კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფროსების „პრინციპების“ გამო ბავშვები უბინაოდ რჩებიან

25 ივნისი, 2007

surb.gif

მცირეწლოვანი ბავშვები, რვა წლის ნიკა და ხუთი წლის ია ქიქავები ღია ცის ქვეშ უფროსების პრინციპების გამო რჩებიან. ბაბუის დანატოვარი ქონების გამო დავა ბიძებთან, თემურ და ვაჟა ქიქავებთას  ბათუმის სასამართლოში თვეების განმავლობაში იწელება. როგორც ბიძები აცხადებენ, ბავშვებს მემკვიდრეობის უფლებები მშობლების ქმედებების გამო ეზღუდებათ. 

ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საშიშროება მას შემდეგ დაემუქრათ, რაც მათი   საცხოვრებელი ადგილით, ჰაიდარ აბაშიძის (ტურგენევის) #10-ით ინვესტორები დაინტერესდნენ. სახლში ბავშვების ბაბუა, ბათუმში ცნობილი პედაგოგი, ახმედ ქიქავა ცხოვრობდა. მას სამი ვაჟიშვილი, ვაჟა, თემური და სოსო დარჩა. ამჟამად კი სახლის კანონიერ მფლობელებად, საჯარო რეესტრის მიხედვით, მხოლოდ ვაჟა და თემურ ქიქავები ითვლებიან.

სოსო ქიქავას მეუღლე, ირმა ხაბაძე აცხადებს, რომ მაზლებმა მამამთილის კუთვნილი სახლის დაპატრონება კანონდარღვევით მოახერხეს, ძმისშვილები კი წილის გარეშე დატოვეს: „უფროსი ვაჟი, ორთაბათუმში, ბებიის სახლში,  შუათანა - თემური, გორკის ქუჩაზე. ხოლო აღნიშნულ მისამართზე, უმცროსი, ჩემი მეუღლე, სოსო ქიქავა ცხოვრობდა. ჩემი ქმრის გარდაცვალებით ძმებმა ისარგებლებს და სახლი გადაიფორმეს. ჩემი ქმარიცა და შვილებიც იმ სახლში დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და ახმედ ქიქავას კანონიერი მემკვიდრეები არიან.“

სოსო ქიქავას მეუღლის, ირმა ხაბაძის განცხადებით, მისი, ოჯახისა და შვილების უბედურების მიზეზი ქმრის ნარკომანობა გახდა. როგორც ქიქავას ქვრივი აცხადებს, მან მთელი თავისი ქონება, და კეთილდღეობა ქმრის მავნე ჩვევას შესწირა.

ვალების გამო ირმას, ჯერ კიდევ ქმრის სიცოცხლეში, სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა მოუხდა: „2005 წლის ოქტომბერში მეუღლე გარდაიცვალა. ჩემს ჩამოსვლას არ დაელოდნენ ისე დაკრძალეს.“

2006 წელს, რუსეთში მცხოვრებმა თემურ ქიქავამ 1996 წელს დაწერილი მამის ანდერძის საფუძველზე, რომლის მიხედვით ქონების მემკვიდრე მხოლოდ ის არის, ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმართა და სახლი დაირეგისტრირა. ამჟამად მის საკუთრებაში სახლის 67კვ.მ ნაწილია. 22,5 კვ.მ. ფართი იმავე სახლიდან, როგორც მერიის ბალანსზე არსებული ფართი, უფროსმა ძმამ, ვაჟა ქიქავამაც მიიღო. სახლი კი ფაქტობრივად გაცილებით დიდია, რომლის დარჩენილი ნაწილიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. სულ მიწის ფართი 500 კვ.მ-მდეა. ხაბაძის ადვოკატის, მედეა ვასაძის განცხადებით, ძმებმა მამის ქონება ძმისშვილების უფლებების დარღვევით მიიღეს. მისი ინფორმაციით, თემურ ქიქავას ამხანაგობა „ლოტოსმა“ ტერიტორიის სანაცვლოდ 250 კვ.მ. საცხოვრებელი და 50კვ.მ. კომერციული ფართი მისცა, ხოლო ამდენივე, ვაჟა ქიქავას, თითქოსდა ამხანაგობაში შეტანილი წილის მიხედვით:

„სინამდვილეში ვაჟა ქიქავას თანხა ამხანაგობაში არ შეუტანია. ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ „ლოტოსი“ იმავე სახლს მეზობელ ეზოშიც აშენებს და იქ იმდენივე ტერიტორიაზე ბევრად მეტ ფართს გასცემს. ძმები ამით მანიპულირებენ, რომ თითქოს ვაჟა ქიქავას სახლიდან წილი არა აქვს. არადა ვაჟა ათეული  წლების განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში ცხოვრობდა. მერიამ მას ბინა კანონის დარღვევით მისცა. ამის გამო ჩვენ სახლი დავაყადაღებინეთ, რომელიც შემდეგ მოსამართლემ, უკანონოდ მოხსნა.“

რძლის განცხადებებს კონტრბრალდებებით პასუხობს თემურ ქიქავა. მისი თქმით, ხაბაძე შვილების სახელით სპეკულირებს. „ადამიანის უფლებების ცენტრი ახლა რომ დაინტერესდა ბავშვების უფლებებით, ეს უფლებები მაშინ არ ირღვეოდა, როცა თურქეთში წავიდა და ბავშვები უპატრონოდ, ვიღაც-ვიღაცეებთან დატოვა?! შავებს ახლა იცვამს, როცა ქმრის საფლავი სად არის, ისიც არ იცის. მე უცოლშვილო კაცი ვარ. მზად ვარ ძმისშვილებს წილი საკუთარიდან დავუთმო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხაბაძე ვერ შეეხება.“

თემურ ქიქავას თქმით, მას უმცროსი ძმისათვის სავალდებულო წილი უკვე მიცემულიც აქვს: „ქორწილის მერე, გორკის ქუჩაზე მდებარე ჩემი ბინის გასაღები და მინდობილობა მივეცი. მე მოსკოვში ვცხოვრობდი. მაგენმა ბინა გამიყიდეს. მამაჩვენის სახლიდან ავეჯი და ძვირფასეულობა მიაყოლეს. ნარკომანი ხომ იცით, მშობლებსაც გაყიდის. ამიტომ იყო, რომ მამამ, თავის სიცოცხლეში, ირმას მოყვანამდე, ანდერძით ეს სახლი მე დამიტოვა.“

ხაბაძე-ქიქავების ქონებრივი დავა ხშირად პროკურატურის მოკვლევის საგანიც ხდება. თემურის განცხადებით, ირმამ სასამართლოზე ყალბი საბუთები წარადგინა: „ამის გამო დააკავეს ხულოს ნოტარიუსი მახარაძე, რომელმაც ყალბი მინდობილობა გასცა ადვოკატის სახელზე. ხაბაძის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ქიქავას საქციელითაც უნდა დაინტერესდეს:

„თავდაპირველად თემურიმ უფროს ძმას მინდობილობა რუსეთის მოქალაქის სახელით გამოუგზავნა. შემდეგ, როცა ნოტარიუსმა მას მოთხოვნა არ დაუმტკიცა, მოულოდნელად ჩამოვიდა საქართველოში და „ლოტოსთან“  ხელშეკრულება საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით დადო. ჩვენ გვაქვს  მტკიცებულება, რომ მან საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ორმაგი მოქალაქეობაც უკანონოდ აქვს მიღებული.“
უცნაურია, მაგრამ ორივე მხარე საქმის გაჭიანურებისათვის მოსამართლე ნინო ვაშაყმაძეს სდებს ბრალს. ხაბაძის განცხადებით, აქ მოსამართლის მხრიდან ფირმა „ლოტოსის“ მიმართ მიკერძოებას აქვს ადგილი: „სახლის ყადაღა იმიტომ მოხსნეს, რომ „ლოტოსმა“ სახლი დაანგრიოს და მშენებლობა მანამდე დაიწყოს, სანამ ჩვენ კანონიერ უფლებებს აღვიდგენთ. მერე კი სავალდებულო წილს მხოლოდ თემურ ქიქავას წილიდან თუ მოგვცემენ. ახლა რომ აღვიდგინოთ წილი, ინვესტორს ჩვენს პირობებს შევთავაზებთ.“
 
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების ცენტრის” ბათუმის ოფისი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილი აქვს ბავშვთა უფლებების დარღვევას: „ზოგადი პრინციპის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. თუ ბავშვები უმწეოდ დარჩებიან, ეს უარყოფითად აისახება მათ მომავალზე. მართალია მამკვიდრებლის მიერ დატოვებულია ანდერძი, მაგრამ გასათვალისწინებელია კანონით მემკვიდრეებზე სავალდებულო წილის მიკუთვნების საკითხი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამის კუთვნილ სავალდებულო წილზე შვილებს უფლება გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, მცირეწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ დაყენებული მოთხოვნა ამ კუთხით მართებულად მიმაჩნია,“ - აცხადებს ცენტრის იურისტი ბაკურ ბოლქვაძე.

ემზარ დიასამიძე, ბათუმიდან

ახალი ამბები