კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის მოსახლეობა რეზერვისტთა ბატალიონის პოლიგონის გადატანას ითხოვს

3 ივლისი, 2007

mezb.gif

ყვარლის რაიონის სოფლების გრემისა და გრძელიჭალის მაცხოვრებლები, მათ მახლობლად არსებული თელავის რეზერვისტთა ბატალიონის სამხედრო პოლიგონის სხვა ადგილზე გადატანას ან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ. მოსახლეობის აღშფოთება რამდენიმე ხნის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება. წინასწარი ინფორმაციით, ალექსი ხუცურაულის გარდაცვალების მიზეზი, რეზერვისტთა ტყვიამფრქვევიდან გასროლა გახდა. ადგილობრივების თქმით, სროლების შედეგად ხშირად ხანძარიც ჩნდება, ვაზნებს კი ისინი საძოვრებსა და საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც პოულობენ.

თელავის რეზერვისტთა ბატალიონი წვრთნებს ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პოლიგონზე გადის. მართალია, შაქრიანსა და ყვარლის რაიონის სხვა სოფლებს საკმაოდ მაღალი მთა ჰყოფს, თუმცა, გრემისა და გრძელიჭალის მოსახლეობა ხმაურს და ირგვლივ ავტომატისა და ტყვიამფრქვევის ვაზნების ვარდნას მაინც უჩივის. პრობლემის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ, ყვარლის რაიონის ხელმძღვანელობას აცნობეს და დახმარება სთხოვეს, თუმცა, უშედეგოდ. “გამგეობას მივმართეთ, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. არადა, როცა პოლიგონზე რეზერვისტებს წვრთნიან, ხმაურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ავტომატის ტყვიები აქეთ-იქით ცვივა. შიშით ბავშვები გარეთ ვეღარ გასულან, სახლის ეზოებში, საძოვრებსა და გზებზეც კი ვაზნები ყრია,” - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სოფელ გრძელიჭალის მკვიდრმა ვანო ციგროშვილმა.

“სროლების შედეგად ხანძარიც ჩნდება. ხშირად ისეთ ადგილებშიც, რომ საფრთხე გვექმნება. რადგან რაიონული ცენტრიდან საკმაოდ შორს ვართ და სავალი გზებიც ძალიან ცუდია, რის გამოც სახანძრო მანქანას დროულად ამოსვლა უჭირს, ამიტომ იძულებულები ვართ, ხანძარი თავად ჩავაქროთ,” - ამბობს ბესიკ გოზალიშვილი.

მოსახლეობა საფრთხემ განსაკუთრებით მას შემდეგ შეაშფოთა, რაც ცოტა ხნის წინ, რეზერვისტთა ტყვიამფრქვევიდან გასროლილმა ტყვიამ 80 წლის ალექსი ხუცურაულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

“მე და ჩემი მეუღლე ნაკვეთში ვმუშაობდით. უცბად, სროლის ხმა მომესმა. მეუღლეს ვკითხე, შენც გაიგე-მეთქი? მაგრამ ვეღარაფერი მიპასუხა. მხოლოდ ამოიკვნესა და მიწაზე დავარდა. ახლოს რომ მივედი, დავინახე, დაჭრილი იყო. საშველად მეზობლებს დავუძახე. მათ სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, მაგრამ კაცს ვერაფერი უშველეს. დაჭრილს მუცლის არედან იარაღის ვაზნა ამოუღეს,” - აღნიშნავს გარდაცვლილის მეუღლე თებრო ხუცურაული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრეს, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყვარლის რაიონული პოლიციის უფროსის, არჩილ ბოჟაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების შემდეგ, საქმე გამოსაძიებლად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას გადაეცა. პოლიციის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულის მოტივად ხუცურაულის გარდაცვალების მიზეზს ასახელებენ.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ალექსი ხუცურაულის გარდაცვალების დღეს, შაქრიანის პოლიგონზე რეზერვისტების მიერ ტყვიამფრქვევით გასროლა ნამდვილად მოხდა.

“ინციდენტის დღეს პოლიგონზე რეზერვისტების წვრთნა მართლაც მიმდინარეობდა. შესაბამისად გასროლებიც იყო, მაგრამ შემთხვევისა და გასროლის ადგილებს შორის მანძილი დაახლოებით 2 კილომეტრზე მეტია. შუაში არის საკმაოდ მაღალი მთა. ამიტომ, გადაჭრით არაფერს ვამბობთ. გამოძიების დასრულებამდე მეტს ვერაფერს გეტყვით,” - გვითხრა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ არჩილ მამაგეიშვილმა.

იურისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების მიერ დამტკიცდება, რომ ხუცურაული ნამდვილად რეზერვისტთა საწრთვნელი პოლიგონიდან გასროლის შედეგად დაიღუპა, გარდაცვლილის ოჯახს უფლება აქვს, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. თუმცა, იურისტები იქვე ეჭვს გამოთქვამენ გამოძიების ობიექტურობაზე.

ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხის თავიდან ასაცილებლად შაქრიანის სამხედრო პოლიგონის სხვაგან გადატანას ან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი, თავდაცვის სამინისტროს
წერილობითაც მიმართავენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები