კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმწეოებს საჭმელს თითის ანაბეჭდების აღების შემთხვევაში აჭმევენ

26 ივნისი, 2007

sasadilos.gif

ძველი თბილისის გამგეობამ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში თითის ანაბეჭდების სპეციალური აპარატი დაამონტაჟა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმწეო მოსახლეობას საჭმელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აჭმევენ, თუ ისინი სასადილოში თითის ანაბეჭდს დატოვებენ. უმწეო მოსახლეობა აღნიშნულ ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს და ანაბეჭდის დატოვებას არ აპირებს, გამგეობაში კი პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ. 

აპარატის დამონტაჟება 3 000 ლარი დაჯდა, მაშინ, როცა ერთი გაჭირვებული ადამიანისთვის განკუთვნილი ულუფისათვის დღეში 1 ლარი იხარჯება. უფასო სასადილოთი სულ 600 ადამიანი სარგებლობს. როცა მათ სასადილოში თითის ანაბეჭდის დატოვება მოსთხოვეს, პანიკა სწორედ მაშინ ატყდა. გაჭირვებული მოსახლეობა აცხადებს, რომ არანორმალურია, როცა სახელმწიფო მათხოვრად გაცხადებს და როგორც დამნაშავეს, ერთი ლუკმა პურის გადმოგდებისთვის შენს ანაბეჭდებს ითხოვს. მათ არ ესმით, რისთვის არის ეს პროცედურა საჭირო.

„გაკვირვებული დავჩი, როცა ერთი ულუფა წვნიანის წასაღებად მოვედი და თითის ანაბეჭდის დატოვება მომთხოვეს. სამარცხვინოა, სხვა თუ არაფერი. ის არ კმარა, რომ ამ ქვეყანაში მათხოვრებად ვიქეცით, ახლა უნდათ, რომ ჩვენნაირი მათხოვრების შესახებ ინფორმაციები შეაგროვონ. განა ისეთს რას გვაჭმევენ, რომ წყალწყალა კერძი და წიწიბურა არ ემეტებათ ჩვენთვის. დაგვასაქმონ ბატონო და ამათი გადმოგდებული ლუკმა არავის სჭირდება,“ - აცხადებს სასადილოს ერთ-ერთი ხშირი სტუმარი ნელი ვეროზაშვილი.    

როგორც სოციალურად დაუცველი სხვა ადამიანები აცხადებენ, ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებას შემდეგ სატრაბახოდ ჰქონდეს საქმე: „ამაზე დიდი ღორობა არ გამიგია.  ჩვენ განათლებული ხალხი ვართ. ამ საზოგადოების ისეთივე ნაწილს მივეკუთვნებით, როგორც სხვები.  ჩვენს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ საშუალება არ გვაქვს. ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ მათხოვრები ვართ და არაადამიანებივით უნდა მოგვექცნენ. აქ უამრავი ისეთი ადამიანი დადის, რომელსაც ოჯახში ავადმყოფი შვილი, დედა, ძმა ან სხვა წევრი ჰყავს. ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ და ამიტომ, მათ ნაცვლად ულუფა სხვას, ოჯახის რომელიმე წევრს მიაქვს.  ამ აპარატების დამონტაჟებით კი იმას აკეთებენ, რომ საჭმელს მხოლოდ ის შეჭამს, ვინც სასადილოში თავად მივა. ვინც ვერ მივა, იმან რა ქნას?“    

კიდევ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც სოციალურად დაუცველები თითის ანაბეჭდების დატოვებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით: „უფასო სასადილოში ბევრი ისეთი ადამიანი დადის, რომელთა ახლობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ტრადიციის მიხედვით, ქართველები მათხოვრები არასდროს ვყოფილვართ და სამათხოვროდ ხელის გაშვერა ყოველთვის სირცხვილად ითვლებოდა. არცერთ ჩვენგანს არ სურს, სასადილოში ანაბეჭდი დატოვოს და წლების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ეს ინფორმაცია ჩვენი შვილების თუ შვილიშვილების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. არავის ესიამოვნება, ერთ დღეს გაიგოს, რომ მისი დედა, ბებია თუ დეიდა საჭმელს მათხოვრობდა.”     
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კომენტარი ძველი თბილისის გამგეობას სთხოვა. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ფირანიშვილმა გვითხრა, ამ საკითხზე ასეთი ხმაური არ უნდა ამტყდარიყო და ტენდენციურად არ უნდა გაშუქებულიყო. ის დაგვპირდა, რომ კომენტარისთვის გამგეობის  რომელიმე წევრთან დაგვაკავშირებდა, მოგვიანებით კი გამგეობიდან თავად დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გამგებელი ამ საკითხზე საუბრისგან ამ ეტაპისთვის თავს იკავებს.       

ერთადერთი ინფორმაცია რაც უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მოვიპოვეთ, ის არის, რომ გამგეობა სასადილოებში სპეციალურ აპარატებს იმიტომ ამონტაჟებს, რათა ზუსტად დაადგინოს, სასადილოთი რამდენი პირი სარგებლობს. ცნობილია ისიც, რომ მსგავსი აპარატების  დამონტაჟება სხვა უფასო სასადილოებშიც მოხდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი შეფასება გააკეთა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ. მისი თქმით, რაც მოხდა, არასწორი საქციელია და გაჭირვებულ მოსახლეობას ლუკმის მისაღებად ძვირადღირებულ აპარატზე რეგისტრაციის გავლა არ უნდა სჭირდებოდეს.   

ეკა გულუა

ახალი ამბები