კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ამერიკის საელჩომ უნდა გაიგოს, როგორ ებრძვიან ტრეფიკინგს ჩვენთან“

18 ივლისი, 2007

trefikingib.gifტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ გორელ ზაზა ამირიძეს გორის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამირიძის ადვოკატის გია ამაშუკელის თქმით, ზაზა ამირიძესთვის ტრეფიკინგის ბრალდების წაყენება აბსურდულია და ემსახურება იმ მიზანს, ვითომ ქართველი სამართალდამცავები და მართლმსაჯულება ტრეფიკინს ,,ებრძვის“.

ამ აზრს იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დახმარების პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი ტრეფიკინგის საქმეებზე მომუშავე თანამშრომელთა ტრენინგები იყო. სამართალდამცავები თუ რეალურ ფაქტებს ვერ პოულობენ, ხომ უნდა შექმნან ხელოვნური საქმეები? ამირიძის საქმე სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ამ აზრს იზიარებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის იურისტი ნათია ქალიაშვილიც. მისი თქმით, ამირიძის საქმე ნათელი მაგალითია, თუ როგორ ხდება ამერიკის მთავრობის ნაბოძები ფულის ხარჯვის გამართლება. ზაზა ამირიძის დედამ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს დახმარებისთვის მიმართა. ოჯახის წევრებს სურთ ეს ამბავი  ამერიკის ელჩის ყურამდე მივიდეს და საქმე დეტალურად შეისწავლონ.

გორელ მასპინძელს ყირგიზელი გოგოების სტუმრობა ძვირად დაუჯდა

ყირგიზელი გოგონები ჯამილია ისმანოვა, ნიგორა ეგამბერდიევა და ნიგორა იუსუპოვა თურქეთში სამუშაოდ წავიდნენ. ამ გოგონებმა ერთმანეთი თურქეთში, გზაში გაიცნეს. გოგონები თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში მოტყუებით მიიყვანეს. ისინი იძულებულები იყვნენ კლიენტებისთვის ,,სექსუალური მომსახურება“ გაეწიათ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის დროს, თურქეთის პოლიციამ აღმოაჩინა, რომ გოგონებს ვიზა არ ჰქონდათ და მათი დეპორტაცია მოახდინეს. გოგონებმა სამშობლოში დაბრუნება ბაქოს გზით გადაწყვიტეს. ბაქომდე კი საქართველო უნდა გაევლოთ.

ნიგორა ეგამბერდიევა: ,,უზბეკეთიდან ტაშკენტში ჩავედით, ტაშკენტიდან სტამბოლში. სტამბოლში დეპორტი ჯამილია ისმანოვას გაუკეთეს. მის გამო ჩვენც დეპორტი მოგვცეს. სახლში დაბრუნება ბაქოს გზით გვინდოდა. როცა ვალეს გამშვებ პუნქტთან მივედით, იქ მებაჟეებმა თბილისამდე მიმავალ ავტობუსში აგვიყვანეს. სწორედ იქ გავიცანით გორელი ანა მაზანაშვილი, რომელსაც თავიდან თურქები ვეგონეთ.  ანას ვუთხარით, ცოტა ხანს გორში დავრჩებით, ვიდრე ფულს გამოგვიგზავნიან და მერე წავალთ სახლში-მეთქი. ფული საკმაოდ ცოტა გვქონდა.“

თბილისკენ მიმავალი ავტობუსი გორის გადასახვევთან გაჩერდა და ანა მაზანაშვილმა სამივე ყირგიზელი  გოგონა საკუთარ კერძო სახლში მიიყვანა. ანას სახლში ყირგიზელებმა ანას მეგობარი ზაზა ამირიძე და კიდევ ორი მეზობელი ვახო და დათო გოზალიშვილები გაიცნეს.

გოგონები გორში ორი თვის განმავლობაში დარჩნენ. შემდეგ ბაქოსკენ წავიდნენ. უკვე მატარებელში მყოფი ერთ-ერთი მათგანი, ჯამილია ისმანოვა საზღვარზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გააჩერეს. რადგანაც მას პასპორტი არ აღმოაჩნდა, ის უკან, საქართველოში გამოაბრუნეს. ჯამილია ისმანოვა ,,სოდი“-ს თანამშრომლებს სწორედ მაშინ გადაეყარა. სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა გაარკვია, რომ ჯამილია ისმანოვა ტრეფიკინგს გორიდან,,გაექცა“. საჩივარი რამდენიმე საათში დაიწერა და საქმეც აღიძრა. ,,სოდმა“ გორის სასამართლოს მანდატური ზაზა ამირიძე დააკავა, ხოლო თურქეთისკენ მიმავალი ანა მაზანაშვილიც დააპატიმრეს.

რა შეემთხვათ ყირგიზელ გოგონებს გორში?

ანა მაზანაშვილი: ,,ვალეს გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა სამი გოგონა ამოიყვანეს. ავტობუსში ვიყავით მძღოლი, მეორე მძღოლი, ერთი ქალი, ორი თურქი მამაკაცი და მე. მებაჟეებმა გვითხრეს, ცოდონი არიან, იქნება თბილისამდე დააკვალიანოთო. ტიროდნენ... გორში ჩემს სახლში მივიყვანე. იქ გაიცნეს ჩემი მეგობარი ზაზა. როგორც ქართულ სტუმართმოყვარეობას შეეფერება ისე დავხვდით. აღმოჩნდა, რომ ჯამილია ისმანოვას დაბადების დღე იყო. ძალიან განიცდიდა, რომ ასეთი რამ შეემთხვა თურქეთში. გადავწყვიტეთ დაბადების დღე აღგვენიშნა. ჯერ აბანოში წავიყვანე, მოვაწესრიგე და მერე წავედით რესტორან ,,სალხინოში“.

,,2006 წლის ოქტომბერში ზაზა ამირიძემ მეგობრის, ანა მაზანაშვილის სახლში ყირგიზეთის მოქალაქეები ჯამილია ისმანოვა, ნიგორა იუსუპოვა და ნიგორა ეგამბერდიევა გაიცნო. იმავე დღეს ყველანი რესტორანში წავიდნენ. მაზანაშვილმა ისმანოვას უბრძანა, გაჰყოლოდა თანამესუფრეს და სექსუალური მომსახურება გაეწია მისთვის. ქალმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ამას ზაზა ამირიძისგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. მაზანაშვილი და ამირიძე ყოველდღიურად აიძულებდნენ ისმანოვას მომსახურებოდნენ „კლიენტებს“, მიღებულ ფულს კი თავად ინაწილებდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ისმანოვას სასტიკად უსწორდებოდნენ,“ - წერია საბრალდებო დასკვნაში.

ჯამილია ისმანოვას ნათქვამს დანარჩენი ორი ყირგიზელი გოგონა კატეგორიულად უარყოფს. მათი თქმით, ჯამილია ისმანოვა არასდროს ყოფილა გამომწყვდეული ოთახში. პირიქით, როგორც უნდოდა ისე იქცეოდა. ვისთანაც უნდოდა, იმასთან დადიოდა. მის ასეთ საქციელს ანა მაზანაშვილი და ზაზა ამირიძე იწუნებდნენო და მათი გაღიზიანების მიზეზიც ეს იყოო.

რესტორან ,,სალხინოში“ ყოფნის დროს, როგორც ზაზა ამირიძე თავის ჩვენებაში წერს, ჯამილია ისმანოვამ თვალი მეორე სუფრაზე მსხდომ ჯარისკაცებს დაადგა. საქმეში დევს ამ საუფრაზე გადაღებული ფოტოსურათი, სადაც ყველანი კარგ ხასიათზე არიან. თუმცა, სასამართლომ ეს სათანადო მტკიცებულებად არ შეაფასა, რადგან ტრეფიკინს ამ ფოტოს გადაღების შემდეგ ჰქონდა ადგილიო.

ჯამილია ისმანოვა: ,,რესტორანში ანამ სამი თურქი მამაკაცი გამაცნო. მიმიყვანეს სასტუმროში. თურქებმა მითხრეს, ფული, 60 ლარი, ანას გადავუხადეთ და უნდა მოგვემსახუროო. მეორე დილით ანამ მოგვაკითხა და სახლში წაგვიყვანა.“

ნიგორა ეგამბერდიევა და ნიგორა იუსუპოვა ამბობენ, რომ რადგანაც ანას სახლში სათანადო პირობები არ იყო, საცხოვრებლად სასტუმრო ,,ინტურისტში“ გადავიდნენ. გოგოებს თანხა ცოტა ხანში თურქეთიდან ვინმე მაჰმუდმა  გადმოურიცხა. გოგოებს გორიდან წასვლა აღარ უნდოდათ. ისინი გორის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორს რამაზ ცაციაშვილს, სატანკო ბატალიონის სერჟანტს ვახტანგ გოზალიშვილს და სხვებს დაუახლოვდნენ. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გოგონებს რამაზ ცაციაშვილი და ვახტანგ გოზალიშვილი მფარველობდნენ.

ცოტა ხანში, ხმა გავრცელდა, რომ გოგონებს პოლიცია ეძებს. ანა მაზანაშვილს და მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. როგორც მაზანაშვილი ამბობს, ყირგიზელი გოგოების ასე ხანგრძლივად დარჩენა მომაბეზრებელი იყო და ჩხუბიც ამის გამო მოსდიოდათ. მისი თქმით, მათ საკმარისი თანხა ჰქონდათ გასამგზავრებლად, მაგრამ არ მიდიოდნენო.

ანა მაზანაშვილი: „ქალაქში თავისუფლად დასეირნობდნენ. სადაც უნდოდათ იქ მიდიოდნენ. იკარგებოდნენ დღეების განმავლობაში. ერთხელ, როდესაც ჯამილია სახლიდან გავიდა და დაიკარგა, ამის შესახებ პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ზურაბ ჭაბუკიანს შევატყობინე, რომელმაც მითხრა, რომ ძებნა ცოტა ხანს კიდევ გამეგრძელებინა და თუ ვერ ვიპოვიდი ოფიციალური განცხადება შემდეგ დამეწერა. მართლაც იმ საღამოს დამირეკა და აღმოჩნდა, რომ ვიღაც ბიჭთან ცხოვრობდა. მთელი ქალაქი ხედავდა მის საქციელს. რანაირად იყო ტრეფიკინგის მსხვეპლი?“

ჩვენ შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილეს ზურაბ ჭაბუკიანს დავუკავშირდით. ,, ანა მაზანაშვილს ვიცნობდი. ერთხელ ქუჩაში შემხვდა მაგ გოგონებთან ერთად. მითხრა, რომ მისი სტუმრები იყვნენ. მერე დამირეკა და შემატყობინა, რომ ერთ-ერთი მათგანი აღარ ჩანდა. ვუთხარი, კარგად მოეძებნა და მერე შემოეტანა განცხადება. მართლაც გამოჩნდა და აღარ გახდა საჭირო ჩვენი ჩარევა. დანარჩენი დეტალები მაგ საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი არ არის,“ - გვითხრა ზურაბ ჭაბუკიანმა.

ბრალდებულების ანა მაზანაშვილის და ზაზა ამირიძის ადვოკატმა გია ამაშუკელმა „ტაშ-ფანდურით ტრეფიკინგი“ პირველად ნახა. ,,ყველა მოწმე ამბობს, რომ შეუძლებელია ისმანოვა ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო. მეზობლები დღეში რამდენჯერმე ქუჩაში მოსეირნეს ხედავდნენ. ეს ქალები ძვირფასეულობას ყიდულობდნენ, რესტორნებშიც კარგად ილხენდნენ. თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ერთი სიტყვა რატომ არ დასცდა ვინმესთან მანამ, სანამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ დააკავეს? შეიძლება ტრეფიკინგი ტაშ-ფანდურის თანხლებით? რომ ამბობს ამირიძემ რესტორანში მცემა და მუცელი მომეშალაო, არ უნდა ეკითხა სასამართლოს რესტორნის პერსონალის ან ექიმისთვის, თუ შეეფერებოდა მისი ნათქვამი სიმართლეს..?“

ნიგორა ეგამბერდიევა: ,,ზაზა ამირიძე ჯამილიას ეჩხუბებოდა ხოლმე, ქუჩაში მარტო ნუ დადიხარო. ანასთან კარგი პირობები არ იყო, ამიტომ ცოტა ხანი სასტუმროში გადავედით. ჯამილია ვახო გოზალიშვილმა ცალკე ბინაში დააბინავა. ჩვენ კი რამაზ ცაციაშვილმა ჯერ სასტუმროში მიგვიყვანა, მერე იმ სახლში გადავედით, სადაც ჯამილია ცხოვრობდა. ჯამილიამ უთხრა რამაზ ცაციაშვილს, რომ საუნაში სამუშაო მოეძებნა, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია. თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ანას და ზაზას ჩვენთვის პასპორტები გამოერთვათ. ჯამილიას კი ჩვენთვის არასდროს დაუჩივლია, რომ მასზე ვინმე ზეწოლას ახდენდა.

ჯამილია ისმანოვა: ,,ზაზა მოვიდა და მითხრა, 15 წუთში გაემზადეო. მე მუცელი მტკიოდა, ჩაცმას ვერ ვახერხებდი. ვუთხარი, რომ მუცელი მტკიოდა. დამიწყო ცემა, მუცელში წიხლებს მირტყამდა. მერე გინეკოლოგთან წამიყვანეს, სადაც აღმოჩნდა, რომ მუცელი მომეშალა და გარდა ამისა, ვენერიული დაავადება მქონდა. საუნაში სამუშაოდ კი ძალით გამიშვეს, ვინმე ნინამ ანა მაზანაშვილს 20 ლარი გადაუხადა.“

სხვათა შორის აღმოჩნდა, რომ ის ბინა, სადაც გორის კულტურის პარკის დირექტორს რამაზ ცაციაშვილს ყირგიზი გოგონები ჰყავდა, კასპის ამჟამინდელი გამგებლის, ვახტანგ მაისურაძის ნაქირავები იყო. ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს, რომ ბინაში ეს გოგონები მართლაც უნახავს და იქ არავითარი საეჭვო სიტუაცია არ შეუმჩნევია.

ვახტანგ მაისურაძე: (ჩვენებიდან) ,,რამაზ ცაციაშვილს სკოლის პერიოდიდან ვიცნობ. ახლო ურთიერთობა გვაქვს. იმ პერიოდში გორში ვმუშაობდი (რწმუნებულ მიხეილ ქარელის მოადგილედ - ავტ) და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. 2006 წლის ნოემბრის თვეში მოულოდნელად კასპში გადავედი სამუშაოდ. ისე წავედი, ტანსაცმლის წაღება ვერ მოვასწარი. გასაღები რამაზ ცაციაშვილს დავუტოვე. ნოემბრამდე ქირას მე ვიხდიდი. როცა ტანსაცმლის წამოსაღებად ჩავედი გორში, რამაზისთან ერთად ავედი ბინაში, სადაც ერთი ქალბატონი დამხვდა. ჩემი ჩანთები ავიღე და წამოვედი. იმ ქალბატონს არ გავსაუბრებივარ.“

როგორც ჩანს, არც კასპის გამგებლისთვის შეუჩივლია ყირგიზ გოგონას, რომ ოთახში გამომწყვედული ჰყავდათ.

ერთი სიტყვით, ვენერიულად დაავადებული გოგონები გორში ორი თვე დარჩნენ. როგორც ჩანდა, ჯამილია ისმანოვას ყოფნა ყველას პრობლემას უქმნიდა. ასევე გაიგეს, რომ მათ თურმე პოლიციაც ეძებდა. ამიტომ, გორის ,,ახალბაღის“ დირექტორმა რამაზ ცაციაშვილმა გადაწყვიტა ჯამილია ისმანოვა სამშობლოში დაებრუნებინა. რამაზ ცაციაშვილმა თბილისში ბაქოს მატარებლით მხოლოდ ჯამილია ისმანოვა გაამგზავრა. თან 33 დოლარი გაატანა. უპასპორტო ჯამილია კი ქართველი მებაჟეებისგან განსხვავებით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ვერ გაექცა და ისევ უკან დააბრუნეს. უკან დაბრუნებული ჯამილია ისმანოვა კი სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში აღმოჩნდა. სწორედ იქ დაწერა საჩივარი ისმანოვამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეემთხვა გორში.

ბოლო სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ჩვენების შეცვლისთვის ნიგორა ეგამბერდიევა, ნიგორა იუსუპოვა და ვახტანგ გოზალიშვილი დააკავა. მათ განაცხადეს, რომ წინასწარ გამოძიებისას ზაზა ამირიძის და ანა მაზანაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება მათი დაწერილი არ არის; რომ ყველაფერი გამომძიებლის და თარჯიმნის მოგონილი ამბავი იყო.

ვახტანგ გოზალიშვილმა კი განაცხადა, რომ ,,სოდში“ დაკითხვისას იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო და არ იცოდა რა დაწერა. სამივე მათგანს ჩვენების შეცვლისთვის პატიმრობა შეუფარდეს.

ზაზა ამირიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია და რომ მხოლოდ ერთი ქალის უსაფუძვლო განცხადების საფუძველზე დააპატიმრეს. განცხადება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ამერიკის ელჩთანაც გააგზავნეს. ადვოკატები კი ჩივილს სტრასბურგის სასამართლოშიც აპირებენ.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები