კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება ვაი-ვაგლახით

30 ივნისი, 2007

თუთის იმედად დარჩენილი უძველესი სოფლის ბედი და ტურიზმის აყვავების შანსი

cixeb.gif

ხერთვისი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელია. ის ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 55 კომლი ცხოვრობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი დუშეთის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონებიდან არის ჩამოსახლებული.

ხერთვისელები ამბობენ, რომ ხელისუფლების ყურადღების იმედი აღარ აქვთ: ,,ყურადღების მომქცევი არავინაა!  მოვა თქვენსავით ვიღაცა, დაგვაყრის კითხვებს - ,,რა გიჭირთ, რა გილხინთო?”  მერე გაივლის, წავა და ლაპარაკი ლაპარაკად რჩება,” - ასეთია სოფლის ,,ბირჟაზე” შეკრებილი მოსახლეობის აზრი.

სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა წყალია. ,,აქ არც გზაა, არც სასმელი და სარწყავი წყალი. ჭები გვაქვს, რომლის წყალიც სხვადასხვა დაავადებებს აჩენს. ,,ქეადან” იყვნენ მოსულები, პროექტიც შედგა, მერე კი განაცხადეს, ნინოწმინდაში გადავედით სამუშაოდო”, – ამბობს ხერთვისელი 53 წლის სერგო ქარუმიძე.

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების აუცილებლობასა და განსახორციელებელ სამუშაოებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ გიგაშვილიც გვესაუბრა:

,,ხერთვისის სასმელის წყლის პროექტის სავარაუდო ღირებულება 81 500 ლარია. სოფლის მოშორებით, ე.წ. კვარშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასმელი წყლის მარაგია, სადაც შემკრები აუზის გაკეთებაა საჭირო. მიმდინარეობს მუშაობა და ხერთვისს მალე სასმელი წყალი ექნება.“

ხერთვისში, ისევე როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დასაქმებული. გლეხობას მიწის დამუშავება ძვირი უჯდება და ამიტომ სახნავ-სათესი ფართობები სათიბებად არის გადაქცეული, ზოგჯერ თივასაც ვერ იღებენ, რადგან წყალდიდობა ყველაფერს აფუჭებს.

,,ჩვენ სახნავ-სათეს ნაკვეთებამდე ოცი კილომეტრი გზაა და იმდენი ხარჯია, რა უნდა მოიყვანო, რომ აინაზღაურო? ამიტომ სათიბად გვაქვს დატოვებული. მაგრამ მტკვარი თუ ადიდდება, მიიტაცებს სათიბებს და მორჩა. ახლაც 80 პროცენტი წყალმა წაიღო,“ - გვიამბობს გიორგი შიოლაშვილი.

სერგო ქარუმიძის ოჯახში 11 წევრია. არავინ არ მუშაობს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მიწა და პირუტყვია. 

,,შარშან გზებზე ვმუშაობდით. ახლა ველოდებით, იქნებ ისევ დაგვასაქმონ. დიდი ოჯახი მაქვს. ხუთი შვილის მამა ვარ, შვილიშვილებიც მყავს და იმათ რჩენა ხომ უნდათ? მიწიდან და საქონლიდან არაფერი სარგებელი აღარ არის,” - დარდობს სერგო ქარუმიძე.
 
ხერთვისელების უმრავლესობისათვის თუთა გამოზამთრების საშუალებად არის ქცეული, თუმცა აქაც მთავარი ამინდია.

,,თუთიანობას ველოდებით. თავის გატანის საშუალება ეგ არის. ჯავახეთში მიგვაქვს და ვყიდით. შარშან გაყინა, შარშანწინ კი დასეტყვა. წელს კარგი პირი უჩანს და იმედით ვუყურებთ. თუ კარგი მოსავალია, შეიძლება ათმა ძირმა ხემ ერთი ტონა მოსავალი მოგვცეს. კილოგრამი თუთა 50 თეთრი ღირს და ზამთარში ოჯახს ფქვილის პრობლემა ეხსნება. თუმცა ასე საუკუნეში ერთხელ ხდება,” - ამბობს გიორგი შიოლაშვილი.

ხერთვისში არასრული სკოლაა, რომელიც 1976 წელს ორიგინალური, ხერთვისის ციხესთან შეხამებული პროექტით აშენდა.

,,ახლა სკოლა, რომელიც ხელოვნების ნიმუშია, ნგრევის პირასაა. კედელები დაბზარულია, საკლასო ოთახებში წყალი ჩამოდის,” - გვიყვება სერგო ქარუმიძე.
 
70-80-იან წლებში სოფელ ხერთვისში დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობდა და ბავშვთა რაოდენობაც იმდენი იყო, რომ ვარაუდობდნენ, არასრული სკოლა მალე საშუალოდ გადაკეთდებაო, თუმცა....

,,მას შემდეგ გაჭირდა ცხოვრება და მოსახლეობამ მიგრაცია დაიწყო. ახალგაზრდებმა უსაქმოდ ყოფნას ვეღარ გაუძლეს და ქალაქს მიაშურეს, სოფელი თითქმის დაცარიელდა,“ - წუხს ტრისტან მურჯიკნელი.
 
,,სკოლაში წასული ბავშვი, რომ კოკა –კოლას ბოთლით ამხელა გზაზე წყალს წაიღებს დასალევად ესაა საქმე? ან ხელის გადაბანა, რომ მოუნდეს?“ - კითხულობს ხერთვისელი ნაზი კაპანაძე.

,,მთავრობა არ გვეხმარება,” - აცხადებენ აქაურები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობენ და სოფლის განვითარების თავისებურ გეგმასაც აცნობენ.
 
,,ხერთვისის ციხით ყველა ვამაყობთ. ყოველ დღე, სულ ცოტა, ორასი დამთვალიერებელი მოდის. არადა, რომ დაჭირდეთ, ტუალეტიც არსად დგას, მოდიან და გეხვეწებიან, ტულეტში შეგვიშვითო. კი, ბატონო, მარა 50 კაცი სად უნდა შეუშვა? ან კიდევ წყლის დალევა როცა უნდათ, რა ვქნათ? ჭის წყალს არ სვამენ. ღარიბი სოფელია, თუ ხელისუფლება ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, იქნებ ცოტა ჩვენც ამოვისუნთქოთ. ჭკვიანი კაცის ხელი გვჭირდება და ყველა ვიხეირებთ,” - იმედს არ კარგავს სერგო ქარუმიძე.

გულო კოხოძე, ასპინძიდან

ახალი ამბები