კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორს თავისუფალი აზრისთვის დევნიან

10 ივლისი, 2007

ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს კახა ტოლიაშვილს ადგილობრივი გაზეთის ფურცლებზე მის მიერ გამოთქმული აზრისთვის სჯიან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე პროფესორ კახა ტოლიაშვილის უნივერსიტეტიდან ”განდევნის” შესახებ ადმინისტრაციული აქტი გამოსცა. კახა ტოლიაშვილს ბრალად უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების შეურაცხყოფა ედება.

პროფესორ კახა ტოლიაშვილს პრობლემები ,,ოფიციალურად” მაშინ შეექმნა, როდესაც აწ გაუქმებულ გაზეთ ,,თრიალეთს” 2006 წლის დეკემბერის #33 ნომერში ინტერვიუ მისცა: ,,...წლების მანძილზე მიმღები კომისიის წევრი იყო (საუბარია ამჟამინდელი რექტორ ზაზა ცოტნიაშვილის შესახებ - ავტ.), სადაც მაგარ ფულს აკეთებდა. ორივე ძმები ზაზა და სოსო ცოტნიაშვილები ჩაფლულები იყვნენ კორუფციაში. სარგებლობდნენ ყოფილი რექტორის ახალაიას სისუსტით და თავის ნებაზე მოქმედებდნენ. ახლა ძალაუფლება მოიპოვეს და სასწავლებელს პირად ამბიციებს სწირავენ. რეფორმისთვის გამოყოფილ ფულს არამიზნობრივად ხარჯავენ. მაგალითად, სასწავლებელში რომ კომპიუტერული ცენტრი შექმნილიყო, იდეის ავტორს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა. ლექტორ-მასწავლებლებს ეს ფინანსურ მაქინაციად მიგვაჩნია, ვინაიდან ორი წლის მანძილზეც ვერ ვღებულობთ იმდენ თანხას, რაც ამ სასაცილო იდეაში აიღო ერთმა პიროვნებამ,” - ამბობდა კახა ტოლიაშვილი 2006 წლის დეკემბერში.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ცოტნიაშვილმა ამ ინტერვიუს რეზოლუცია დაადო და ეთიკის კომისიას განსახილველად გადაუგზავნა. ეთიკის კომისიამ დაასკვნა, რომ კახა ტოლიაშვილმა უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმას შეურაცხყოფა მიაყენა. ეს კი ტოლიაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

საგულისხმოა, რომ გაზეთის წინა ნომერში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარიც არის. ცოტნიაშვილი კომენტარში აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში სრული ჭაობი დახვდა.

თავის მხრივ პროფესორი კახა ტოლიაშვილიც არ დარჩა ვალში და რექტორის ეს ციტატა ეთიკის კომისიას გადაუგზავნა, ნახეთ რექტორმა უნივერსიტეტს ჭაობი უწოდა და განიხილეთო. ეთიკის კომისიამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის აზრი ,,მხატვრულ გამონათქვამად” შეაფასა და არა უნივერსიტეტის შეურაცხყოფად.

პროფესრომა ტოლიაშვილმა თავისი ,,განდევნის” აქტი სასამარ თლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ 2007 წლის 11 მაისს მიიჩნია, რომ უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. მართლმსაჯულებამ ასევე მიიჩნია, რომ ეთიკის კომისიაც არაობიექტური იყო და დაევალა ტოლიაშვილის გამონათქვამისთვის ხელახლა გადაეხედათ, ხოლო რექტორს სწორი ადმინისტრაციული ინდივიდუალური აქტი გამოეცა.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისია ხელახლა შეიკრიბა.

კახა ტოლიაშვილი: ,,გამოვიყენე ჩემი კონსტიტუციური უფლება, მე-19 მუხლი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. განვაცხადე, რომ უნივერსიტეტში რეფორმები არ ხორციელდება. ასევე რეფორმისთვის გამოყოფილი თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად. უნივერსიტეტში მართვის ორგანოების არჩევნები არ იყო ჩატარებული. მთელი 6 თვის განმავლობაში ვითხოვდი დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, არანაირ ინფორმაციას არ მაძლევდნენ. დაინტერესებული ვიყავი იმით, რომ თუკი ინტერნეტ-ცენტრის შექმნის პროექტი ფინანსდებოდა, რატომ არ ფინანსდებოდა ასევე ჩემს მიერ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შეტანილი პროექტი. მხოლოდ 6 თვის შემდეგ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ინტერნეტ-ცენტრის იდეის ავტორისთვის თანხა არ მიუციათ. მე იმიტომ მიმაჩნდა გაუმართლებლად ინტერნეტ-ცენტრის დაარსების იდეა, რომ უნივერსიტეტს საკმარისი კომპიუტერებიც ჰქონდა და ინტერნეტიზაციაც გამართული იყო.”

ეთიკის კომიამ სხდომა ისეთივე ფორმით წარმართა, როგორც მანამდე. არ დაუბარებიათ ის ჟურნალისტი, რომელმაც აღნიშნული სტატია გამოაქვეყნა და არ მოუთხოვიათ არც წერილობით და არც ზეპირი განმარტებით, შეეფერებოდა თუ არა რეალობას პროფესორის ინტერვიუ. პროფესორი ტოლიაშვილი ასევე აღნიშნავდა, რომ ინტერვიუში ჟურნალისტს თავისი ინტერპრეტაციებიც ჰქონდა გაკეთებული. გაირკვა ისიც, რომ ამ ინტერვიუს აუდიო ჩანაწერი არ არსებობდა.

რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ის კვლავ დაელოდება ეთიკის კომისიას და მისი დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. მას ეთიკის კომისიის კომპეტენტურობაში ეჭვი არ ეპარება.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები