კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ ჯარში ჯარისკაცთა მკვლელობის ფაქტები გახშირდა

16 ივლისი, 2007

gardacvlilis_axloblebib.gif

სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ქართულ ჯარში, ჯარისკაცთა მკვლელობის თითქმის ყველა ფაქტზე. უბედური შემთხვევები, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწოდებენ, ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა. 13 ივლისს, ზემო აფხაზეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაწვეული კიდევ ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები, 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში იხდიდა. კოდორის ხეობაში ის და მისი ბატალიონის წევრები 10 დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით გაიწვიეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ლევან ნათათრალაშვილს იმავე ბატალიონის რიგითის მიერ, უსაფრთხოების წესების დარღვევით გასროლილი ტყვია მოხვდა, რომელშიც თავად მსახურობდა. „ლევანი, ჯარში, უკვე ერთი წელია რაც თავის ძმასთან, ზურასთან ერთად წავიდა. ძმები სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში გადიოდნენ. რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, აღნიშნული ბატალიონის წევრები, კრწანისის სასწავლო ცენტრიდან ზემო აფხაზეთში მიავლინეს სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. როგორც გვითხრეს, ერთ-ერთ რიგითი ლადო კაბულაშვილი, რომელიც ლევანისთან მეგობრობდა, თავისი საგუშაგოდან დაბრუნების შემდეგ საკონტროლო გასროლას ახდენდა. იარაღის განმუხტვის დროს მას ტყვია გაუვარდა, რომელიც ქვას მოხვდა. ქვამ ტყვია აისხლიტა და იქვე, ახლოს მდგომ ლევანს მოხვდა. ტყვიამ მას ჯერ ხელ-ფეხი დაუზიანა, შემდეგ შიდა ორგანოები და ბოლოს ზურგიც,“ - ამბობს ნათათრალაშვილების ოჯახის ახლობელი გიორგი ღირსიაშვილი.

დაჭრილი ჯარისკაცი ზემო აფხაზეთში, სოფელ აჟარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანიდან 3 საათში ლევანი გარდაიცვალა.

„ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ტყვიამ ლევანს ხელ-ფეხის გარდა ღვიძლი, სისხლ-ძარღვები და ზურგის ტვინიც დაუზიანა. ნათათრალაშვილის  გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მის ცხედარს ექსპერტიზა ზუგდიდის პროზექტურაში ჩაუტარდა და დასკვნა მზად რამდენიმე დღეში იქნება,“ - განაცხადეს აჟარის საავადმყოფოს ექიმებმა.

სამართალდამცავებმა კრწანისის სასწავლო ცენტრის ბატალიონის რიგითი ლადო კაბულაშვილი მკვლელობის დღესვე დააკავეს. მას ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით წაუყენეს. სასამართლომ დაკავებულს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაული 2 - დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილის მშობლებს და ოჯახის წევრებს ბრალდებულის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. ისინი მომხდარში თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ადანაშაულებენ.

„უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, მაგრამ ქართულ ჯარში, რომლის აღმავლობის შესახებაც ხელისუფლება 24 საათი ლაპარაკობს, ასეთი ფაქტები, მით უფრო ასეთი სიხშირით, არ უნდა ხდებოდეს. იარაღი იმ ადამიანებს, ვინც მისი უსაფრთხოდ გამოყენება არ იცის, არ უნდა ანდონ. ვერაფრით ამიხსნია, ლევანმა ერთი ტყვიით ამდენი ჭრილობა როგორ მიიღო ან დაჭრიდან 3 საათზე მეტი თუ იცოცხლა, მისი გადარჩენა რატომ ვერ მოხერხდა. სად იყო იმ დროს რიგითების ზედამხედველი თუ მეთაური, როცა კაბულაშვილი საკონტროლო გასროლას უსაფრთხოების წესების დარღვევით ახდენდა?“ - კითხულობს დაღუპულის მამა გიორგი ნათათრალაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. შსს-ს წარმომადგენლებმა მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და დაკრძალვის ხარჯები დაფარეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ აღუთქვეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვისაც შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების წესების დაცვა და რიგითების ზედამხედველობა ევალებოდა.

მსგავსი დაპირება, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის სამინისტროს უფლისციხის სამხედრო ნაწილში, ასევე გაუფრთხილებლობით მოკლული 19 წლის გიორგი მუმლაძის ოჯახის წევრებმაც მიიღეს, თუმცა, გამოძიებას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ამავე სამხედრო ნაწილის რიგითის გიორგი ოზბეთელაშვილის მეტი არავინ დაუსჯია.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები