეთ, როცა რუსეთი შემოვიდა თავისი უდიდესი ძალით და წააგო ჩვენთან ბრძოლა - უიარაღო ხალხთან. ასეა, როცა დიდი პატარას უპირისპიდება. მე პირადად 80 ათასიან ხალხთან იარაღით დაპირისპირება ქართველების ღირსებაზე ბევრად დაბლა მიმაჩნია. ქართველი რუსზე მაღლა იმით დგას, რომ იმპერიალისტი არ არის და დომინაცია არ უნდა. მე ასე მწამს - და თუ ეს ასე არ არის და ჩვენც რუსებივით ვართ, მაშინ აღარ მინდა ასეთი ქართველობა.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან მკაცრად არის დასასჯელი იმ ომის ყველა გამჩაღებელი (ქართველიც, აფხაზიც და რაც მთავარია რუსიც), ყველა სამხედრო კრიმინალი (ყველა ეროვნების, ვინც მხეცობას სჩადიოდა) და კიდევ იარაღის ბარიგები, ვინც მაგ ომში დიდი ფული გააკეთა და აი, ამ მსხვერპლზე ხელი მოითბო. ასეთები იყვნენ ქართველებიც, აფხაზებიც და სხვა ერების წარმომადგენლებიც.

მე აქ პირდაპირ ვამბობ ჩემი სახელით და არავითარ ნიკს არ ამოვეფარები, მე პირადად ბოდიშს ვიხდი იმისათვის რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელმაც შევარდნაძე, კიტოვანი და მათნაირები ხელისუფლებაში ამყოფა ამდენ ხანს და იმაზეც, რომ მათ სულიერ შვილს, მიშა სააკაშვილს ამყოფებს ახლა. პირადად ჩემი ბრალიც არის ეს და გულწრფელი აღიარება სჯობს თამაშს.

აგრეთვე მიმაჩნია რომ ომი და კაცის კვლა (მითუმეტეს ქალის) არის ისეთი რამ, რაც უნდა აიკრძალოს, როგორც ამას ვაჟა ფშაველა და ბობ დილანი ამბობენ და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, ყველა თანაბრად დამნაშავეა. ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ისაა, რომ იარაღის გარეშე შეგვეძლოს სიმართლის თქმა. აი, ამ ვაჟკაცობას მივესალმები - თორემ იარაღი მშიშრების თავშესაფარია.

ვიცი, რომ ეს აზრი არაპოპულარულია ფართო წრეებში, მაგრამ „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ მძალუძს“ - არა კაც ჰკლა - ასეთი მცნება რომ არის მოსეს სჯულში მოცემული პირდაპირი მნიშვნელობით მესმის.

ამ ადამიანების ხსოვნა და ჩვენი დევნილების ღირსების აღდგენა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ვაჟკაცობა გამოვიჩინოთ და სიმართლით დავბრუნდეთ აფხაზეთში, რაც შეიძლება მალე.“

რიგითი მოქალაქეები მსჯელობენ იმ მიზეზებზე, თუ რატომ შეიძლება მოუხადოს ერთმა ხალხმა მეორეს ბოდიში: 

„მე პირადად ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბოდიში მოვუხადო იმ აფხაზთა ოჯახებს, რომლებიც ზოგიერთი ჩვენი ვაისამხედრო დაჯგუფების მიერ უმიზეზოდ იქნა აწიოკებული. აფხაზეთში ბევრი პატრიოტი ქართველი იბრძოდა. ბევრი დაეცა. ბევრიც ზურგში ნასროლი ტყვიით ჩამოასვენეს. ამ ქართველების ოჯახებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში ! ! !
ერის სახელით საუბრის უფლება არც პრეზიდენტს აქვს, არც რომელიმე პოლიტიკოსს და მითუმეტეს არც „ენჯეოშნიკს“. ერის სახელით მხოლოდ რეფერენდუმის შედეგი საუბრობს.

მე პირადად ბოდიშს ვუხდი აფხაზეთში აოხრებული აფხაზების ოჯახებს.
ისევე, როგორც ზუგდიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, სამტრედიაში განადგურებულ არაერთ ქართულ ოჯახს. ქართველების ხელითვე განადგურებულ ოჯახებს.
დევნილების სახელით რომ ლაპარაკობთ, იცით მათი აზრი? დევნილებმა უკვე მოუხადეს ბოდიში - ისინი მათ მეზობელ აფხაზებს, რომლებსაც ქართველები აწიოკებდნენ, საკუთარ სახლებში მალავდნენ.“

„დევნილები გაცილებით უფრო ნაკლებად აგრესიულები არიან. მათ უმრავლესობას ბოდიში ნამდვილად არა აქვს მოსახდელი და ბოდიში პირველ რიგში ამ ხალხს უნდა მოუხადონ ქართველმა მილიტარისტებმა, ომი რომ წააგეს და მაინც ყოყლოჩინობენ.
აფხაზეთშიც ასეა. ბიჭი, რომელიც ინვალიდის სკამზეა მიჯაჭვული, 18 წლის იყო, ომში რომ დაიჭრა, ყველაზე მეტადაა მზად შერიგებისთვის.“

„ბოდიში“ იმას არ ნიშნავს, რომ დავუჩოქო ბაღაფშს და სხვებს და ვიძახო, საზიზღარი ვარ, მაპატიე მეთქი. „ბოდიში“ იქნება, როცა გასამართლდებიან ამ საზიზღარი ომის დამწყებები. სხვათა შორის, მათი რიტორიკა ძალიან ჰგავდა ზოგიერთი აქაური ამხანაგის რიტორიკას მაშინ, ომის დაწყების წინ.“

„მე მგონი მართლა ცარიელი აფხაზეთი უნდა ამ ხალხს - ადამიანების გარეშე. ეგრე კი არ გამოვა - 21-ე საუკუნეა!“

„ზუგდიდამდე ხოხიალს და კონკრეტული სიტყვის ბოდიშის თქმაზე არაა აქ საუბარი. აქ საუბარია შეფასებაზე, 1991-93 წლების შეფასება და ამ შეფასებაში აფხაზეთსაც უნდა დაეთმოს ადგილი და უნდა ითქვას, რომ ის საქციელი იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომა, რამაც შეიწირა პირველ რიგში ძალიან ბევრი ქართველი და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნებები. მე როგორც მახსოვს იქ 300.000 მეტი ქართველი და სულ რაღაც 70.000 აფხაზი ცხოვრობდა! ჯერ იმ 300.000 ქართველს (აფხაზს) უნდა მოუხადონ ბოდიში და შემდეგ იმ ერს, რომელიც აფხაზეთში დარჩა. სოხუმში ბაღაფშთან ჩასვლას არავინ ითხოვს!“

„აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებაზე ნაკლებადაა განვითარებული და ჩემი აზრით, ჩვენ, როგორც უფრო მაღალ კულტურაზე პრეტენზიების მქონე ერს, უფრო მეტი მოგვეთხოვება და ბუნებრივია, რომ პრეცედენტიც ჩვენ უნდა შევქმნათ, როგორც უფრო შეგნებულმა (თუ მართლაც ასეა) ერმა.

„იმიტომ, რომ 24 საათი ახსენებენ, რომ სულ რაღაც 15 წლის წინ ყველა ოჯახში კუბო ედგათ მშვიდობიან ოჯახებს ქართველების დამსახურებით და აყურებინებენ დღეს ამ კუბოების დადგმაში მონაწილე ადამიანები როგორ განცხრომით ცხოვრობენ, მოღვაწეობენ და პანთეონებზე განისვენებენ საქართველოში.“

„აფხაზები იმიტომ არ მოიხდიან ბოდიშს, რომ ჯერ კიდევ ვემუქრებით განადგურებით, გადაშენებით, გენოციდით; ვახსენებთ, რომ „ჩამოთრეულები“ არიან, უმადური აფსუები, გადამთიელები და ყველანაირად მანკიერი და შეუმდგარი, რაღაც მეათეხარისხოვანი ეთნოსი არიან და ვამადლით იმას, რომ აქამდე არ გავწყვიტეთ ერთიანად და დიდსულოვნად ვაძლევდით უფლებას ჩვენს წმინდა მიწაზე ეცხოვრათ და ჩვენი ჰაერი ესუნთქათ. იმიტომ არ მოიხდიან, ისინი ბოდიშს, რომ ამის საშუალებას უბრალოდ არ მისცემენ სეპარატისტები, ვინც გაბედავს წარმოდგენაც კი არ მინდა რანაირად გაუსწორდებიან.“

http://www.youtube.com/watch?v=RdA0KT_Y4jo

http://www.youtube.com/watch?v=UZeKBlDaD0g

კომენტარები შეაგროვა ეკა ქევანიშვილმა

 

ახალი ამბები