კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბოდიში“ ყოველთვის ამართლებს“

5 ივლისი, 2007

sorry1.gif„ბოდიშის“ კამპანია - მიმართვა აფხაზ ხალხს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაახლოებით სამი თვის წინ წამოიწყო, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქუთაისის მოსახლეობის მნიშვბელოვანი ნაწილი მიესალმა ამ ინიციატივას და ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანდა - „ბოდიში ყოველთვის ამართლებს.“

ქალაქში, სადაც 12899 დევნილი ცხოვრობს, ცალსახად აცხადებენ, რომ „ბოდიშის“ კამპანია კარგი მიგნებაა და შედეგს აუცილებლად მოიტანს.

მერი სანაია, დევნილი: „მართალი გითხრათ, არც მეგონა, ჩვენზე ვინმე თუ ფიქრობდა. თითქოს ყველას ყველაფერი დაავიწყდა და ჩვენი ტკივილი დღეს მხოლოდ ჩვენია. მადლობა მინდა გადავუხადო „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იმისთვის, რომ გაითავისა ჩვენი ტრაგედია და იმაზე ფიქრს შეუდგა, თუ როგორ შევრიგდეთ, როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში, რომელიც უკვე სიზმრად გადაგვექცა.“

ლელა თოლორდავა, ჟურნალისტი: „მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, თუ ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ აფხაზეთი, მაშინ ნებისმიერი კამპანია (მით უფრო, „ბოდიშის“ კამპანია) გამართლებულია. ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა მხოლოდ და მხოლოდ დიდსულოვნების ნიშანია. აქ სათაკილო და დამამცირებელი არაფერია. მივესალმები ამ წამოწყებას და მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით გვერდით ამოვუდგე „ბოდიშის“ კამპანიის ინიციატორებს.“

თემურ ბარბაქაძე, ფინანსისტი: „ბოდიშის“ კამპანია, ვფიქრობ, სახალხო კამპანიის არაჩვეულებრივი ფორმაა. ჩვენც კი, ანუ იმ ხალხმა, ვისაც არავითარი შეხება არ გვქონია აფხაზეთის ომთან, ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ აფხაზ დედებს, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს. ერთი შეხედვით, თითქოს, ბოდიში ვერაფერი შეღავათია მათთვის, მაგრამ თუნდაც წუთით დაფიქრებად მაინც ღირს.“

ნათელა ძიძიგური, დევნილი: „ორი დღის წინ ქუთაისის დრამატულ თეატრში ვიყავი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც „ბოდიშის“ კამპანიის გაგრძელებად მენიშნა. სპექტაკლში სწორედ ბოდიშის მოხდაზეა აგებული მთელი ამბავი და იმიტომაა თბილი და მისასალმებელი. ასე რომ აქ კითხვის დასმაც კი - რას ვფიქრობ „ბოდიშის“ კამპანიაზე - ზედმეტია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მისასალმებელი და გასათვალისწინებელია. მხოლოდ ამ გზით თუ დავბრუნდებით იქ, საიდანაც არც კი ვიცით, რატომ გამოგვყარეს.“

ირაკლი კიკნაძე, სტუდენტი: „ნამდვილად მისასალმებელია ეს წამოწყება. მე და ჩემი მეგობრები დიდი სიამოვნებით შევუერთდებით ამ კამპანიას. მე, პირადად, ასჯერ მოვიხდი ბოდიშს როგორც აფხაზი, ისე - ქართველი დედების წინაშე, ვისაც იმ ომში შვილები მოუკლეს. ასე მოიქცევიან ჩემი მეგობრებიც. დროა, დავამთავროთ ეს გაუთავებელი გაურკვევლობა.“

ლადო გიორგაძე, პედაგოგი: „ბოდიში“ კარგი ჟესტია. არ არსებობს, კაცს ბოდიში მოუხადო და მისი გული არ მოიგო. ვთქვათ „ბოდიში“ და მივახვედროთ ის ხალხი, რომ ჩვენთვის სულერთნი არ არიან. დამიჯერეთ, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ.“

მაგული მინდაძე, პენსიონერი: „არ შეიძლება კმაყოფილება არ გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ იდეის ავტორია. დამიჯერეთ, „ბოდიში“ ყოველთვის ამართლებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.“

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები