კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გონიოელებს მშენებლობის უფლებას უზღუდავენ

3 აგვისტო, 2007

მიზეზი კი მათთვის დღემდე უცნობია

qoqoladzeebis_saxlib.jpg

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოს ზღვისპირა ზოლში მცხოვრებმა შაქრო და მერი ქოქოლაძეებმა სასტუმრო სახლის აშენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ამჟამად ეზოში ორსართულიანი, კეთილმოწყობილი შენობა უდგათ, რომელსაც სახურავი ჯერ არა აქვს. “ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სახლს რამდენიმე სართული დავაშენოთ. შესაბამისი პროექტიც მოვამზადეთ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით გამგეობამ მშენებლობა სექტემბრამდე შეგვაჩერებინა. ამიტომაც იძულებულები ვართ, სექტემბერს დაველოდოთ’’, - აცხადებს მერი ქოქოლაძე.

საკურორტო ზოლში მცხოვრებ გონიოს მოსახლეობას მშენებლობის უფლებას ხელვაჩაურის გამგეობა გაურკვეველი მოტივით არ აძლევს. ამის გამო ტურისტულ სეზონს მოსახლეობის ნაწილი მოუმზადებლად შეხვდა. ხელვაჩაურის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს.

“ჩვენი მიწა სადავო არ არის. ამის შესახებ პრეტენზიას არავინ გამოთქვამს. გვითხრეს, ნებართვების გაცემა დროებით არის შეჩერებულიო. მაგრამ კონკრეტული მიზეზი ვერ დაგვისახელეს. გასული წლის ოქტომბერში შეტანილ განცხადებაზე კი პასუხი მივიღეთ, რომ პროექტი ძალიან კარგია, მაგრამ მშენებლობების დროებით შეჩერების გამო ვერ განვიხილავთო”, - აცხადებს ქოქალაძე.
 
მათ მსგავსად საკურორტო ზოლში მშენებლობის ნებართვაზე უარი სხვა ოჯახებსაც გამოუცხადეს. მათ შორის არის მალხაზ გოგიტიძეც: “მეზობლებთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს, მაგრამ ექვსი წელია მშენებლობის ნებართვას ვითხოვ და უარს მეუბნებიან. არადა, ჩემს მერე ხალხმა ნებართვაც აიღო და სახლებიც აიშენა”.

გოგიტიძე სახლის აშენების უფლებას 2001 წლიდან ითხოვს. რადგან საქმე კანონიერი გზებით ვერ მოაგვარა, სახლის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო: “გამგეობამ ამაზე პასუხისგებაში მიმცა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლა და ადგილობრივი ხელისუფლება დაავალდებულა, რომ ჩემი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მერე მივედი და ვთხოვე, რომ მეორე სართულს დავაშენებ და დამიმტკიცეთ-მეთქი. ჩემი მოთხოვნა დღესაც პასუხგაუცემელი უდევთ’’.

გონიოელებს ვერ გაურკვევიათ, მშენებლობის ნებართვა ზემდგომი ორგანოების მიერ არის შეჩერებული, თუ ადგილობრივი მთავრობა ქმნის პრობლემებს. მერი ქოქოლაძის თქმით, ეს შეიძლება ადგილის პრესტიჟულობის და ,,ვიღაცის’’ ინტერესების გამო ხდება. ,,ზღვიდან 50 მეტრით ვართ დაშორებული. დასვენების უამრავი მსურველი მოდის, მაგრამ სივიწროვის გამო ვერ ვღებულობთ. თანაც ნახევრად მშენებარე ობიექტში, ბუნებრივია, ტურისტს დისკომფორტი ექმნება. ათი თვის განმავლობაში ჯერ ჩემი მეუღლე, მერე მე დავდიოდი ხელვაჩაურის გამგეობაში ამ პრობლემის მოგვარების მიზნით,  მაგრამ უშედეგოდ. ამის შესახებ ლაპარაკი მქონდა როგორც გამგებელ ბადრი შავლიძესთან, ისე მთავარ არქიტექტორ ნუგზარ ძნელაძესთან. არანაირი დოკუმენტი ჩვენთვის არ უჩვენებიათ’’, - აცხადებს მერი ქოქალაძე.

გონიოს მოსახლეობა არც იმას გამორიცხავს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, მათ ხელისუფლება მიადგეს და  აღნიშნული ტერიტორიიდან გაასახლოს. გონიოელების აზრით, შესაბამისი სტრუქტურა ბოლო დროს  ამიტომაც იკავებს თავს ნებართვების გაცემისაგან. ხალხის აზრით,  საკუთრების წართმევა დღეს ხელისუფლებისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ხელვაჩაურის რაიონის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის  სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტის დამტკიცება ან მშენებლობის შესახებ ნებართვების გაცემა ხელვაჩაურის რაიონში შეჩერებული არ არის. “ზღვისპირა ზოლში განსახორციელებელი პროექტები მსურველებმა ესკიზებთან ერთად უნდა წარმოადგინონ. ესკიზის გაკეთება ჩვენი დამატებითი მოთხოვნაა”, - აცხადებს ხელვაჩაურის რაიონის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ზეინაბ კაკაბაძე. ამავე სამსახურის ხელმძღვანელი, ნუგზარ ძნელაძე შვებულებაშია და მისი ტელეფონიც მიუწვდომელია. ხოლო ხელვაჩაურის გამგებელი, ბადრი შავლიძე კომენტარს იმ მოტივით არ აკეთებს, რომ მშენებლობის ნებართვების საკითხი მის უშუალო კომპეტენციაში არ შედის.


ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები