კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონპროექტი არასრულწლოვანთა დასაცავად

20 ივლისი, 2007

subarib.gifსაქართველოს სახალხო დამცველი არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად სპეციალურ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს.  კანონპროექტის მუშა ვარიანტი უკვე მზადაა. მის მიხედვით,  იმ  მედია-საშუალებებსა თუ სხვა პირებს,  რომლებიც არასრულწლოვანთა უდანაშაულობის პრეზუმფციას დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.    

მსგავსი აუცილებლობა სხვადასხვა მედია-საშუალებების მხრიდან  არასრულწლოვანთა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა.  ამ საკითხზე სახალხო დამცველის ოფისში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის წინადადებები განიხილეს. ინიციატივა ყველასთვის მისაღებია.  
 
გიორგი ჩხეიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: „არსებული კანონმდებლობა  არასრუწლოვნებს მავნე ზეგავლენისაგან სრულფასოვნად ვერ  იცავს. თუნდაც სს საქმეების დროს, ბრალდებული იქნება თუ დაზარალებული, ხშირია მათი იდენტიფიკაციის დარღვევის შემთხვევები. ასახელებენ მათ გვარ-სახელებს, საცხოვრებელს, ავრცელებენ ფოტოებს და ასე შემდეგ. არავინ ამბობს, რომ მედია თავისუფლების გამოხატვისგან უნდა შევზღუდოთ, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არასრულწლოვანთა ინტერესები დაცული იყოს. სახალხო დამცველის შემოთავაზება აბსოლუტურად მისაღებია. პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მედია საშუალებებზე, არამედ, სხვა სუბიექტებზეც უნდა გავრცელდეს, რომელიც  ამ წესს დაარღვევს.  საჯარო მოხელეებიც უნდა მოერიდონ მსგავს პრაქტიკას. ჯერ მათ უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვა და შემდეგ მედიას.“

სანქციების მომხრეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ბერიკა შუკაკიძე. როგორც მან „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა, არასრულწლოვანის დაცვა ყველა მოქალაქის ინტერესებში უნდა შედიოდეს: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადამიანს იდენტური აზრი აქვს - ბავშვი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მაინტერესებს, რას ვიგებთ არასრულწლოვანის ვინაობის გამხელით? ამით მხოლოდ ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლები იზრდება.  პასუხისმგებლობა არა მარტო მედია საშუალებებზე, არამედ ყველაზე უნდა გავრცელდეს, ვინც არასრუწლოვნების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციებს საჯაროს გახდის.“

მართალია, კანონპროექტი, ჯერჯერობით, პარლამენტში არ გაგზავნილა, თუმცა,  სახალხო დამცველი დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერას მიიღებს: „იმედი მაქვს, ამ პროექტს მხარდაჭერა ექნება, რადგან ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ არასრულწლოვანი მავნე ზეგავლენისაგან დაცული უნდა იყოს. საზოგადოება ამისთვის მზად არის. ამ ინიციატივის სისწორეში დარწმუნებული ვარ.  სხვების აზრიც შეჯერდება და კანონპროექტი პარლამენტში მაშინ გადაიგზავნება, როდესაც ის საბოლოო სახეს მიიღებს. შეიძლება, სანქციების პუნქტში დიფერენცირებაც მოხდეს და სახელმწიფო უწყებების მიმართ უფრო მკაცრი სანქციები არსებობდეს.“    

იმის დასადასტურებლად, რომ მედია-საშუალებები საკმაოდ ხშირად არღვევენ არასრულწლოვანთა უდანაშაულობის პრეზუმფციას, სახალხო დამცველს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:

1. არასრულწლოვან ნ.ბუსკანძის მკვლელობის გაშუქება ,,რუსთავი-2“-ის მიერ. აღნიშნული სამაუწყებლო კომპანია პროფესიული სტანდარტის ხელმომწერ სუბიექტს წარმოადგენს. 2007 წლის 18 მაისს 09:56 საათზე სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო გამოშვებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა ბუსკანძის მკვლელობაში ეჭვმიტანილია მეცხრეკლასელი არჩილ შარაბიძე. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანი ,,იმედმა“ იმავე დღის 14:00 საათზე გასულ საინფორმაციო გამოშვებაში უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპზე დაყრდნობით უარი განაცხადა მკვლელობაში  ეჭვმიტანილი არასრულწლოვანის იდენტიფიცირებაზე.

2. 2007 წლის  27 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მოქალაქე ეკატერინე მარგიანი. დანაშაულში ეჭვმიტანილად 15 წლის სოფიო ჭუმბურიძე ცნეს. აღნიშნული ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-მა ,,იმედმა“ , საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია ,,მზემ“ გაავრცელა. არცერთმა დასახელებულმა სამაუწყებლო კომპანიამ არ შეიკავა თავი არასრულწლოვანის იდენტიფიკაციისაგან. ოთხივე მაუწყებელმა საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში, სახის დაფარვის გარეშე აჩვენა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ბადრაგის თანხლებით მიმავალი  არასრულწლოვანი ბრალდებული.
 
რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, ის კანონში ,,არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ“
ცვლილებებსა და დამატეტებს გულისხმობს. მის მიხედვით, კანონს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-V1 თავი „არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვის წესები“:

მუხლი161 1. არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დარღვევის თაობაზე დავის შემთხვევაში გამოიყენება ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. დაუშვებელია არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დარღვევა ისეთი დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის მედიაში გაშუქებისას, როდესაც არასრულწლოვანი წარმოადგენს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავრდებულს, დაზარალებულს, მოწმეს, პირს, რომელსაც არ გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტატუსი, თუმცა პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება იმ დანაშაულს, რაც წარმოადგენს მედიის გამოხატვის საგანს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც კონფიდენციალობის დარღვევა ხორციელდება არასრულწლოვანის მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თხოვნით ან თანხმობით.
4. დაუშვებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე არასრულწლოვნისაგან აღებული ინტერვიუს გამოქვეყნება/გავრცელება არასრულწლოვანის იდენტიფიცირების დარღვევით, თუკი ინტერვიუ ეხება კონკრეტულ დანაშაულს.

162  მუხლი 
1. ამ თავით გათვალისწინებული წესების დაუცველობა იწვევს დამრღვევის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2. დამრღვევი თავისუფლდება ამ თავით გათვალიწინებული პასუხისმგებლობისგან, თუკი დაასაბუთებს, რომ არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის დარღვევით თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოს, საზოგადოების ან სხვა პირთა უფლებების და კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანი, როდესაც მისი პრევენცია შეუძლებელია სხვა საშუალებით და არასრულწლოვანისათვის მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანს არ აღემატება.

1714 მუხლი1. ,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის V1 თავით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ხოლო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით, ხოლო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
 

ეკა გულუა

ახალი ამბები