კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბი-პი-ს ტყუილები, დაპირებები და შიმშილის ზღვარზე მისული მოსახლეობა

5 ივლისი, 2007

shekrebab.gif

2004 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სამშენებლო დერეფანმა ახალციხის რაიონის სოფელ კლდის 14-კილომეტრიანი სარწყავი არხი, რომლითაც 375 კომლი მრავალი ათეული წლის განმავლობაში სარგებლობდა, სამ ადგილზე გადაკვეთა და შვიდგან დააზიანა. მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესები, რომლის საერთო ფართი 330 ჰექტარია, სარწყავი არხის გარეშე დარჩა. კლდის მაცხოვრებლების განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფელში მოსავლიანობამ 90 პროცენტით იკლო.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. სოფელ კლდის მოსახლეობა მშენებლობისას დაზიანებული სარწყავი არხის აღდგენასა და კომპენსაციას დღემდე ამაოდ ელოდება.

“ყანები სიცხისაგან გადამწვარია. აქამდე თუ ერთ ჰექტარზე 10 კილო კარტოფილი მოგვყავდა, ახლა ორსაც ვერ ვღებულობთ. კლდეში მიწას თუ არ მორწყავ, მოსავალი არ მოვა,” - ამბობს კლდის მკვიდრი ბესიკ ზუმბაძე.

სოფელმა კომპენსაციის მოთხოვნით ბი-პი-ს 2004 წლის 5 მარტს მიმართა, მაგრამ კომპანიამ განცხადება დაგვიანებულად ჩათვალა და მოსახლეობას მხოლოდ 2005 წლის მოსავლის კომპენსაციის საკითხის განხილვას დაჰპირდა. ამ განმარტებამ მოსახლეობა არ დააკმაყოფილა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია მოაწყო.

“2004 წლის მარტში აქციაზე ბი-პი-ს წარმომადგენელი ლერი ჯოჯუა მოვიდა. დაზიანებული არხიდან ამოყრილი ფილები და 44 მეტრი სიგრძის გათხრილი სამშენებლო კორიდორი დაათვალიერა. ზარალის ანაზღაურებასა და მშენებლობის დასრულებისთანავე არხის აღდგენას დაგვპირდა. აქცია დაიშალა. მოგვიანებით კი შემოგვითვალა, რომ კომპენსაცია არ გვეკუთვნოდა,” - გვიამბობს კლდის მკვიდრი ნოდარ ფილიშვილი.

კომპანიასა და მოსახლეობას შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა. კლდეში ცხრაკაციანი კომისია შედგა და თბილისის საქალაქო სასამართლოში მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა. საქმის მსვლელობისათვის თითოეული ოჯახიდან 35 ლარი აიკრიფა. მოსახლეობამ ბაჟის სახით 5000, სანოტარო მომსახურებისათვის კი 1750 ლარი გადაიხადა.

“გლეხისთვის 35 ლარი ერთი თვის სარჩოა. ოღონდ კი სარწყავი არხი აღედგინათ, ბევრმა უკანასკნელი ლუკმაც კი გაიღო,” - აცხადებს კომისიის წევრი ციცო კაპანაძე.

კლდის მოსახლეობის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის მხარის მიწის მართვის სამმართველომ მიყენებული ზარალის ოდენობა მილიონ ნახევარ ლარად შეაფასა.

სასამართლო პროცესი ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიმართა. პირველ პროცესზე ბი-პი-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპენსაციისათვის თანხა კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიას “სპი-კაპაგ-პეტროფაკ”-ს უკვე გადასცეს, მეორედ, აღნიშნული კომპანიის თანამშრომლებმა სარწყავი არხისა და წყალსაქაჩის დათვალიერების გარეშე თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს.

“მესამედ პეტროფაგმა მიწების საკუთრების დამადასტურებელი პასპორტები მოგვთხოვა. 375 პასპორტის ასლი გავაკეთეთ, ნოტარიუსს დავამტკიცებინეთ და თბილისში ჩავიტანეთ, მაგრამ სასამართლო პროცესზე აღარ გამოცხადნენ,” - ამბობს ნოდარ ფილიშვილი.

ბოლო სასამართლო პროცესი შვიდი თვის წინ გაიმართა. მას შემდეგ, ხან მოსამართლის მოუცლელობისა და ხან ბრალდებული მხარის გამოუცხადებლობის გამო პროცესი არ შემდგარა.

“გატანჯეს სოფელი. 2005 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას საშველი არ დაადგა! გვპირდებიან, პროცესი მალე დაინიშნებაო, თუმცა, ამაოდ. ახალახანს შეგვატყობინეს, მოსამართლე შეიცვალაო. არხი კი დღემდე გაუქმებულია. მოსავლის გარეშე გლეხმა როგორ იარსებოს?!  სოფელი ფეხზე დავდგებით, გზებს გადავკეტავთ და იქნებ ვინმემ მაშინ მაინც მოგვაქციოს ყურადღება,” - ამბობს კლდის მკვიდრი რამაზ ბლუაშვილი.


გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები