კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლისციხეში ტურისტები სიბნელეში ,,იკარგებიან’’

2 აგვისტო, 2007

ufliscixeb.jpg

უფლისციხეში  ტურისტების ბუმია. სიცხის გამო მათ უმრავლესობას ძეგლის მონახულება საღამოს საათებში ურჩევნია, მაგრამ  ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ჩაბნელებულია. სად წავიდა ჯერ კიდევ  შემოდგომაზე თბილისიდან გორში ჩატანილი 80 ლამპიონი, არავინ იცის. კითხვები ზაფხულის დადგომის და ტურისტების მომრავლებული ვიზიტების შემდეგ გაჩნდა, როდესაც  ტურისტებს ძეგლის დათვალიერების პრობლემა შეექმნათ.

უფლისციხის მუზეუმში აცხადებენ, რომ  მათ დაყენებას ხელისუფლება დიდი ხანია აპირებს. როგორც უფლისციხის მუზეუმის დირექტორი ზურაბ სადაღაშვილი აცხადებს, ჯერ კიდევ შარშან მხარის გუბერნატორმა მისი თანდასწრებით ,,ვიღაცას" დაურეკა, რათა მუზეუმში თბილისიდან უკვე ჩამოტანილი დაახლოებით 80 ლამპიონი  დროულად დამონტაჟებულიყო. ,,ვის დაურეკა და შემდეგ სად გაქრა ეს ლამპიონები, ჩემთვის ცნობილი არ არის.  ჩვენთვის არავის დაუვალებია, რომ ამ საკითხისთვის მიგვეხედა", - ამბობს მუზეუმის დირექტორი.

სოფლის საკრებულოს ყოფილი გამგებელი დავით ალექსიძე აცხადებს,  რომ მას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა  კობა სუბელიანმა უფლისციხისთვის 80-მდე ძვირადღირებული ლამპიონი გაატანა. გამგებელმა ლამპიონები ჯერ სოფელში ჩაიტანა, მაგრამ გორის გამგეობიდან მალევე მიიღო ახალი დავალება, რომ ისინი კვლავ გორში დაებრუნებინა, რადგან მათი  გურამიშვილის ქუჩაზე დამონტაჟება იყო დაგეგმილი. გამგებელს ისიც უთხრეს, რომ უფლისციხისთვის გარეგანათებას მოვიანებით ჩაიტანდნენ დედაქალაქიდან.

კითხვები აღარ გაჩნდებოდა, რომ არა გორის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის, მალხაზ ლალობაშვილის კომენტარი, რომლებიც არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უფლისციხისთვის გამოყოფილი ლამპიონები გორში დაამონტაჟეს:

,,როგორც მე მახსოვს, გორში გურამიშვილის ქუჩაზე ახალი ლამპიონები არ დაყენებულა, იქ უბრალოდ ძველი ლამპიონები მოიყვანეს წესრიგში", - ამბობს  ის.

არც ერთ აღნიშნულ სტრუქტურაში არანაირი დოკუმენტი,რომელიც კითხვებზე პასუხს გასცემდა,  მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი,  არ არსებობს. როდესაც გაზაფხულზე გორის ციხის გარეგანათება გაიძარცვა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მარლენ ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ თითო ლამპიონის ფასი 70 ევრო იყო. ამჯერად კი ამ ფასის 80 ლამპიონის ბედია გაურკვეველი.

თბილისის მერიის გარეგანათების სამსახურის წარმომადგენელი ნუგზარ კალაძე ამბობს, რომ ნათურები გორში მართლაც გაიგზავნა, ოღონდ ზამთარში, მაგრამ სად დამონტაჟდა ისინი ან თუ დამონტაჟდა საერთოდ, ამის შესახებ მას ინფორმაცია არა აქვს.

სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ტურისტები, რომლებიც უფლისციხის მონახულებაში 10 ლარს იხდიან, იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე შლიან კარვებს და რჩებიან. წინა კვირას ამ ადგილებში ფოცხვერმა უფლისციხის მკვიდრი ადუაშვილების ოჯახის ვირი დაგლიჯა. ასე რომ, სიბნელე უფლისციხეში დისკომფორტს მხოლოდ ისტორიული ძეგლის დათვალიერების თვალსაზრისით კი არ ქმნის, არამედ მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.


საბა წიწიკაშვილი, გორი

 

ახალი ამბები