კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონოდ გამოსახლებული ოჯახი ავტოფარეხში ცხოვრობს

24 ივლისი, 2007

gamosaxlebab.gif

სასამართლო აღმასრულებლის მიერ ხიმშიაშვილის ქუჩის #94 სახლიდან გამოსახლებული ედნარ ბერიძის ოჯახი თვეზე მეტია მეზობლის ავტოფარეხში ცხოვრობს. გარაჟების დანგრევის ბუმით შეშინებული ბერიძეებს ავტოფარეხიდან გამოსახლების შიშიც აქვთ. დაზარალებულის ადვოკატის, ნიკოლოზ გეგეშიძის განცხადებით, ბერიძეები უკანონოდ არიან გამოსახლებულები. ამ საქმეზე   სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

ბერიძეების ოჯახი ხიმშიაშვილის #94 - ში 1993 წლიდან ცხოვრობს. ამ სახლში, საბჭოთა პერიოდში სასაზღვრო ჯარის სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამშობლოში წასასვლელად გამზადებულმა ოფიცრებმა მასიურად დაიწყეს ბინების გაყიდვა. ბინების ნაწილი ბათუმის მერიას გადაეცა. ბერიძეებს ბინა მერიამ სწორედ მაშინ გადასცა: „ჩვენ ამ ბინაში 1993 წლიდან ვცხოვრობთ. გვაქვს ბათუმის მერიის მიერ გაცემული ორდერი. სამწუხაროდ ბინის პრივატიზაცია ვერ გავაკეთეთ. გვითხრეს, რომ პრივატიზაცია მაშინ იქნებოდა საჭირო, თუ ბინის გაყიდვას მოვინდომებდით,“ - აცხადებს ედნარ ბერიძე.
 
2003 წელს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ბათუმის მერიას სასამართლო პროცესი მოუგო, რომლის მიხედვითაც ხიმშიაშვილის #94 - ის ბინები საზ. დაც. დეპარტამენტს გადაეცა. სასამართლო გადაწყვეტილებით, ამ სახლიდან გამოსახლებას დაექვემდებარნენ ის მაცხოვრებლები, რომლებსაც ბინები პრივატიზებული არ ჰქონდათ. მათ შორის მოხვდა ედნარ ბერიძეც, რომელიც თვლის, რომ სასამართლომ მის წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

„სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ ისე გამოიტანა, პროცესზე არც კი დაგვიძახეს. 15 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ. სამი ბავშვი აქ გაიზარდა. თუ ქვეყნისთვის საჭირონი აღარ ვართ, მოგვცენ ლტოლვილის სტატუსი და გაგვიშვან საზღვარგარეთ,“ - აცხადებს ბერიძე.

ედნარ ბერიძის მეუღლის, ნარიკო დუმბაძის თქმით, ოჯახი სიღატაკის უკიდურეს ზღვარზე იმყოფება: „ჩვენ უმუშევრები ვართ. ბავშვები მცირეწლოვნები არიან. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვიმყოფებით, 75 ქულა დავაგროვეთ, მაშინ, როცა ზღვარი 100-ქულაა. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო მხოლოდ ჯანდაცვის მხრივ გვპირდება დახმარებას, მაგრამ ისიც ფიქტიურად. ინფექციურ საავადმყოფოში ფულის გადახდის გარეშე არ გვიმკურნალეს. მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მერაბ ღოღობერიძის დახმარების შემდეგ დაგვიბრუნეს უკან თანხა. ახლა, მეზობლის ავტოფარეხში დროებით ვცხოვრობთ, მაგრამ მერიამ შესაძლოა, როგორც ყველა სხვა ავტოფარეხი ესეც დაანგრიოს.“

ბერიძეებთან ერთად ამავე სახლიდან ჯუმბერ ტოგონიძის ოჯახიც გამოასახლეს. ტოგონიძეებმა ჯერ-ჯერობით ავტოფარეხი ვერ იშოვეს და ღამეს სადარბაზოში ათენებენ. გასულ წელს კი ამავე განაჩენით ანზორ ბარამიძის ოჯახი გამოასახლეს. „ბარამიძემ სასამართლოს გზით დაიწყო დავა. რამდენიმე სასამართლო პროცესი მოიგო კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგო. ის იძულებული გახდა ბინა გაეტეხა და თავის ყოფილ ბინაში შესახლებულიყო. ოფიცერმა, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ბარამიძის ბინაში შეასახლა, - „სხვის უბედურებაზე ჩემს ბედნიერებას არ ავაგებო“, - ბინაზე ამ მოტივით უარი თქვა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ბარამიძე პრეზიდენტმა შეიწყალა და მისი ყოფილი ბინა აჩუქეს. ჩემს ბინაში კი, როგორც კი გამომასახლეს იმ წუთებშივე, ორთაბათუმელი იმედა ბრუნჯაძე შესახლდა და ახლა ზემოდან, ჩემი აივნიდან, ამაყად გადმომყურებს,“ - აცხადებს ბერიძე. მან დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა.

ადვოკატ ნიკოლოზ გეგეშიძის განცხადებით, ბერიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა: „სააღსრულებლო ბიურომ განაჩენი აღასრულა და მასზე პრეტენზიები არ გვაქვს. საქმე იმაშია, რომ ბერიძეს პროცესი სასამართლოში არ წაუგია. სასამართლოზე მოპასუხედ მხოლოდ მერია გამოიძახეს. შესაბამისად, ჩვენ სარჩელი შევიტანეთ ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე. ედნარ ბერიძემ მხოლოდ 4 წლის შემდეგ შეიტყო სააღსრულებლო ბიუროს განაჩენის შესახებ, მაშინ, როდესაც მას სახლში სააღსრულებლო ფურცელი მიუვიდა.“

ადვოკატის თქმით, ბერიძეს სასამართლო პროცესის მოგების დიდი შანსი აქვს, „რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა ქართული საზღვრის დაცვის უწყებას აღნიშნულ სახლში მდებარე რამდენიმე ბინა მართლაც გადასცა, მაგრამ ჩამონათვალ სიაში # 44-ე ბინა, რომელშიც ბერიძე ცხოვრობდა, არ არის. არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, იგი წლების განმავლობაში ამ ბინის კანონიერი მოსარგებლე იყო და დღეს უკვე, საქართველოს პრეზიდენტის #73 ბრძანების საფუძველზე მას სრული უფლება აქვს სამუდამო საკუთრების უფლებით ისარგებლოს. ბრძანებულების მიხედვით, ის მოქალაქეები, რომლებიც მერიის ბალანსზე არსებულ ბინებში იყვნენ შესახლებულები, პრივატიზაციის უფლება ეძლევათ.“

დაზარალებულებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბადრი ბიწაძის საჯაროდ გაკეთებული განცხადების იმედიც აქვთ, რომელიც მან ბერიძის გამოსახლების შემდეგ გააკეთა. განცხადების მიხედვით, მას ბერიძეების, ტოგონიძეების და კიდევ 4 ოჯახის მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც გამოსახლების გადაწყვეტილებაა გამოტანილი, სადაო და საპრეტენზიო არაფერი აქვს.

ბათუმის მერიაში გამოსახლებულების პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, გელა მახარაძის თქმით, ის ამ პრობლემას არ იცნობს: „არ ვიცი, ჩვენთვის არავის მოუმართავს. თუ კანონიერი განაჩენი გამოვიდა, რას იზამ? ახლა კომუნისტების პერიოდი არ არის, რომ სახელმწიფოს მოქალაქეების ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება ჰქონდეს. მეც ქუჩაში ვარ, ნაქირავებში ვცხოვრობ.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიურო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თვლის, რომ კონსტიტუციაში დეკლარირებული პრინციპი - კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მასიურად ირღვევა: „ამ მხრივ ქვეყანაში არასტაბილური სამართლებრივი ფონია, რაც სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ სასამართლო პროცესზე მოპასუხედ მხოლოდ მერია იყო გამოძახებული. ეს დარღვევა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველია, ვინაიდან დაზარალებულები პროცესში აუცილებლად უნდა ჩართულიყვნენ მესამე პირის სტატუსით. იმედს ვიტოვებთ, სასამართლო აბსოლუტურად ობიექტურად შეისწავლის არსებულ პრობლემას და საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას გამოიტანს,“ - აცხადებს ორგანიზაციის იურისტი ბაკურ ბოლქვაძე.    

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები