კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატუსდაკარგული ჩეჩენი ლტოლვილები

6 ივლისი, 2007

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამინისტრომ 200-მდე ლტოლვილს სტატუსი არასწორად შეუწყვიტა, რის გამოც მათ საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობას არ აძლევენ. შესაბამისად, ისინი ვერც თოთხმეტ ლარიან შემწეობას იღებენ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კვების პროგრამის შეწყვეტის შემდეგ, ულუკმაპუროდ და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩებიან.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისთვის დროებითი ბინადრობის მოწმობების გაცემა 2007 წლის აპრილიდან დაიწყო. მოწმობის მფლობელი ოჯახის თითოეული წევრი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიური შემწეობის სახით 14 ლარს იღებს. საქართველოს მთავრობამ ლტოლვილთათვის მწირი ფულადი დახმარების გაწევა, აუცილებლად მას შემდეგ მიიჩნია, რაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) წარმომადგენლობამ, საქართველოში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისათვის, 2008 წლიდან კვების პროგრამის შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

“რადგან საქართველოში ჩეჩნეთიდან ლტოლვილები მცირე რაოდენობით დარჩნენ, ამ და სხვა ობიექტური მიზეზების გამო, 2008 წლიდან კვების პროგრამას ვწყვეტთ, თუმცა, უყურადღებოდ არ მიგატოვებთ. თქვენს პრობლემებზე მუშაობას გავაგრძელებთ,” - განაცხადა ორი კვირის წინ პანკისში მყოფმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პიტერ ნიკოლაუსმა.

გლუკის პროგრამის ფარგლებში თითოეულ ჩეჩენ ლტოლვილზე ყოველთვიური კვების რაციონი შემდეგნაირად ნაწილდება: 13,5 კგ პურის ფქვილი; 0,6 კგ შაქარი; 2,7 კგ ლობიო; 0,75 ლტ ზეთი; 0,5 ქილა რძის ფხვნილი; 0,5 ქილა თევზის კონსერვი;  6,5 პაკეტი მშრალი სუპი; 200 გრ შავი ყავა; 500 გრ იოდიზირებული მარილი.

გლუკის პროგრამის ფარგლებში ჩეჩენ ლტოლვილებს 2 თვეში ერთხელ ასევე ეძლევათ: 3 ცალი საპონი; 1 პაკეტი სარეცხის ფხვნილი; 1 კბილის პასტა; 1 კბილის ჯაგრისი; 3 პაკეტი ჰიგიენური ხელსახოცი (12-60 წლის ქალბატონებზე).

ჩვენთან საუბარში ჩეჩნეთიდან ლტოლვილები აცხადებენ, რომ მიუხედავად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამიდან მიღებული დახმარებისა, მათი სოციალური მდგომარეობა და პირობები უკიდურესად მძიმეა. “ერთ ოთახში 7 ადამიანი ვცხოვრობთ. მე, ჩემი მეუღლე და 5 მცირეწლოვანი ბავშვი. სულ ორი  საწოლი გვაქვს, სადაც ბავშვებს სძინავთ. მე და ჩემს მეუღლეს კი ცივ იატაკზე, ან სკამზე გვძინავს. ოთახის ფანჯრებს მინები არ აქვს და ცელოფანი გვაქვს გაკრული. საშინელ საცხოვრებელ მდგომარეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნახევარზე მეტი მშივრები ვართ. გლუკის დახმარება არაფერში გვყოფნის. ამ პროგრამის შეწყვეტის შემდეგ კი ალბათ შიმშილით დავიხოცებით, რადგან 14 ლარით თავს ვერ ვირჩენთ. ამ შემწეობით ყოველდღიურად მხოლოდ ერთი პურის ყიდვაც შეუძლებელია. დახმარების გარდა, სხვა შემოსავალი არაფერი გვაქვს,” - ამბობს 23 წლის რაისა ალხანიშვილი.

გაცილებით რთული მდგომარეობა აქვთ იმ ჩეჩენ დევნილებს, რომელთაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, დროებითი ბინადრობის მოწმობების გაცემამდე, ლტოლვილის სტატუსი შეუწყვიტა. ათობით ოჯახი ყოველგვარი დახმარების გარეშეა დარჩენილი და შიმშილობს.

“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტიდან 2007 წლის 24 მარტით დათარიღებული წერილი მივიღე, სადაც აღნიშნულია, რომ `ლტოლვილთა შესახებ~ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემიწყდა ლტოლვილის სტატუსი. იქვე იმასაც მაცნობებენ, რომ შემიწყდა ამ სტატუსით განსაზღვრული ყველა სოციალური დახმარება და სამინისტროს უმოკლეს ვადაში უნდა ჩავაბარო ლტოლვილის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. მე საქართველოში დაბადებული ვარ, მაგრამ ოცი წლის განმავლობაში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვცხოვრობდი. სანამ პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთში საცხოვრებლად წავიდოდი, ადგილობრივი რეგისტრაციის სამსახურიდან ამოვეწერე, რაზედაც შესაბამისი ცნობაც გამაჩნია. მაშინ საბჭოთა კავშირის პასპორტს ვფლობდი, სადაც საქართველოს მოქალაქეობის შესახებ არაფერი იყო აღნიშნული. ჩეჩნეთში ცხოვრების დროს, სსრკ-ს პასპორტი შევცვალე და რუსეთის ფედერაციის პასპორტი მივიღე. შესაბამისად გავხდი რუსეთის მოქალაქე, ყოველგვარი მაქინაციების გარეშე. ქალაქ გროზნოში საომარი მოქმედებების დროს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა სხვებთან ერთად დავტოვე და ლტოლვილად ვიქეცი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ამჟამად ლტოლვილად აღარ მცნობს,” - აცხადებს პანკისის ხეობაში მცხოვრები ციალა მუზიკაშვილი.

ჩეჩნეთიდან ლტოლვილს, 9 შვილის დედას ტაუს ერზნუკაევას კი, როგორც თვითონ ამბობს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დროებითი ბინადრობის მოწმობა მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ იგი საქართველოდან მესამე ქვეყანაში გასვლის მსურველთა სიაში ირიცხება. “ოთხი წელია კანადაში წასვლას ველოდები. ჩვენს მიღებას კანადაც არ ჩქარობს და წასვლა გაგვიჭიანურდა. ამ ხნის განმავლობაში ლტოლვილის სტატუსით ვსარგებლობ, მაგრამ როდესაც ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყეს, მე არ მომცეს, იმ მიზეზით, რომ საქართველოდან გადასახლების მსურველთა სიაში ვარ აღრიცხვაზე. 9 შვილი მყავს და მოხუცებული ქმარი. კვების პროგრამა რომ შეწყდება, რა უნდა ვქნა, რით უნდა ვიცხოვრო? ამ კითხვებზე სამინისტროს წარმომადგენლები არ მპასუხობენ,” - აღნიშნავს ტაუს ერზნუკაევა.

ჩეჩნეთიდან ლტოლვილების პრეტენზიებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში არ ეთანხმებიან. ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსის ირაკლი კოკაიას განცხადებით, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს სტატუსი იუსტიციის სამინისტროს წერილის საფუძველზე შეუწყდათ.

“ის ადამიანები, ვინც დაიბადნენ და რეგისტრირებულები იყვნენ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებად ითვლებიან. ბევრ ლტოლვილს აქვს ორი, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება. აღნიშნულს არკვევს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ მათი წერილების მიხედვით ვმოქმედებთ. ლტოლვილებმა საბუთები გააყალბეს. როგორც უკვე გითხარით, ერთი და იგივე პირს სხვადასხვა გვარზე ორი პასპორტი აქვს, რის გამოც ისინი შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცნენ. ბევრია ისეთი ადამიანიც, რომელსაც ვითარების გარკვევამდე სტატუსი არ მოვუხსენით, უბრალოდ მათზე ბინადრობის მოწმობების გაცემა შევაჩერეთ. შეიძლება ხარვეზებიც იყოს, მაგრამ შეტყობინების შემთხვევაში აუცილებლად გამოსწორდება,” - აღნიშნა ირაკლი კოკაიამ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მუშაობას, ჩეჩნეთიდან დევნილების მიმართ, უარყოფითად აფასებენ უფლებადაცვითი ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილების უფლებების მონიტორინგს ახორციელებს, სამინისტროს ახსენებს, რომ კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ და არა საქართველოს კანონი ლტოლვილთა შესახებ, განსაზღვრავს კანონს საქართველოში და, რომ კონვენციის მიხედვით, ლტოლვილი მაინც რჩება ლტოლვილად, მიუხედავად იმისა, საქართველოს მთავრობა მიანიჭებს თუ არა მას ამ სტატუსს. “ლტოლვილის სტატუსის მინიჭება არის სუფთა ადმინისტრაციული საქმე, რაც არ გულისხმობს იმის განსაზღვრას, არის თუ არა ეს ლტოლვილი ნამდვილად ლტოლვილი კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით. თუკი საქართველოს მთავრობას არ სურს დაიცვას კონვენცია ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით და ურჩევნია გაითვალისწინოს მხოლოდ შიდა კანონი ლტოლვილების შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უარი განაცხადოს კონვენციის ხელშემკვრელ მხარედ დარჩენაზე და თავს არ აჩვენებდეს, თითქოს იგი იცავდეს საერთაშორისო კანონებს, თუმცა მათ უგულებელყოფს, როგორც კი იგი საერთაშორისო ყურადღების ცენტრს მოშორდება,” - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ამჟამად პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე ჩეჩენი ლტოლვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან მათ შურისძიებით ემუქრებიან. ცნობისათვის, პანკისის ხეობაში ჯერ ისევ მოქმედებს სისხლის აღების ინსტიტუტი. იდრის ალხანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არაერთხელ სთხოვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ. “ჩემმა ძმამ 5 წლის წინ ადგილობრივი მკვიდრი იმედაშვილი მოკლა, რის შემდეგაც მან პანკისის ხეობა დატოვა და ჩეჩნეთში გადავიდა. ცოტა ხნის წინ, სანდო პირებმა გამაფრთხილეს, რომ შურისძიების მიზნით, მოკლულის ახლობლები ჩემზე ნადირობენ. ამიტომ, ხეობიდან გასახლების თხოვნით რამდენჯერმე მივმართე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. საცხოვრებლად სხვა ადგილი საერთოდ არ შემოუთავაზებიათ. აბსოლუტურად იზოლირებული ვარ. მარტო ვერსად გავდივარ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მომკლან,” - ამბობს იდრის ალხანიშვილი, რომელიც ხუთი შვილის მამაა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ჩეჩნეთიდან ლტოლვილების ამ ბრალდებებსაც უარყოფენ. ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი კოკაია აცხადებს, რომ ასეთ ლტოვილებს მათ საცხოვრებელი ფართი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზეს, მაგალითად, წალკაში, მაგრამ ისინი თბილისის გარდა სხვაგან ცხოვრებაზე უარს ამბობენ. “მათ მაინც და მაინც თბილისი უნდათ. ...ჩვენ 300 ათასი დევნილი გვყვავს და თბილისში ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისათვის ადგილები ნამდვილად არ მოგვეპოვება,” - ამბობს კოკაია.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები, გაეროს კვების პროგრამის შეწყვეტის შემდეგ, ისედაც რთული სოციალური, კრიმინალური და საცხოვრებელი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ვარაუდობენ. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრომ მათ სტატუსი არ აღუდგინა, ისინი, თბილისში, სამინისტროს შენობის წინ, საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები