კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მენავთობეები სახელმწიფოს ვალს სთხოვენ

26 ივლისი, 2007

xalxib.gif

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშა-მოსამსახურეები სახლმწიფოსაგან ათეული წლის წინ დარღვეული პირობის შესრულებას მოითხოვენ. 1988 წელს დაწყებული კოოპერაციული ბინათმშენებლობა, რომლის ასაშენებელი თანხები 54 ოჯახმა 1991 წლისათვის სრულად დაფარა, საძირკველზეა გაჩერებული. სახელმწიფო მათ ვალს „ქვეყნის შიდა ვალად“ აღიარებს, თუმცა, კომპენსაციის გადახდის მექანიზმები კი ჯერ არ გადაუწყვეტია. 

როგორც ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, კოოპერაციული ბინათმშენებლობა (#54) სახელწოდებით „მენავთობე“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 1988 წელს ჩამოაყალიბა. „ბინის  ღირებულების 25 პროცენტი წინასწარ უნდა გადაგვეხადა, დანარჩენი თანხა კი - 20 წლის განმავლობაში. მიუხედავად ასეთი პირობისა, 1991 წელს ყველა მომავალმა მობინადრემ შესატანი ვალი დავფარეთ. სახელმწიფოს მხრიდან მშენებლობა დასრულებას აღარ ექვემდებარება. ჩვენ კი იმის საშუალება არა გვაქვს, რომ საკუთარი ხარჯებით დავასრულოთ, თუმცა, არც ამის უფლება გვაძლევენ. როგორც ამბობენ, ქარხანა განსაკარგავად სახელმწიფოს გადაეცა, ჩვენ ფაქტიურად უმუშევრები ვრჩებით, მოვითხოვთ, სახელმწიფომ სასწრაფოდ გაისტუმროს ჩვენი ვალები და კომპენსაცია მოგვცეს.“

„მენავთობეს“ წევრებმა დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართეს. ქარხნის თანამშრომლები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. „თუკი სახელმწიფო ვალდებულებას არ შეასრულებს, მაშინ რა გამოდის? დაგვაყაჩაღეს? სახელმწიფოს არ უნდა ვენდოთ? ხელისუფლებას ვთხოვთ, იმ დონემდე ნუ მიგვიყვანს, რომ რადიკალურ ზომებს მივმართოთ,“ - განაცხადა ზურაბ ბესტაევმა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორის, გოჩა მჭედლიშვილის განცხადებით, ეს ბინათმშენებლობა ქარხანას არ უკავშირდება: „მართალია ეს ბინები ქარხნის მუშებისათვის შენდებოდა და ისინი ამ კოოპერაციაში გაერთიანებულები იყვნენ, მაგრამ იგი ქარხნის ბალანსზე არ ყოფილა. ამის შესახებ ოფიციალურად არავის უცნობებია. ამჟამად მიწა განსაკარგავად სახელმწიფოს გადაეცა. შეიძლება გაიყიდა კიდეც.“ 

„მენავთობის“ წევრებს კი თავიანთი არგუმენტის გასამყარებლად კოოპერაციის ბეჭედი და საქალაქო აღმასკომის დადგენილების ასლი მოაქვთ, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „მენავთობე“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე შეიქმნა.

„მენავთობესთან“ დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ სახელმწიფო შიდა ვალებზე პასუხისმგებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა. ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ საკითხი ჯერ მხოლოდ შესწავლის პროცესშია: „ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით შექმნილია სახელმწიფო საშინაო ვალის შემსწავლელი კომისია. ის შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. `სახელმწიფო ვალის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, საშინაო ვალი 10 კატეგორიას მოიცავს, მათ შორისაა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებებიც. მას შემდეგ, რაც ე.წ. „ისტორიული ვალის“ ოდენობა დადგინდება, ანაზღაურების მექანიზმებიც შემუშავდეება.“

„მენავთობის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელის, მაყვალა კილასონიას თქმით, ხელისუფლებას მევალეების მიმართ აგდებული დამოკიდებულება აქვს: „გასარკვევია, ვართ თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქეები. 1989 წელს ჩვენი ფული მთავრობამ დასავლეთ საქართველოში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს გადაურიცხა. მერე ყველაფერი გაჭიანურდა. იმის უფლებასაც კი არ გვაძლევენ, რომ მშენებარე ტერიტორია გავყიდოთ. მერიაში გვითხრეს, რომ საბინაო ამხანაგობად არ დაგვარეგისტრირებენ. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, გელა მახარაძის თქმით, ჩვენი ვალი ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს.“

„მენავთობის“ ერთ-ერთი წევრის, ჰაიდარ ცენტერაძის თქმით, სახელმწიფოს უბრალო ხალხი არ აინტერესებს: „ვალი იქით რომ ჰქონდეს ასაღები, 24 საათში დაგვაქცევდა და ყველაფერს წაგვართმევდა. მოსაცემი კი არავის აინტერესებს. 1988 წელს ხუთი ათას მანეთზე მეტი შევიტანე, მაშინ ეს დიდი ფული იყო. ახლა პენსიონერი კაცი უბინაოდ, ნაქირავებ ფაცხაში ვარ შესახლებული.“

„მენავთობეს“ მოწილეები მზად არიან, რომ მშენებარე ტერიტორია გაიყიდოს და ამით შენატანი ნაწილობრივ მაინც აინაზღაურონ. თუმცა, ამის უფლებას მათ მერია არ აძლევს: „იძულებულები ვართ, სასამართლოს მივმართოთ, მაგრამ სასამართლოს სტრასბურგამდე თუ არ მიყევი, აზრი არა აქვს.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ბაკურ ბოლქვაძის განცხადებით, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას: „ამ ადამიანებს კოოპერაციული ბინათმშენებლობისათვის თანხები სრულად 16 წლის წინ აქვთ დაფარული, მაგრამ სანაცვლოდ შეთანხმებული ფართის ბინები დღემდე არ მიუღიათ, რაც ბუნებრივია, აღნიშნული მოქალაქეების უფლებების დარღვევაა. მართალია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ ხალხის გადახდილ თანხას შიდა ვალად აღიარებს, მაგრამ მისი დაფარვის პერსპექტივა და სამართლებრივი საფუძველი მოუგვარებელია. საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ასეთი კატეგორიის ხალხის წინაშე ვალის გადახდის მექანიზმი დარეგულირდება, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, რაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა სამართლიანი მოთხოვნები ამ ეტაპზე ღიად არის დატოვებული.“      

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები