კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფომ მცირე მეწარმეები მოატყუა

16 ივლისი, 2007

„აჭარისთვის მიღებული“ კანონი აჭარაში არც ერთ ობიექტზე არ ვრცელდება

Zurab_Tsitskhvaiab.gif

აჭარაში, საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში მიღებული დამატება არ სრულდება. კანონში შესული დამატება შემდეგ პირობას ითვალისწინებს: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების პროფილის 100 ათას ლარამდე ღირებულების მცირე საწარმოების პრივატიზება განხორციელდეს ამ საწარმოებში დასაქმებულ პირებზე, პირდაპირი მიყიდვის წესით.“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონს განმარტებები არ ახლავს. მათი თქმით, აჭარაში, კანონით გათვალისწინებული ობიექტები ფაქტობრივად არც არსებობს. ამ მოტივით, სამინისტრომ 35-მდე მცირე მეწარმეს საწარმოთა პირდაპირი წესით მიყიდვაზე უარი უთხრა და ობიექტები გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მცირე მეწარმეებმა კანონის შესრულების მოთხოვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში შესული დამატება 2007 წლის იანვარში ამოქმედდა. იგი კონკრეტულად აჭარის რეგიონისათვის იქნა მიღებული. ამის მიზეზი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს რეგიონში პრივატიზაციის პროცესის შეჩერება იყო, რომლის გამოც, მცირე მეწარმეებმა თავიანთი სამუშაო ობიექტების პირდაპირი მიყიდვის წესით ვერ ისარგებლეს.

აჭარის რევოლუციის შემდეგ, სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ ლიდერის, პარლამენტარ თამაზ დიასამიძის თაოსნობით, მცირე მეწარმეების უფლებების აღდგენისათვის ბრძოლა დაიწყო. პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში 100 ათას ლარამდე ღირებულების მცირე საწარმოები, პირდაპირი მიყიდვის წესით, იქ მომუშავე პერსონალმა უნდა შეისყიდოს. პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი მიიღო.

კანონის ამოქმედებისთანავე ოცდათხუთმეტმა მცირე მეწარმემ განცხადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოქალაქეთა კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის მიზეზად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მინდია ნაკაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში „მცირე საწარმო“ არსად აღარ ფიგურირებს, გარდა იმ დამატებისა, რომელიც დღეს ჰაერშია გამოკიდებული. აღნიშნული კანონით კი სამინისტროს ამ ობიექტების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების უფლება არ აქვს: „ამ მეწარმეების მიერ დაკავებული ობიექტები არ წარმოადგენს სახელმწიფოს, ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ მცირე საწარმოებს. ამდენად მათზე „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი პირდაპირი მიყიდვის წესის შესახებ არ ვრცელდება. ეს ობიექტები არის ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონება, რომელიც ამ ადამიანებს, გარკვეული დროის განმავლობაში, იჯარით ჰქონდათ აღებული... ამ ობიექტების პრივატიზების პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება.“

პარლამენტარი თამაზ დიასამიძე მცირე მეწარმეების მიმართ განვითარებულ მოვლენებს გაუგებრობას უწოდებს და აჭარის ხელისუფლებას კანონის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს: „ადგილობრივმა სამინისტრომ ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის რეგიონში კანონის აღსრულების ბლოკირება. ყოველივე ამის უკან სერიოზული საეჭვო ქმედებები იკვეთება. გარკვეულ წრეებს ეს ობიექტები აინტერესებთ. ამას ძალიან ბევრი გადაყვება“...

მცირე მეწარმეები იძულებულნი გახდნენ სასამართლოსათვის მიემართათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა უკვე დაიწყო. მეწარმეები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებას მოითხოვენ. 
 
მცირე მეწარმემ ზურაბ ციცხვაიამ დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ბათუმის ოფისს მიმართა. მისი განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კანონს გაურკვეველი მოტივით არ ასრულებს. „სამწუხაროდ, სამინისტრო კანონს სხვაგვარად კითხულობს. მცირე მეწარმეებს ჯერ ასლან აბაშიძემ  შეგვიზღუდა პირდაპირი მიყიდვის წესით ობიექტების შეძენის შესაძლებლობა. პარლამენტარ თამაზ დიასამიძის დახმარებით, ამ  უფლების აღდგენას სამი წელი დასჭირდა. როგორც იქნა კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ახლა აღმოჩნდა, რომ კანონი ჩვენს მოსატყუებლად მიიღეს. ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ მივწერეთ, რომ აჭარის მთავრობა კანონს არ ასრულებს. პასუხად საქართველოს პრეზიდენტის კორესპონდენციის განხილვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ ცეცხლაძემ მოგვწერა, რომ „ჩვენი განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნა აჭარის ა/რ მთავრობის აპარატს“. გამოდის, რომ ჩვენი საჩივარი იმ ორგანომ უნდა განიხილოს, რომელსაც ვუჩივით. იმ ობიექტში (სამხატვრო-სარეკლამო სახელოსნო), სადაც 35 წელია ვმუშაობ, ცოცხალი თავით არავის შევუშვებ. მთელი ჩემი სიცოცხლე პატიოსნად ვიცხოვრე და ახლა ხელისუფლება მაიძულებს, ან დანაშაული ჩავიდინო, ან თავი მოვიკლა.“

მცირე მეწარმე ნოდარ დევაძე ხელისუფლებას მცირე ობიექტების მიმართ მერკანტილურ დაინტერესებაში სდებს ბრალს: „რევოლუციის მერე აჭარაში პრივატიზაცია, მათ შორის მცირე ობიექტებისაც, ინტენსიურად დაიწყო. მაქსიმალური ფასი 1კვ.მ 240 დოლარი იყო.  ჩვენი კანონის ძალაში შესვლიდან ფასი 1500 დოლარამდე, ხელოვნურად გაზარდეს. ჩემი ობიექტის 40 კვ.მ. ფართის ყიდვა თუ ორი წლის წინ არსებული ფასების მიხედვით 10 ათას დოლარად შემეძლო, ახლა იგი 60 ათას დოლარზე მეტად შეაფასეს. ჩვენ აუქციონით თავის დროზე იმიტომ არ ვიყიდეთ, რომ სახელმწიფოსაგან შეღავათს მოველოდით. პირიქით კი გამოგვივიდა. როცა პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონის მიუხედავად მაინც გვაპამპულებენ, ამ ქვეყანაში შეიძლება რამის იმედი გქონდეს?!“

მცირე მეწარმეების ადვოკატის, დავით შანიძის განცხადებით, სასარჩელო განცხადებაში ორი მოთხოვნაა დაყენებული: „ჩვენ მოვითხოვთ სასამართლომ დაავალდებულოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კანონით გათვალისწინებული მცირე ობიექტების აუქციონის წესით პრივატიზება შეწყვიტოს და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი აღასრულოს.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ბაკურ ბოლქვაძის განცხადებით, აღნიშნული კანონის შეფერხება მიზანმიმართულად ხდება, ვინაიდან დღემდე აჭარაში ამ ფორმით  არცერთი ობიექტი არ გასხვისებულა: „როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თუ ამ მეწარმეების მიერ დაკავებული ობიექტები არ წარმოედგენს სახელმწიფოს ან ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაცემებით დაფუძნებულ მცირე საწარმოებს, მაშინ ისმის კითხვა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რატომ ახორციელებს მათი აუქციონის ფორმით რეალიზაციას? ნორმის დისპოზიციაში კანონმდებლები არ მიუთითებენ წილობრივ მონაცემებზე და შენატანებზე. მასში მხოლოდ ზოგადად არის საუბარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო პროფილის მცირე საწარმოების პრივატიზაციის წესზე. კანონში ამ მუხლის ჩადება განპირობებული იყო მეწარმეთა ინტერესების აუცილებლობით და თუ კანონის ნორმა არ უნდა აღსრულდეს, მაშინ რაღა საჭირო იყო მისი მიღება?!“

ემზარ დაისამიძე, ბათუმი

ახალი ამბები