კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლების 30 პროცენტი დირექტორების გარეშე დარჩა

10 ივლისი, 2007

archb.gif

7 ივლისს საჯარო სკოლებში ახალი დირექტორების შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპი გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოებმა დირექტორობის კანდიდატების მხოლოდ 70% აირჩიეს. არჩევნები დარღვევებით ჩატარდა კახეთში, სადაც დირექტორობის კანდიდატების თქმით, სამეურვეო საბჭოების წევრები, საჯარო სკოლების ყოფილი დირექტორების ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ.

დირექტორობის იმ კანდიდატებს, რომელთაც სამეურვეო საბჭოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, სექტემბერში ხელმეორე გადანაწილებისას, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცემათ. მიუხედავად ამისა, ისინი მიღებულ შედეგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ასაჩივრებენ.

კენჭისყრის შედეგებს სამინისტროში ასაჩივრებს გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატი ნანა გაბრუაშვილიც. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრებმა იგი მხოლოდ იმიტომ დაიწუნეს, რომ ყოფილი დირექტორის, მარინა ჯიქიძის დაბრუნება უნდათ, რომელიც ლოტოტრონით კენჭს სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლაში იყრიდა.

„სოფელ ვეჯინში არჩევნები 3 საათზე დანიშნეს. სამეურვეო საბჭოს წევრები ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ სცოდნოდათ, სკოლის ყოფილი დირექტორი, რომელიც კენჭს ჩემს მშობლიურ სკოლაში იყრიდა, გაიმარჯვებდა თუ დამარცხდებოდა. მას შემდეგ, რაც ჯიქიძემ თავის მოადგილეს დაურეკა და უთხრა რომ არჩევნები წააგო, ვეჯინის სკოლაში კენჭისყრა დაიწყო. სამეურვეო საბჭოს წევრებმა, რომლებიც გასაუბრებისას განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, კითხვის დასმისას დამყვიროდნენ და მეკამათებოდნენ, არცერთი ხმა არ მომცეს. მანამდე, საარჩევნო ოთახში არ უშვებდნენ ჩემს დამკვირვებელს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. უფრო მეტიც, ცენტრალური ტელეკომპანიებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და რამდენიმე წევრი, საპატრულო პოლიციის გამოძახებით და საჯარო სკოლის შენობიდან გაძევებით დაემუქრნენ.

რაც შეეხება შედეგებს, ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ვეჯინის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს საერთოდ არ გააჩნიათ ცოდნის და გამოცდილების შეფასების უნარი. მათ ვერ დაიწუნეს ჩემი პროგრამა, რომელიც სკოლის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი მიიღეს ყველა კითხვაზე, რომლითაც მომმართეს და ა.შ. როცა ვკითხე მათ, რით დაასაბუთებდნენ ჩემს აურჩევლობას სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მიპასუხა, რომ განათლების სამინისტროში გამცემდნენ მოტივირებულ პასუხს,“ - აცხადებს ნანა გაბრუაშვილი.

მისივე თქმით, მარინა ჯიქიძის კატეგორიული მოთხოვნით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, სკოლის პედაგოგებმა განათლების სამინისტროში წერილი გაგზავნეს, სადაც დირექტორად მარინა ჯიქიძის დაბრუნებას მოითხოვენ.

მარინე ჯიქიძეს დევნაში და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს ვეჯინის საჯარო სკოლაში არსებული სახელოვნებო სტუდიის მასწავლებელი თამარ სიბაშვილიც. იგი ვეჯინის საჯარო სკოლიდან ჯიქიძის ერთადერთი კონკურენტი იყო დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. „იმ დღის შემდეგ, რაც მე, როგორც „ურჩმა“ და „თავხედმა“ მასწავლებელმა შევკადრე მარინა ჯიქიძეს და განცხადება დავწერე დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დამემუქრა, რომ დირექტორად მაინც დარჩებოდა და სექტემბრიდან უმუშევრად დამტოვებდა. ვერ გეტყვით, მას ამის თქმის გარანტიას ვინ აძლევდა, მაგრამ ცხადია, რომ მუქარა სისრულეში მოიყვანა. იგი აღნიშნავს, რომ სახელოვნებო სტუდიის გაუქმების გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. მისგან ამ პასუხის მიღებისთანავე გავესაუბრე სამეურვეო საბჭოს ორ წევრს, რომლებმაც ჯიქიძის ნათქვამი არ დაადასტურეს და მითხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ,“ - ამბობს თამარ სიბაშვილი.

მარინა ჯიქიძე თამარ სიბაშვილის და სხვათა ბრალდებებს უარყოფს. „არავითარი დევნა, მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა. გაამყარეთ თქვენი წერილი, თორემ რეაგირებას მოვახდენ. არ გემუქრებით... სტუდიისთვის საჯარო სკოლაში ფართის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მეკუთვნის მე. გადაწყვეტილება მივიღე სამეურვეო საბჭოს მიერ ამ საკითხის განხილვის შემდეგ,“ - ამბობს ჯიქიძე და სკოლიდან სახელოვნებო სტუდიის გაძევების მიზეზად, არასაკმარის ფართს ასახელებს. სახელოვნებო სტუდიის პედაგოგთა ინფორმაციით კი, სექტემბრიდან ვეჯინის საჯარო სკოლა ერთცვლიან სწავლებაზე გადადის და დღის მეორე ნახევარში სკოლის შენობა მთლიანად თავისუფალია.

თამარ სიბაშვილმა დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა. როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტი ლია ხუროშვილი აცხადებს, ვეჯინის საჯარო სკოლის დირექტორის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან, თამარ სიბაშვილის მიმართ ადგილი აქვს ანგარიშსწორებას.

არჩეული კანდიდატები თავიანთი უფლება-მოსილების შესრულებას და სკოლის დირექტორობას განათლების სამინისტროში რეგისტრაციაში გატარებისთანავე შეუდგებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები