კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩაქვში მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებს დაუნგრევენ

24 ივლისი, 2007

chakvib.gifქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე 173 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი იგეგმება. უსახლ-კაროდ დარჩენის შემთხვევაში 1000-მდე ადამიანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებს.

საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არა აქვთ. ოჯახების დიდი ნაწილი მრავალშვილიანია და მაღალმთიანი აჭარიდან, ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წლების წინ არის ჩამოსახლებულნი.

„შუახევის რაიონიდან გონიოს მეურნეობაში სამუშაოდ 1985 წელს ჩამოვედი. დაბა ჩაქვში 1989 წელს დავსახლდი. სასოფლო საბჭოში კანონიერად ჩავეწერე, მეურნეობაშიც გავფორმდით მე და ჩემი მეუღლე სამუშაოდ. მიწა, სადაც ამჟამად ჩემი საცხოვრებელი სახლი დგას, ჩამოწერილი იყო. ჩაქვის მეურნეობას მივმართე და გადმომცეს. სახლის აშენებამდე ამ ადგილას დაბალი, გამოუსადეგარი სათავსო იდგა, რომელიც დაიწვა, რის შემდეგაც სახლი ავაშენეთ. ოფიციალური დოკუმენტაციის გასაფორმებლად გამგეობაში მაშინ ფული მომთხოვეს, არ მქონდა და ვერ გადავიხადე. სხვა თავშესაფარი არსად მაქვს. პირადობის მოწმობაშიც ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩა მიწერია,“ - აღნიშნავს არსენ დუმბაძე და იქვე დასძენს, რომ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის შესახებ ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია.

ბერიძეების ოჯახიც ჩაქვში მაღალმთიანი აჭარიდან, ხულოს რაიონიდან ჩამოსახლდა. საცხოვრებელი სახლი მათაც კაპიტალურად, პროექტით აქვთ აშენებული. „ჩვენი ოჯახი მრავალშვილიანია. ხულოს რაიონიდან ჩაქვში იმიტომ ჩამოვსახლდით, რომ სტიქია ხშირად გვაზარალებდა. ხულოდან ჩვენი ჩაქვში ჩამოსახლების თაობაზე ინფორმირებული იყო აჭარის მაშინდელი ხელისუფლება. გვაქვს მათ მიერ მიღებული დადგენილება ხულოს რაიონიდან გადმოსახლებისა და მიწის გამოყოფის შესახებ. ღია ცის ქვეშ ხომ ვერ ვიცხოვრებდით? სახლი ავაშენეთ, მაგრამ მის დაკანონებას ვერ ვახერხებთ. გასულ წლებში ფულს გვთხოვდნენ, რომლის გადახდის საშუალებაც არ გვქონდა. დღეს, კი საერთოდ სახლების დანგრევას აპირებენ. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ბევრს წასასვლელი არსად აქვს. სახლების დანგრევის შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ შიმშილობის აქცია დავიწყოთ,“ - აცხადებს მარინა ბერიძე და მას სხვებიც ეთანხმებიან.

ჩვენთან საუბარში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თენგიზ ჭყოიძე საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი განცხადებით, მიწები, სადაც აღნიშნული საცხოვრებელი სახლები დგას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და სახლების დემონტაჟი კანონიერია.

დასანგრევ სახლებში მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს წასასვლელი არსად აქვს. მოსახლეობა გამგეობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სახლების დემონტაჟის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის შენობის წინ, შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებს.

„უსახლ-კაროდ დარჩენა იმ ადამიანებსაც ემუქრებათ, რომლებიც ჩაქვში დასახლების დროს მოქმედი აჭარის ა/რ მთავრობის მიერ გაცემულ დადგენილებას ფლობენ მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლებისა და მიწის გამოყოფის შესახებ. განმცხადებელთა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ მათ მიწები კერძო პირებისგან შეისყიდეს, თუმცა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღის წესრიგში საცხოვრებელი სახლების მასობრივად დემონტაჟის საკითხი იმიტომ დადგა, რომ გამოთავისუფლებული მიწები საპრივატიზაციო ნუსხაში უნდა ჩასვან და გაყიდონ. მოსახლეობის დაზარალების და თავშესაფრის გარეშე დატოვების შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია~- აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ბათუმის ოფისში.

გელა მთივლიშვილი აჭარიდან

ახალი ამბები